Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამართლებრივი სახელმწიფოს სამი ნიშანი ქართულ რეალობაში


სამართლებრივი სახელმწიფოს არსებით ნიშნად აღიარებულია ხელისუფლების სხვადასხვა შტოს ურთიერგაწონასწორება და ურთიერთკონტროლი. საქართველოს კონსტიტუცია,

ამერიკული მოდელის მსგავსად, მკაცრად მიჯნავს ერთმანეთისგან საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას. მაგრამ რეალურად ეს გამიჯვნა არ ხორციელდება და ხელისუფლების სამივე შტო, მეტ-ნაკლებად, ერთმანეთზეა დამოკიდებული.

რამდენად აისახება ქართულ რეალობაზე სამართლებრივი სახელმწიფოს სხვა ნიშნები?

როგორ სახელმწიფოში ვცხოვრობთ თანამედროვე ქართველები? ედუარდ შევარდნაძეს არც ერთ საპროგრამო გამოსვლაში არ გამოუტოვებია ფრაზა, რომ ჩვენ, ყველამ ერთად, თანამედროვე ქართული სახელმწიფო უკვე დავაფუძნეთ.

გიორგი ჭალადიდელის დღემდე პოპულარულ ლექსში, რომელიც ცნობილია მისი პირველი სტრიქონის მიხედვით: “მახსოვს პირველად სასწავლებელში”... დედა თავის პირველკლასელ შვილს ასე არიგებს: “მერწმუნე, შვილო, გამოცდილია, თუ საძირკველი დანგრეულია, მაშინ კედლების აშენებისთვის ყოველი შრომა დაკარგულია!”. მაშ, როგორია ის საძირკველი, რომელიც უკვე დავაფუძნეთ და რომელზეც ახლა კედლებს ვაშენებთ?

თანამედროვე სახელმწიფო სამართლებრივი უნდა იყოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იგი სამ პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს. პირველი - კანონის უზენაესობაა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში; მეორე - ადამიანის უფლებების დაცვა და თითოეული მოქალაქის თავისუფალი განვითარება; მესამე - სახელმწიფოსა და პიროვნების ორმხრივი პასუხისმგებლობა.

უფრო დაწვრილებით თუ განვმარტავთ, სამართლებრივი სახელმწიფოს პირველი ნიშანი გულისხმობს კონსტიტუციური წესრიგის დაცვას სახელმწიფოს მიერ, კანონმდებლობის დაცვას მოქალაქეების მიერ და სამართლის განხორციელებას მხოლოდ და მხოლოდ დამოუკიდებელი სასამართლოების მიერ.

მეორე ნიშანი გულისხმობს თითოეული მოქალაქის თანასწორობას და პიროვნების უნარების განვითარებისთვის შესაბამისი, თანაბარი პირობების შექმნას.

მესამე ნიშანი კი შეგვახსენებს, რომ სახელმწიფოს მიერ პიროვნების თავისუფლების დაცვა არ არის პიროვნების ცალმხრივი პრივილეგია; რომ ერთი მოქალაქის უფლებები მთავრდება იქ, სადაც მეორის უფლებები იწყება - რასაც სახელმწიფო უზრუნველყოფს. ეს ნიშანი მოიცავს, მაგალითად, გადასახადების გადახდის აუცილებლობას მოქალაქის მხრიდან და შესაბამისი პირობების შექმნას სახელმწიფოს მიერ.

განსაკუთრებული ძალისხმევა არ სჭირდება იმის შეფასებას, თუ რამდენად მყარია საფუძველი, რომელიც ჩვენ - ყველამ ერთად - ჩავუყარეთ ახალ სახელმწიფოს. უსუსური და აგრესიული პარლამენტი, კორუმპირებული მთავრობა, პოლიტიზებული და სატელეფონო ზარების მორჩილი სასამართლო, უკანონობა, დათრგუნული საზოგადოება, გაყალბებული არჩევნები, გაღატაკებული ხაზინა, დაკნინებული ეროვნული ცნობიერება; მთლიანობაში, ხალხის მიმართ უპასუხისმგებლო ხელისუფლება და ხელისუფლების მიმართ უპასუხისმგებლო ხალხი – ეს არის ის დანგრეული საძირკველი, რომელზეც სამართლებრივი სახელმწიფოს კედლებს ვაშენებთ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ერთი ათეული წლის შემდეგ.
XS
SM
MD
LG