Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რით იზიდავთ ქართველ და ესტონელ სამხედროებს ერთმანეთი?


14 დეკემბერს საქართველოს ერთი კვირით ესტუმრება ესტონეთის თავდაცვის სახელმწიფო მდივანი ინდრეკ კარნიკი. პრაღის სამიტზე ნატოში ოფიციალური მიწვევის შემდეგ,

ეს ესტონეთის სამხედრო უწყების ხელმძღვანელის პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ. საქართველოში ყოფნის დროს ინდრეკ კარნიკი კომპიუტერულ ტექნიკას გადასცემს თავდაცვის ეროვნული აკადემიის მსმენელებს, თავის ქართველ კოლეგას და სხვა ოფიციალურ პირებს კი გაუზიარებს სახელმწიფო მშენებლობაში დაგროვილ იმ გამოცდილებას, რომელმაც პოსტსაბჭოთა ესტონეთი ევროპული დემოკრატიისა და უსაფრთხოების ერთ-ერთ ანგარიშგასაწევ ქვეყნად აქცია.

თავდაცვის სამინისტრო ყოველწლიურად აქვეყნებს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობაში გაწეული საქმიანობის ანალიზს, რაც ცხადყოფს, რომ საქართველოს ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობა სწორედ იმ ქვეყნებთან აქვს დამყარებული, რომლებისგანაც მაქსიმალურ სამხედრო სარგებელს მოელის. ამ მისწრაფებაში თავისთავად ცუდია არაფერია: აშშ-ის, თურქეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საბერძნეთის დახმარებით საქართველოს უსაფრთხოების სისტემა გაცილებით რეზისტენტული გახდა. სხვა საკითხია, რომ ამავე მიზეზის გამო უკანა პლანზე გადავიდა თანამშრომლობა სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან, უპირატესად, ბალტიის სახელმწიფოებთან, რომლებმაც წარმატებით გაართვეს თავი გარდამავალ ეტაპს და ნატოს მიმართ ინდივიდუალური პროგრამით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება შეასრულეს.

როგორც ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა მიკოს მადისმა რადიო “თავისუფლებასთან" სატელეფონო საუბარში აღნიშნა, თუკი არსებობს ესტონური გამოცდილება, იგი მეტად მარტივ ფორმულას ეფუძნება.

[მიკოს მადისის ხმა] "ვფიქრობ, ყველაზე მთავარი იყო ის დემოკრატიული რეფომები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში და, კერძოდ, არმიაში, ათი წლის წინ დაიწყო. რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ამ გზაზე ჩვენ არ გვქონია საქმე ისეთ საფრთხესა და დაძაბულობასთან, როგორსაც საქართველო აწყდება. მაგრამ, მეორე მხრივ, მთავარია, მთელ სახელმწიფოს ესმოდეს, რომ ფული, რომელსაც არმია მოიხმარს, ხალხის ფულია. ამიტომ ძალიან საჭიროა რწმენა იმისა, რომ ეს ფული ფუჭად არ იხარჯება."

საქართველომ ესტონეთის გამოცდილების გაზიარება 2001 წლიდან დაიწყო. 2002 წელს კი შედგა ორმხრივი თანამშომლობის პროგრამა, რომლის ფინანსური უზრუნველყოფა დიდმა ბრიტანეთმა იკისრა. ამ სამმხრივ ფორმატში ჯერჯერობით მხოლოდ ურთიერთვიზიტები ჭარბობს, თუმცა შარშან უკვე მოხერხდა ერთი ქართველი მსმენელის გაგზავნა ბალტიის თავდაცვის კოლეჯში. შაბათს კი მომავალი ოფიცრები 11 კომპიუტერს მიიღებენ საინტერნეტო კლასის მოსაწყობად.

მაგრამ ესტონეთის მიერ სამხედრო მშენებლობაში დაგროვილი გამოცდილება - ხუთი ათასკაციანი კარგად გაწვრთნილი და აღჭურვილი არმია და, დაახლოებით, 50 მილიონი დოლარის სამხედრო ბიუჯეტი - მხოლოდ ნაწილობრივ არის მიმზიდველი საქართველოს სამხედრო ხელმძღვანელობისთვის.

ქართველი გენერლები ყოველწლიურად ითხოვენ ბიუჯეტის გაზრდას, მაგრამ ვერაფრით ელევიან ზედმეტ საშტატო ერთეულებს და არც ქაღალდზე არსებული სამხედრო ასეულების შემცირებას ცდილობენ, რომ აღარაფერი ვთქვათ არმიის დემოკრატიულ მართვასა და რესურსების მართვის გამჭვირვალე სტრუქტურის შექმნაზე, რომლის დაწყებაც საქართველოში მხოლოდ 2005 წლისთვის არის ნავარაუდევი.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG