Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"იურეიჟა ვიუ" საქართველოს შესახებ


"საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წელი დარჩა, მაგრამ საარჩევნო კამპანიის პირველი ნიშნები უკვე სახეზეა". ასეთ დასკვნამდე მიდის საინტერნეტო გამოცემა "იურეიჟა ვიუ",

რომელმაც ოთხშბათს გამოაქვეყნა მასალა ახალი მემარჯვენეების ლიდერის, დავით გამყრელიძის ვიზიტის შესახებ შეერთებულ შტატებში.

სტატიის ავტორთა ყურადღების ცენტრშია დავით გამყრელიძის გამოსვლა ნიუ იორკაში, ე.წ. ღია ფორუმზე, რომელიც ღია საზოგადოების ინსტიტუტის სპონსორობით გაიმართა გასულ კვირაში. მათი აზრით, გამყრელიძე ამ შეხვედრაზე ისე გამოიყურებოდა, როგორც კანდიდატი საარჩევნო კამპანიისას. მისი თქმით, საქართველოს ახალი ხელმძღვანელობა სჭირდება სტაგნაციისა და ძალადობის მოჯადოებული წრისთვის თავის დასაღწევად.

"იურეიჟა ვიუს" თანახმად, თავის გამოსვლაში გამყრელიძემ ბრალი დასდო მოქალაქეთა კავშირს იმაში, რომ იგი მთავრობის კრიმინალიზაციის პროცესს უმოქმედოდ ადევნებს თვალყურს.

ახალ მემარჯვენეთა ლიდერის თქმით, ოპოზიციური პარტიები აპირებენ მოამზადონ ოფიციალური წერილი, რომელშიც ისინი ყველა პრობლემას წარმოადგენენ, და მომავალი წლის დამდეგს დაუგზავნიან თბილისში მოქმედ უცხოეთის საელჩოებს. ამით შევადნაძეს უკანაკნელი შანსი მიეცემა ნოემბრის არჩევნებამდე პასუხის გასაცემადო, დასძინა ქართველმა პოლიტიკოსმა.

"ჩვენ გვინდა შევქმნათ ნორმალური პრეცედენტი, რევოლუციის გარეშე, ისე, რომ არაფერი არაჩვეულებრივი არ მოხდესო", აღნიშნა გამყრელიძემ მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. მისი თქმით, შეერთებული შტატები უნდა დაემუქროს შევადნაძეს, რომ გაწყვეტს მასთან კავშირს, თუკი იგი დაუშვებს კენჭისყრის გაყალბებას ნოემბრის არჩევნებში.

გამოსვლაში გამყრელიძე შეეცადა ახალი მემარჯვენეები გამოეცალკევებინა სხვა ოპოზიციური პარტიებისგან თქვა რა, რომ იგი უფრო მეტად ცდილობს ხელი შეუწყოს საბაზრო ეკონომიკისა და კერძო საწარმოების განვითარებას. ახალი მემარჯვენეების ლიდერმა გამოთქვა სურვილი, ითანამშრომლოს სხვა პრატიებთან და მათ ლიდერებთან – მათ შორის ზურაბ ჟვანიასთან და მიხეილ სააკაშვილთან – რათა ხელი შეუწყოს "დემოკრატიას, თავისუფლებასა და ეროვნულ უსაფრთხოებას". მაგრამ მან ამავე დროს თავი შეიკავა პოტენციური პოლიტიკური კოალიციების შესახებ საუბრისგან.

შემდეგ "იურეიჟა ვიუ" საუბრობს ედუარდ შევარდნაძის სურვილზე საქართველო დააახლოვოს დასავლეთის სტრუქტურებთან.

მაგრამ, განაგრძობენ სტატიის ავტორები, დავით გამყრელიძე ბრალს სდებს შევადნაძეს, რომ მან არ გამოიყენა სტაბილურობის, დემოკრატიისა და ეკონომიკური ზრდის უნიკალური შანსების უდიდესი ნაწილი.

გამყრელიძემ შევარდნაძეს ბრალი დასდო, რომ იგი ძირითადად საკუთარ თავზე ზრუნვითაა დაკავებული. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი რადიკალურ პოლიტიკურ ცვლილებებს ატარებს მაშინ, როცა მიაჩნია, რომ ასეთი ნაბიჯები ძალაუფლების სათავეში მის დარჩენას შეუწყობს ხელს.

"იურეიჟა ვიუს" მაგალითად მოაქვს პანკისში განხორციელებული ანტიტერორისტული და ანტიკრიმინალური კამპანია, რითიც, გამყრელიძის თქმით, შევარდნაძე შეეცადა შეესუსტებინა მასზე მოსკოვის მხრიდან ზეწოლა, რათა გაადვილებოდა შინაური ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლა.
XS
SM
MD
LG