Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი წლის ღამის ”გასტრონომიული პროგნოზი” ახდა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ახალ წელს ოჯახში შეხვედრის შემდეგ ბევრი ჩვენი თანამემამულე, საკუთარი ბიუჯეტის შესაბამისად, სხვადასხვა რესტორნებსა და გასართობ დაწესებულებებს სტუმრობს.

მათ, ვისაც 1 იანვრის ღამეს ძვირად ღირებული კლუბებისა და რესტორნების შოუ-პროგრამებისა და გემრიელი კერძების დაგემოვნების საშუალება არ ჰქონდათ, რესპუბლიკის მოედანზე გამართულ კონცერტს მიაშურეს, ხოლო შედარებით შეძლებულმა ქართველებმა თბილისის რესპექტაბელურ კლუბებში გაატარეს დრო. გესაუბრებით თბილისის საახალწლო ღამის ”გასტრონომიული” სიტუაციის შესახებ.

ახალი წლის ღამე, ალბათ, ის ბედნიერი გამონაკლისია, როდესაც თითქმის ნებისმიერი ჩვენი თანამოქალაქის ოჯახში საზეიმო სუფრაა გაშლილი და, მთელი წლის დანაზოგის თუ სოფლის ნობათის წყალობით, ახალი წლის შემობიჯებას ყველა, შეძლებისდაგვარად, ხვავრიელად ეგებება.

თუ 1 იანვრის ღამის ქართული სუფრის საერთო გასტრონომიულ ღირებულებას გავითვალისწინებთ და საქართველოს მოსახლეობის რაოდენობაზე გადავიანგარიშებთ, შეიძლება ნებისმიერ გარეშე დამკვირვებელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ შესაძლებლობებზე ზედმეტად გადაჭარბებული წარმოდგენა შეექმნას. ხოლო თუ ამ ღამეს თბილისის პრესტიჟულ გასართობ დაწესებულებებსა და რესტორნებში ხალხის რაოდენობით ვიმსჯელებთ, საქართველო, განვითარებადი და კრიზისში მყოფი ქვეყნის ნაცვლად, ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ქვეყნადაც შეიძლება მოგეჩვენოთ.

2003 წლის შემობრძანებას დედაქალაქის თითქმის ყველა მეტ-ნაკლებად სოლიდური რესტორანი და კლუბი კარგად მომზადებული შეხვდა. ამჯერად ”გასტრონომიული პროგნოზი” ახდა. ამგვარ დაწესებულებებში ტკბილეულის სუფრისა და შოუ-პროგრამის ღირებულება ერთ სტუმარზე 30 აშშ დოლარიდან 200 დოლარამდე მერყეობდა. ევროპელი შეძლებული ადამიანისათვის, შესაძლოა, ეს ფასი არც ისე კატასტროფულად გამოიყურებოდეს, მაგრამ თუ ჩვენს ქვეყანაში მინიმალური ხელფასის რაოდენობას გავითვალისწინებთ, ამგვარ საახალწლო ზეიმში მონაწილეობის მსურველთა რიცხვი არც ისე დიდი უნდა ყოფილიყო, თუმცა ქართველებს საახალწლო გართობაზე ეკონომია არ გვჩვევია და თბილისური გასტრონომიული ობიექტები დილამდე გადატვირთული იყო სტუმრებით.

ახალი წლის ღამეს განსაკუთრებული პოპულარობით ის დაწესებულებები სარგებლობდნენ, სადაც სტუმრებისთვის ქართული ესტრადის ვარსკვლავები ირჯებოდნენ. ამგვარი კლუბების სტუმართა უდიდეს რაოდენობას ახალგაზრდები შეადგენდნენ, შედარებით მოზრდილი თაობა კი, ტრადიციულად, ოჯახში შეეგება 2003 წელს და შემდეგ ისევ ოჯახურ წრეში მეგობრებთან ერთად აგრძელებდა საახალწლო ნადიმს.
ჯერჯერობით უცნობია და, ალბათ, ასეთადაც დარჩება, თუ რამდენი დეკალიტრი სასმელი დაილია და ხორაგი შეიჭამა 2003 წლის პირველ ღამეს, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ, ჩვენი საერთო სიდუხჭირიდან გამომდინარე, საერთო გასტრონომიულმა მოხმარებამ იკლო.

საახალწლო სუფრის კერძებიდან კი, ასტროლოგიური წლის შესაბამისად, ტრადიციულ საცივსა და გოზინაყთან ერთად, შიგადაშიგ ციკნის მწვადებიც შეინიშნებოდა. ვერ გეტყვით, რამდენად გამართლებულია ეს, იმავე ასტროლოგიური თვალსაზრისით, მაგრამ ქართველთა სურვილი ორიგინალურად შეხვედროდნენ ახალ წელს, ამაშიც გამოიხატა.
XS
SM
MD
LG