Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაიმართება თუ არა საქართველოში სამართლიანი არჩევნები


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ჩვეულებრივ, ქვეყანაში იარაღის ძალით ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობის საკითხი დღის წესრიგში მხოლოდ მაშინ დგება, როცა საზოგადოება არჩევნების სამართლიანობის იმედს კარგავს.

საქართველოში, ამ მხრივ, მდგომარეობა სახარბიელო ნამდვილად არ გახლავთ: წლიდან წლამდე საქართველოში ჩატარებული არჩევნების ღიაობისა და სამართლიანობის ხარისხის მიმართ პრეტენზიები მატულობს. შესაძლებელია თუ არა საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარება?

საქართველოში ბოლო წლებში გამართული ყველა დონის არჩევნები სკანდალით სრულდება. დამარცხებული თუ გამარჯვებული პარტია არჩევნების შედეგების გაყალბებაზე საუბრობს. არჩევნების გაყალბების ტექნოლოგიებმა - ე.წ "კარუსელი" იქნება ეს, საარჩევნო ყუთების გატაცება თუ ყალბი ბიულეტენების დასტების გამოყენება - საყოველთაო ხასიათი მიიღო. პარტიათა უმრავლესობა უსამართლოს უწოდებს არსებულ საარჩევნო კანონმდებლობას, მაგრამ პარლამენტს საარჩევნო კოდექსის ხარვეზების გამოსწორებაზე ზრუნვა მხოლოდ მაშინ ახსენდება, როცა არჩევნებამდე თითებზე ჩამოსათვლელი დღეები რჩება და როცა სერიოზული ცვლილებებისთვის დრო, საერთოდ, აღარ არის.
ამჯერად, 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებისას, პოლიტიკური პარტიები თადარიგს ადრე იჭერენ. ორიოდე კვირის წინათ ლეიბორისტულმა პარტიამ საქართველოში აკრედიტებული ქვეყნების ელჩებს დახმარება სთხოვა საარჩევნო კოდექსის შემუშავებაში. ლეიბორისტული პარტიის უახლესი ისტორიის გათვალისწინებით - ეს პარტია, როგორც წესი, იმარჯვებს ადგილობრივი თვითმმათველობის ორგანოების არჩევნებში, მაგრამ ნახევარ პროცენტზე ნაკლები აკლდება პარლამენტში მოსახვედრად - ზრუნვა სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის გასაგებია.
გასულ კვირას სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე, იმის გასარკვევად, თუ რამდენად გარანტირებულია არჩევნების სამართლიანად ჩატარება, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. საარჩევნო სიების შედგენა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი, რუსთავის არჩევნებისადმი ხელისუფლების პოზიციის საჯაროდ გამოხატვა - ასეთი იყო კვირას გამართული შეხვედრის ძირითადი თემები. ჯერჯერობით სახელმწიფო მინისტრი აცხადებს, რომ იგი სამართლიანი არჩევნების ჩატარების მხარდამჭერია და წინააღმდეგია საარჩევნო კომისიის პარტიული ნიშნით დაკომპლექტებისა. შესაბამისად, გამორიცხული არ არის, კვლავ აქტუალურობა შეიძინოს საარჩევნო კომისიის ე.წ. პროფესიული ნიშნით დაკომპლექტების იდეამ. რაც შეეხება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიების წარმომადგენლების ყოფნას, ამ მხრივ, პარლამენტის კულუარებში განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. მაგალითად, პარტიათა ნაწილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას კორუფციაში სდებს ბრალს. კერძოდ, ახალი დემოკრატების წევრი გიორგი ბარამიძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების შემდეგ აცხადებდა:
[გიორგი ბარამიძის ხმა] " მე მოსახლეობას მინდა მივმართო ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებით. არის ძალიან დიდი ფული გადახდილი. იყო დიდი იმედები."
ტრადიციონალისტთა კავშირის თავმჯდომარე აკაკი ასათიანი სკეპტიკურად არის განწყობილი სამართლიანი არჩევნების ჩატარების პერსპექტივასთან დაკავშირებით, რადგან:
[აკაკი ასათიანის ხმა] " ამ პარლამენტის მნიშვნელოვან ნაწილს არ უნდოდა წესიერი არჩევნების ჩატარება. ყველას ამ ქვეყანაში ყოველთვის იმედი აქვს, რომ რაღაც საშუალებით მიაღწევს ხელისუფლებას. არავის არ უნდა წესიერი თამაში. არავის არ უნდა."
და მაინც, 2003 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულიად განსხვავებულ ვითარებაში ტარდება, როცა არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს გარანტირებული ხელისუფლების აბსოლუტური მხარდაჭერა. თავად შესაძლებლობები კი დაახლოებით ერთნაირია. შესაბამისად, გამორიცხული არ არის, 2003 წლის საპარლამენტო არჩევნები "წესიერი თამაშის" წესების დაცვით, ნაკლები დარღვევებით ჩატარდეს.
XS
SM
MD
LG