Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა როლის შესრულება შეუძლია საზოგადოებრივ აზრს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაში?


ამერიკის შეერთებულ შტატებში საზოგადოებრივი აზრი გარკვეულ როლს ასრულებს, როცა საქმე ომისა და მშვიდობის საკითხს ეხება - ასეთი იყო აქამდე გავრცელებული მოსაზრება.

უკანასკნელი გამოკვლევები ცხადყოფს, რომ პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ქედს არ იხრის ამ საზოგადოებრივი აზრის წინაშე. ბოლო პერიოდში, ერაყის კრიზისის ამ ეტაპზე, ამაზე ლაპარაკს მოუხშირეს, ამერიკელთა სულ უფრო დიდი ნაწილი აღარ ემხრობა ომს და ფიქრობს, რომ პრეზიდენტმა მეტი უნდა იფიქროს ეკონომიკაზე.

მაგალითად მოვიყვან "ნიუ იორკ ტაიმსის" და "სი-ბი-ეს ნიუსის" მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგს: ამერიკელების საზრუნავი ეკონომიკაა და ამასთან, ისინი შეშფოთებული არიან ერაყის წინააღმდეგ მოსალოდნელი თუ ტერორიზმის წინააღმდეგ წარმოებული ომის გამო. გამოკითხულთა ნახევარი არ ემხრობა ბუშის ეკონომიკურ პოლიტიკას, ხოლო 41 პროცენტი - მის საგარეოპოლიტიკურ გეზს. გამოკითხვა ჩაატარეს "სი-ენ-ენმაც" და გაზეთმა "იუ-ეს-ეი ტუდეიმაც". მათი დასკვნის თანახმად, 52 პროცენტი ამერიკის მოქალაქეებისა, ერაყში შეჭრას სწორ გზად მიიჩნევს. ეს მაჩვენებელი ბევრად უფრო მაღალი იყო ზაფხულში, როცა ომზე ლაპარაკი დაიწყეს.

ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე სახელმწიფო მდივანს კოლინ პაუელს ჰკითხეს, თუ როგორ უყურებს ამ სტატისტიკურ მონაცემებს ვაშინგტონის ადმინისტრაცია. პაუელის პასუხი ასეთი იყო: ადმინისტრაცია არ აპირებს საგარეო პოლიტიკა საზროგადოებრივ აზრს მიანდოს; პირიქით, ბუში ცდილობს საზოგადოებრივი აზრი შეცვალოსო.

[კოლინ პაუელის ხმა] "თვალყურს ვადევნებთ გამოკითხვებს, მაგრამ ისე მოქმედებას ვაპირებთ, როგორც სწორად მიგვაჩნია, და გვჯერა, რომ თუკი ამერიკელებისა და მსოფლიოსთვის სასარგებლო საქმეს გავაკეთებთ, მხარდაჭერა გარანტირებული გვექნება".

პაუელის ამ პასუხმა წამოჭრა კითხვა, უნდა ითვალისწინებდეს თუ არა პრეზიდენტი საგარეო პოლიტიკისა თუ სხვა მნიშვნელოვან სფეროებში საზოგადოების დიდი ნაწილის მოსაზრებას. "რადიო თავისუფლებამ" აზრი ჰკითხა ამერიკის წინა მთავრობის წარმომადგენელებს, რომლებმაც დაადასტურეს, რომ, მართალია, პრეზიდენტები გულგრილი არ არიან საზოგადოებრივი აზრის მიმართ, მისი უშუალო გათვალისწინება იშვიათად თუ ხდება.

ლეონ ფერთი კლინტონის მთავრობაში ვიცე-პრეზიდენტ ალ გორის მრჩეველი იყო სახელმწიფო უშიშროებეის საკითხებში. მისი აზრით, პრეზიდენტის საერთო სტრატეგიის ნაწილია საზოგადოებრივი აზრის ცოდნა, თუკი აპირებს ომს. მაგრამ იმაზე, თუ რას ფიქრობს ხალხი, პრეზიდენტს ინფორმაცია მხოლოდ გამოკითხვებიდან არ აქვს. ფერთის თანახმად, ქვეყანაში არსებული მოსაზრებების თაობაზე თეთრ სახლს კონგრესის წევრებიც აწვდიან ინფორმაციას:

[ლეონ ფერთის ხმა] "კონგრესის წევრები ხშირად არიან შინ. ისინი ხალხს უშუალოდ ესაუბრებიან. გარდა ამისა, ისინი დიდი რაოდენობით იღებენ წერილებს. ასე რომ, მათ არა მხოლოდ გამოკითხვების შედეგები იციან, მათ კარგად მოეხსენებათ, რას ფიქრობს ხალხი".

ფერთმა იქვე თქვა, რომ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტი საზოგადოებრივი აზრის კარნახს დაექვემდებარება. მისივე თანახმად, ხალხი აზრს იცვლის ხოლმე. როგორც ეს მოხდა მას მერე, რაც იაპონელები პერლ ჰარბორის ბაზას დაესხნენ თავს და ამან ვაშინგტონს მეორე მსოფლიო ომში ჩართვისკენ უბიძგა. მეორე მსოფლიო ომში ჩაბმის საკითხში ამერიკელთა მიმხრობა მას მერე გაიოლდა, რაც მათ ამ თავდასხმაზე მიიღეს ინფორმაცია.

ფერთი ამბობს, რომ ასე მოხდა მაშინ, და ასე მოხდა ნიუ იორკში, შარშანწინდელი თავდასმხმების დროსაც. მაგრამ ხალხი, როცა ეს შოკი გადაივლის, გონს მოდის და აზრს არსებითად იცვლის ხოლმე. ბილ კლინტონის პრეზიდენტობის დროს თეთრი სახლის სახელმწიფო უშიშროების საბჭოს გლობალურ საკითხთა და მულტილატერალურ საქმეთა ხელმძღვანელი ჯეიმს ლინდსი თვლის, რომ კარგი ლიდერი ამ ზურგშექცეული ხალხის შემობრუნებას შეეცდება და მოახერხებს კიდეც. ფერთი აზუსტებს, რომ ასეთ დროს პრეზიდენტმა ის უნდა აკეთოს, რაც სწორად მიაჩნია და საკუთარი პასუხისმგებლობით იმოქმედოს. ხალხი კი, ამბობს ლინდსი, მას არ დაუკარგავს დამსახურებას, თუკი პოლიტიკა წარმატებული იქნა. საერთოდ, ლინდსის თვალსაზრისით, ამერიკული წყობის თანახმად, პრეზიდენტს შეუძლია დიდხანს უგულებელყოს საზოგადოებრივი აზრი; ყოველ შემთხვევაში, დროებით მაინც, რადგან მას ოთხი წლით ირჩევენ და პოლიტიკის გარშემო აზრთა სხვადასხვაობის გამო ვერ გადააყენებენ. ამასთან, მისივე თანახმად, კონგრესი საგარეო პოლიტიკას პრეზიდენტის ადმინისტრაციის სფეროდ მიიჩნევს, თუმცა ამ სფეროში ხელშეკრულებების გაფორმება და ფინანსების განაწილება კონგრესმენთა პრეროგარტივაა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის კონგრესს შეუძლია, უარი თქვას თავის უფლებაზე გამოუცხადოს სხვა სახელმწიფოს ომი და მან ეს გააკეთა კიდეც. ბუშმა ხომ უკვე კარგა ხნის წინათ მიიღო ერაყის განირაღების მიზნით ძალის გამოყენების უფლებამოსილება.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG