Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

26 ოქტომბერს, გათენებისას, რუსეთის ტელეკომპანია


26 ოქტომბერს, გათენებისას, რუსეთის ტელეკომპანია

“ენტევეს” პირდაპირ ეთერში სანქტ-პეტერბურგელი მსახიობი ოლეგ ბასილაშვილი ჟურნალისტ სავიკ შუსტერს არწმუნებდა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას ჩეჩნეთის კონფლიქტის ძალისმიერ გადაწყვეტაზე და ამბოხებულებთან მოლაპარაკება დაიწყოს. რამდენიმე საათში მოსკოვის თეატრალურ ცენტრში გაზი გაუშვეს. მას შემდეგ რუსული კულტურის წარმომადგენლები ან იწონებენ პუტინის გადაწყვეტილებას, ან არ (თუ ვერ) გამოხატავენ თავიანთ პროტესტს. საჯარო გამოსვლებს ერიდებიან ის რუსი კინემატოგრაფისტებიც, რომლებმაც უკვე მოასწრეს ჩეჩნეთის თემაზე ფილმების გადაღება. ყოველკვირეულ პროგრამაში “ოქროს საუკუნე” გიამბობთ იმის შესახებ, თუ როგორ გამოეხმაურნენ რუსი კინორეჟისორები საომარი მოქმედებების დაწყებას ჩეჩნეთში და როგორია მათი პოზიცია დღეს.

50-იანი წლების მიწურულს, სწორედ მაშინ, როცა ალჟირში საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა, ფრანგი კინემატოგრაფისტების უმრავლესობამ - ჯერ სიტყვით, მერე კი ფილმებით - ხელისუფლებისგან მოითხოვა დაუყოვნებლივ გამოეყვანა ჯარები ამბოხებული ალჟირიდან... მოგვიანებით დაიწყო ომი ვიეტნამში და ახლა ამერიკელი კინემატოგრაფისტები მოგვევლინენ პაციფისტების როლში.

“ხელოვანს არ უნდა აინტერესებდეს სამართლიანია თუ არაა სამართლიანი ომი, – წერდა ფრანგი კინორეჟისორი ალენ რენე. – ხელოვანი ყოველთვის მშვიდობას უნდა მოითხოვდეს, მაშინაც კი, როცა მის განცხადებებს საზოგადოება შეიძლება არ ეთანხმებოდეს.”


“როცა ზარბაზნები ქუხს, რუსული მუზა” დუმილს ანიჭებს უპირატესობას, - ირონიით შენიშნა ერთმა მოსკოველმა კრიტიკოსმა შარშან გერმანიის ქალაქ ვისბადენში გამართულ სიმპოზიუმზე “კავკასია და კინემატოგრაფი”. ვისბადენში პირველად უჩვენეს რეჟისორ ოლეგ ფრეილიხის მიერ 1929 წელს გადაღებული ფილმი “ზელიმხანი”... როგორც აღმოჩნდა, ერთადერთი რუსული ფილმი, რომელშიც ჩეჩნების მიმართ ავტორის სიმპათია დაუფარავადაა გამოხატული. მაგრამ 30-იან წლებში ფრეილიხის სურათი თაროზე შემოდეს და აღარასოდეს უჩვენებიათ... არ უჩვენებიათ არც “პერესტროიკის”ეპოქაში, როცა ღიად დაიწყო საუბარი ჩეჩენთა დეპორტაციაზე მეორე მსოფლიო ომის წლებში. 1991 წელს მოსკოველმა რეჟისორმა ჰასან ერკენოვმა, რომელიც ეროვნებით ჩერქეზია, გადაიღო პირველი საბჭოთა ფილმი ჩრდილოკავკასიელი ხალხის დეპორტაციაზე. სურათის გადაღების შემდეგ კი აღნიშნა:
“მე მზადა მაქვს სცენარი, რომელიც გვიამბობს ქართველებზე, რომლებმაც 1944 წელს დეპორტირებული ჩეჩნების სახლები დაიკავეს, მაგრამ კინოსტუდიაში ამ ფილმის გადასაღებად ფულს არ მაძლევენ.”

ჩეჩნეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე, როცა ჩეჩნეთის ომის თემა სატელევიზიო ჰიტად იქცა, დეპორტაციის ისტორია რუსმა კინემატოგრაფისტებმა მალე დაივიწყეს.
რუსები ამბობდნენ: საზოგადოებას არა აქვს მოთხოვნილება ჩეჩნეთის თემაზე გადაღებულ ფილმებზე, სახელმწიფო კი არასდროს გაიღებს თანხას ასეთი ფილმების გადასაღებადო. ისინი თავს იმართლებდნენ, რომ აუცილებელია გავიდეს დრო, რათა დისტანციიდან გაიაზრონ ჩეჩნეთის ომი. იმოწმებდნენ ლევ ტოლსტოის, რომელსაც “ჰაჯი მურატი” კავკასიიდან დაბრუნებისთანავე არ დაუწერია.. სხვათა შორის, სწორედ “ჰაჯი მურატის” თავისუფალ ინტერპრეტაციად შეიძლება მივიჩნიოთ სერგეი ბოდროვი-უფროსის ფილმი “კავკასიელი ტყვე”, რომლის გადაღება ჩეჩნეთის პირველი ომის დროს დაიწყო და რომელშიც ავტორმა დაუფარავად გამოხატა თავისი პაციფისტური პოზიცია. მაგრამ მოგვიანებით რუსმა კინემატოგრაფისტებმა თანდათან შეიცვალეს ჩეჩნეთის ომის მიმართ დამოკიდებულება. 1997 წელს, ე.ი. ხასავიურტის შეთანხმების შემდეგ, ჩეჩნეთის ომის თემაზე რუსეთის ეკრანებზე ერთდროულად ორი ფილმი გამოდის: სერგეი გოვორუხინის “დაწყევლილები და დავიწყებულები” და ალექსანდრ ნევზოროვის “განსაწმენდელი”. თავისი ფილმის პრემიერაზე გოვორუხინმა განაცხადა:
“მე მთელი გულით და სულით ჩვენს ჯარისკაცებთან ვარ... რადგან არ მინდა, რომ დამამცირონ... დამარცხება კი დამამცირებელია. გვეყოფა ამდენი დამცირება.”

“განსაწმენდელში” უკვე იგრძნობა ერთგვარი ტკბობა სიმხეცით, რომელსაც ფილმში, რა თქმა უნდა, ჩეჩნები სჩადიან და არა მარტო ჩეჩნები –სურათში ჩეჩნების მიერ დაქირავებული ლიტველი სნაიპერებიც ჩნდებიან. 1999 წელს სტანისლავ გოვორუხინი, ავტორი სახელგანთქმული დოკუმენტური ფილმისა “რუსეთი, რომელიც დავკარგეთ”, რუსი პარლამენტარი, საზაფხულო საპარლამენტო არდადეგების დროს იღებს ფილმს “ვოროშილოველი მსროლელი”, რომელსაც ჩეჩნეთის ომთან, ერთი შეხედვით, არა აქვს კავშირი. – პარლამენტარმა, ადამიანმა, რომელიც კანონებს ქმნის, ხელოვანმა, ბოლოს და ბოლოს, გადაიღო ფილმი პენსიონერზე, ომის ვეტერანზე (მის როლს რუსული კინოს ასევე ვეტერანი მიხეილ ულიანოვი ასრულებს). მოხუცი ფილმში კლავს ახალგაზრდა კაცს, რომელმაც მისი შვილიშვილი გააუპატიურა. ფილმის პრემიერის დროს, სწორედ მაშინ, როცა მოხუცი შურისძიების რიტუალს ასრულებს, მოსკოველი მაყურებელი ოვაციებს უმართავდა ულიანოვის გმირს. თავად გოვორუხინი ამბობდა, რომ იგავი გადაიღო, რომელსაც რუსი ხალხისთვის ღირსების გრძნობა უნდა გაეღვიძებინა. კრიტიკამ მაშინვე გაავლო პარალელი ჩეჩნეთის ომსა და ფილმში ასახულ კერძო ისტორიას შორის. ცხადი გახდა, რომ “ვოროშილოველი მსროლელი” ხელისუფლების მიერ ზომბირებული უმრავლესობის პოზიციას გამოხატავდა.

ამასობაში რუსეთის ხელისუფლების სათავეში პუტინი მოვიდა. ისევ დაიწყო ომი ჩეჩნეთში და კინემატოგრაფისტები ისევ ხელისუფლების პოზიციის გამომხატველნი გახდნენ. ალექსეი ბალაბანოვმა, რომლის პროფაშისტური ფილმი “ძმა-2” ერთხანს რუსეთის კინოგაქირავების ლიდერად ითვლებოდა, დაასრულა ახალი სურათის, “ომის,” გადაღება. აქ ფილმის გმირები -სერჟანტი ვანია და ორი ინგლისელი მსახიობი - ჩეჩენი მებრძოლის, ფილმში “ბოევიკად” მოხსენიებული სისხლისმსმელი ასლანის, ტყვეები ხდებიან. ასლანი ამბობს: ”ყველა რუსი ცხვარია, რომელიც აუცილებლად უნდა დაკლა.” ინგლისელებს ორ მილიონ ფუნტად ათავისუფლებენ. აქამდე ისინი რუსებს ჰპირდებოდნენ, რომ დაეხმარებოდნენ, მაგრამ განთავისუფლების შემდეგ დაივიწყეს. სერჟანტ ვანიას ტყვეობიდან ისევ და ისევ რუსი კაპიტანი, მედვედევი, დაიხსნის. ამ ფილმთან ერთად, რუსეთის ეკრანებზე გამოვიდა სერგეი როჟენცევის დოკუმენტური ფილმი “მშვიდობისმყოფელები” – მღვდელზე, რომელიც ჩეჩნეთის ერთ მართლმადიდებლურ ტაძარში ქადაგებდა და რომელიც ჩეჩენმა მეომრებმა 1995 წელს წამებით მოკლეს. სხვანაირი ფილმებიც იყო. მაგალითად,
სერგეი სოლოვიოვის “ნაზი ასაკი”, რომელშიც თითქოს იგრძნობა ავტორის პაციფისტური პოზიცია, მაგრამ, ასე ვთქვათ, “ფრჩხილებში”. ომიდან დაბრუნებული გმირი, რომელსაც ჩეჩნეთში ნანახი სურათები ხელისუფლების მიმართ პროტესტს გაუღვიძებს, ხვდება მოსკოვის ციხეში, სადაც მის აღზრდას კავკასიელი კანონიერი ქურდი იწყებს..

ჩეჩნეთის ომი რუს კინემატოგრაფისტებს საშუალებას აძლევს დაამტკიცონ, რომ მათაც შეიძლება ჰყავდეთ თავიანთი რემბო. ყოველ შემთხვევაში, სწორედ ასეთი რუსი მეომრის სახეს ამკვიდრებს ალექსანდრ როგოჟკინი ფილმში “ბლოკპოსტი”, სურათის პრემიერაზე კი აღნიშნავს:
“მე მესმის, რომ ჩეჩნები, უბრალოდ, აჰყვნენ რუსეთის პროვოკაციას... მაგრამ სხვა რა უნდა გვექნა? როცა სამუშაო არა გაქვს, როცა პენსიას არ გაძლევენ, სხვა რა დაგრჩენია, იმის გარდა, რომ ავტომატი დაიჭირო ხელში და ეომო იმას, ვინც ხელყოფს შენს ღირსებას?”

2001 წლის გაზაფხულზე მარსელში რუსული თეატრისა და კინოს დღეები ჩატარდა. ფრანგმა ჟურნალისტებმა ჩეჩნეთში მიმდინარე მოვლენების მიმართ პროტესტი უჩვეულოდ გამოხატეს – ისინი გამოცხადდნენ პრესკონფერენციაზე, მაგრამ დემონსტრაციულად უარი თქვეს კითხვების დასმაზე. ჩამოვარდა უხერხული სიჩუმე. მაგრამ რუსეთის დელეგაცია არ დაიბნა. მიკროფონთან მივიდა მსახიობი სპარტაკ მიშულინი და იხუმრა:

“მარსელი ძალიან მომეწონა – თქვენი ქალაქი მოსკოვივით ბინძურია და, მოსკოვისა არ იყოს, თქვენთანაც სულ დემონსტრაციები ეწყობა”. ამ ფაქტის - უფრო სწორად, სპარტაკ მიშულინის ენამოსწრებულობის - შესახებ აღფრთოვანებით წერდა რუსული პრესა.

რუსებმა ბევრი იქილიკეს ანდრეი მიხალკოვ-კონჩალოვსკის ფილმზე “სულელების სახლი”. ვენეციაში მოწყობილი პრემიერის შემდეგ რუსმა კრიტიკოსებმა კონჩალოვსკის “პოლიტკორექტული კონფორმისტი”უწოდეს. მოსკოვში არ მოეწონათ არც კონჩალოვსკის ფილმი, რომლის გმირები სულით ავადმყოფები არიან და არც ანდრეი კონჩალოვსკის პოზიცია, რომელიც რეჟისორმა ვენეციის კინოფესტივალზე გამოხატა:
“ომი, თავისთავად, ნიშნავს ნორმიდან გადახრას. ვერ გეტყვით, ვინ უფრო ნორმალურია – საგიჟეთში გამომწყვდეული ადამიანები თუ ისინი, ვინც ომი გააჩაღა და ისევ ომობს.”

რუსული პრესისთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა ვენეციის კინოფესტივალის შედეგები: “სულელების სახლი” ამ კინოფორუმის ერთ-ერთი მთავარი პრიზით დააჯილდოეს. ამის შემდეგ მოსკოვი ანდრეი კონჩალოვსკის ფილმს ამერიკული “ოსკარის” ნომინანტად ასახელებს. რუსებმა, როგორც ჩანს, გააცნობიერეს, როგორია დასავლელ კინემატოგრაფისტთა დამოკიდებულება ყველანაირი ომის მიმართ. მაგრამ მათ ისიც კარგად იციან, თუ როგორი კინოა დღეს ხელსაყრელი კრემლისთვის. ჩეჩნეთის ომი რუსულ კინოში კვლავ მოდაშია. ზარბაზნები ისევ ქუხს და აღარც რუსული კინომუზა აპირებს დუმილს.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG