Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორი უნდა იყოს ვაშინგტონის სტრატეგია ერაყში სადამ ჰუსეინის დამხობის შემდეგ?


ანდრო ეული, პრაღა აშშ-ის პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს ჯერჯერობით არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება ერაყთან ომის დაწყების თაობაზე, ხოლო მისი ადმინისტრაცია ომისშემდგომ ერაყში თავის სამოქმედო პროგრამაზე მუშაობს.

ამ გეგმის თანახმად, დასავლეთის საოკუპაციო ძალები ერაყში, მოსალოდნელი ომის შემდეგ, ალბათ 18 თვეს დარჩებიან, ხოლო ნავთობის ექსპორტიდან შემოსული თანხა ქვეყნის აღმშენებლობას მოხმარდება.

თუმცა, მიმომხილველთა ვარაუდით, ხსენებული გეგმა აშშ-ს პრობლემებს შეუქმნის. როგორც გაზეთი "ნიუ იორკ ტაიმსი" აღნიშნავს, ომის შემდეგ, როცა სადამ ჰუსეინი პრეზიდენტი აღარ იქნება, ყველაზე დიდი სირთულე წესრიგის აღდგენას დაუკავშირდება. მაგრამ, ვაშინგტონის პოლიტიკური კვლევის დამოუკიდებელი ცენტრის, კატოს ინსტიტუტის თანამშრომელი გალენ კარპენტერი, რომელსაც ჩვენი რადიოს კორესპონდენტმა ჩამოართვა ინტერვიუ, მიიჩნევს, რომ აშშ-მა არც კი უნდა სცადოს ერაყში წესრიგის აღდგენა, და არც ახალშობილი დემოკრატიის დამკვიდრებაზე უნდა იფიქროს.

გალენ კარპენტერის თქმით, ჯორჯ ბუშმა, როგორც ჩანს, ირწმუნა, რომ მრავალეროვანი საოკუპაციო ჯარი წარმატებით გაართმევს თავს მასზე დაკისრებულ მისიას ერაყში, როგორც ეს ავღანეთში მოხდა. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ეროვნულ უმცირესობათა ორი ჯგუფი ერაყში – ქურთები ჩრდილოეთში, ხოლო შიიტი მუსლიმანები სამხრეთ-აღმოსავლეთში – ავტონომიის აღდგენის და, შესაძლოა, დამოუკიდებლობისთვისაც კი დაიწყებს ბრძოლას, როცა სადამ ჰუსეინი დაემხობა. კარპენტერი დარწმუნებულია, რომ საოკუპაციო ჯარი, ავღანეთთან შედარებით, ერაყში ნაკლებად წარმატებული იქნება: [გალენ კარპენტერის ხმა] "არა ვარ დარწმუნებული, რომ ამას არსებითი წარმატება მოჰყვება ერაყში. ჯერ ერთი, ჩვენ ალბათ გაცილებით მეტ ოპოზიციას გამოვიწვევთ ერაყში, ვიდრე ეს ავღანეთში მოხდა. გარდა ამისა, ვითარების სტაბილიზაციისთვის ერაყის რეგიონები არა აქვთ დაყოფილი საველე მეთაურებს, როგორც ეს ავღანეთშია."

კარპენტერის თქმით, ავღანეთში დამოუკიდებელ ფრაქციათა ყველა მეთაური როდია მეგობრულად განწყობილი შეერთებული შტატებისადმი, მაგრამ ეს ადამიანები თავიანთ რეგიონებში გარკვეულ წესრიგს მაინც უზრუნველყოფენ. მაგრამ თუ აშშ გადაწყვეტს, ერაყში მრავალეროვანი შეიარაღებული ინტერვენცია განახორციელოს, მაშინ ამას, გალენ კარპენტერის აზრით, მაშინვე უნდა მოჰყვეს სადამ ჰუსეინის დამხობა, ხოლო ამის შემდეგ მრავალეროვანმა ძალებმა დაუყოვნებლივ ერაყი უნდა დატოვონ: [გალენ კარპენტერის ხმა] "შეერთებული შტატების მიზანი უნდა იყოს რეჟიმი სადამ ჰუსეინის გარეშე, და არა ერაყის გარდაქმნა დასავლური დემოკრატიის ყაიდაზე. ვფიქრობ, ეს აბსოლუტურად მიუღწეველი მიზანი იქნებოდა."

ბრუკინგსის ინსტიტუტის მკვლელვარი ჯეიმს ლინდსი გალენ კარპენტერს არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ აშშ-ის მორალური ვალია, არ შემოიფარგლოს სადამ ჰუსეინის ნეიტრალიზებით: [ჯეიმს ლინდსის ხმა] "საქმე ის არის, რომ ჩვენ არ შეგვიძლია უბრალოდ შევიჭრათ ერაყში, დავამხოთ რეჟიმი და უკან გამოვბრუნდეთ. ჩვენ ამერიკელი მოქალაქეების, აგრეთვე, სხვა ხალხების წინაშე პასუხისმგებლობა დაგვეკისრება იმისთვის, თუ რა ვითარებაში დავტოვებთ ერაყს. და ვფიქრობ, ისღა დაგვრჩენია, ქვეყნის მშენებლობას შევუდგეთ ერაყში."

ლინდსისგან განსხვავებით, გალენ კარპინტერი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი ბუში უდიდეს შეცდომას დაუშვებს, თუ ერაყში ომისშემდგომი დემოკრატიული მთავრობის შექმნას შეეცდება. ამ კონტექსტში ამერიკელი მკვლევარი იხსენებს განვლილი ორი ათწლეულის გამოცდილებას, როცა ვაშინგტონი "ქვეყნის მშენებლობის" პროცესში ჩაერთო მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, რაც ხშირ შემთხვევაში სრული კატასტროფით დამთავრდა. ლაპარაკობს რადიო "თავისუფლება".
XS
SM
MD
LG