Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პოლიტიკური სტაბილურობა კალინინგრადისა და ჩეჩნეთის საკითხის გადაწყვეტაზე იქნება დამოკიდებული


მიმდინარე კვირას რუსეთის საზოგადოება, ძირითადად, კონცენტრირებული იქნება ევროკავშირისა და რუსეთის სამიტზე, რომელიც, კოპენჰაგენის ნაცვლად, ბრიუსელში ტარდება.

რუსეთის წამყვანი საინფორმაციო საშუალებების ცნობით, რუსეთის პოლიტიკური სტაბილურობა ბევრად იქნება დამოკიდებული იმ საკითხების გადაწყვეტაზე, რომელთა განხილვაც ბრიუსელის სამიტზე იგეგმება. ეს საკითხებია კალინინგრადის ოლქის სტატუსი და რუსეთ-ჩეჩნეთის ომის მეორე კამპანია, რომელიც სახიფათო მიჯნას დიდი ხანია გადასცდა. გაგაცნობთ ამის თაობაზე რუსულ პრესაში გამოქვეყნებულ რამდენიმე საყურადღებო პუბლიკაციას.

11 ნოემბრის "ნეზავისიმაია გაზეტას" ცნობით, რუსეთ-ევროკავშირის სამიტზე, რომელიც ორშბათს დაიწყო, მხარეები კალინინგრადის ოლქთან დაკავშირებით კომპრომისულ შეთანხმებას მოაწერენ ხელს. გაზეთის ცნობით, ევროკავშირის 15 ქვეყანა მზად არის, მომავალი წლის 1 ივლისიდან შემოიღოს "გამარტივებული სატრანზიტო დოკუმენტები", რომლებიც ლიტვის გავლით კალინინგრადსა და დანარჩენ რუსეთს შორის მიმოსვლას დაარეგულირებს. საგარეო ურთიერთობების საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ სერგეი პრიხოდკომ რუს ჟურნალისტებთან საუბარში სერიოზული პოზიტიური ცვლილებები უწოდა იმას, რომ ევროკავშირში მოხდა რუსეთის ინტერესების გათვალისწინება. თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსეთისთვის სამიტზე კალინინგრადის საკითხის გადაწყვეტა უფრო იოლი იქნება, ვიდრე ჩეჩნეთის პრობლემისა, რადგან, "ნეზავისიმაია გაზეტას" ინკოგნიტო დიპლომატის სიტყვებით, ევროკავშირი არ დასთანხმდება რუსეთის მოთხოვნას, განიხილოს ჩეჩნეთის პრობლემა საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის კონტექსტში.

წყაროს ცნობით, ევროკავშირი ოფიციალური რეკომენდაციის მიცემას არც იმასთან დაკავშირებით აპირებს, თუ კონკრეტულად ვისთან უნდა აწარმოოს რუსეთის ხელისუფლებამ მოლაპარაკება, ჩეჩნეთის პრობლემის მოწესრიგების თვალსაზრისით. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კულუარებში არ დასახელდება ესა თუ ის გვარი, მაგალითად, ასლან მასხადოვისა.
თუმცა გაზეთ "იზვესტიას" ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ბრიუსელში ჩავიდა მყარი გადაწყვეტილებით, რომ არ აწარმოოს არანაირი მოლაპარაკება ასლან მასხადოვთან. 11 ნოემბრის "იზვესტია" წერს:


"ხასავიურტი აღარ განმეორდება." "სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ ეს ადამიანები, ისინი ტერორისტების ხელშემწყობებად იქნებიან განხილულნი." მასხადოვმა "ჩეჩნეთი და რუსეთი ომამდე მიიყვანა", - ასეთი სიტყვები წარმოთქვა ვლადიმირ პუტინმა კვირას კრემლში გამართულ მრგვალ მაგიდასთან, რომელსაც ჩეჩნური წარმომავლობის პოლიტიკოსები, სასულიერო პირები და ბიზნესმენები ესწრებოდნენ. როგორც გამოცხადებული იყო, შეხვედრის მთავარ საკითხს ჩეჩნეთის შემდგომი კონსტიტუციური მოწყობა წარმოადგენდა. "იზვესტიას" ცნობით, მრგვალი მაგიდის შეხვედრაში მონაწილეთა უმრავლესობა არ ცხოვრობს ჩეჩნეთის ტერიტორიაზე და რეალურად ვერ აკონტროლებს სიტუაციას. თუმცა მათ მიიღეს მიმართვა, რომელშიც ნათქვამია, რომ "ჩეჩენი ხალხის მიერ საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლას წერტილს დაუსვამს რეფერენდუმი, რომელიც ჩეჩნეთის კონსტიტუციის თაობაზე უნდა გაიმართოს." ამასთან, რამდენიმე ცნობილი რუსი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე მიიჩნევს, რომ მასხადოვისა და მისი მომხრეების გარიყვა მოლაპარაკების პროცესიდან კიდევ უფრო გაართულებს ვითარებას ჩეჩნეთში. საინტერნეტო გაზეთ "გრანი რუს" ცნობით, მათ ხელი მოაწერეს ცნობილი ბრიტანელი მსახიობის ვანესა რედგრეივის მოწოდებას, რომელიც დანიაში დაპატიმრებული ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერის ახმედ ზაკაევის გათავისუფლებაზეა საუბარი. "გრანი რუ"წერს:

ახმედ ზაკაევის გათავისუფლების მოწოდებას, რომელსაც ლორდ ნიკოლას ბეტელი, რეჟისორი ლანს ფონ ტრიერი, რუსი პოლიტიკოსები სერგეი კოვალიოვი, ელენე ბონერი და ბორის ბერეზოვსკი აწერენ ხელს, 9 ნოემბერს თავისი ხელმოწერა რუსეთის მემარჯვენე ძალთა კავშირის ერთ-ერთმა ლიდერმა ბორის ნემცოვმაც შეუერთა. თავის წერილში ნემცოვი განმარტავს, რომ არა მხოლოდ ახმედ ზაკაევის გათავისუფლების იდეას ემხრობა, არამედ დარწმუნებულია, რომ ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერი არ არის დაკავშირებული მოსკოვის ტერაქტთან და ამიტომ ჩეჩნეთის მოლაპარაკების პროცესში, სხვა პირებთან ერთად, ასევე უნდა იყოს განხილული ახმედ ზაკაევის კანდიდატურაც.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG