Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველის დაგვიანებული ანგარიში


დავით პაიჭაძე, თბილისი ადამიანის უფლებებით დაინტერესებულ ჩვენს მსმენელებს, შესაძლოა, ახსოვდეთ, რომ შარშან პარლამენტში, გაუთავებელი უთანხმოების გამო, ვერ მოისმინეს სახალხო დამცველის ანგარიში ადამიანის

უფლებათა მდგომარეობის შესახებ 2002 წლის პირველ ნახევარში. სახალხო დამცველმა ნანა დევდარიანმა პარლამენტში სამი დღე დაყო, მაგრამ აუდიტორია ვერ შეიკრიბა მის მოსასმენად. ხუთშაბათს, 20 თებერვალს, ომბუდსმენმა ეს მოხსენება მაინც წარადგინა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, ოღონდ ამჯერად - ადამიანის უფლებათა კომიტეტში, რომლის თავმჯდომარის არჩევამ შესაძლებელი გახადა თუნდაც საკომიტეტო მოსმენის გამართვა. მოსმენაზე ახალი და გაუგონარი არაფერი თქმულა.

[ნანა დევდარიანის ხმა]: "მე ერთგვაროვნად ვერ შევაფასებ. გარკვეული მიმართულებით არის პატარა დადებითი ძვრები, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ, ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით, დიდი ნაბიჯები გადავდგით წინ".

ასე უპასუხებს სახალხო დამცველი კითხვას, თუ მოხდა რაიმე სასიკეთო ძვრა ქვეყანაში გასულ წელს, ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით. შესაბამისად, მოქალაქეთა პრეტენზიებსა და ჩივილებს ისევ ძველი ადრესატები ჰყავთ [ნანა დევდარიანის ხმა]: "ლიდერი არის პოლიცია. სხვათა შორის, უნდობლობის მიხედვითაც პოლიციაა ლიდერი. ბევრია უკმაყოფილო სასამართლოთი, მაგრამ აქ ნახევარი მაინც განაწყენებულობის გამოა. მინდია უგრეხელიძეს უყვარდა თქმა, სასამართლო სექსი არ არის, რომ ორივე მხარე კმაყოფილი იყოსო. ერთ-ერთი მხარე აუცილებლად უკმაყოფილო რჩება. უჩივიან ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს, უჩივიან კონკრეტული სამსახურების ხელმძღვანელებს, საკმაოდ ბევრი საჩივარია შრომითი უფლებების დარღვევაზე... უჩივიან ყველას, თუმცა, ვიმეორებ, ყველაზე მეტი პრეტენზია, ძირითადად, ძალოვანთა მიმართ არის".

ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის შემადგენლობა, მოგეხსენებათ, რამდენადმე გადახალისდა: თავმჯდომარე გახდა ნანა ბიჭიაშვილი, მოადგილე კი - ელდარ ნადირაძე, რომელიც საკომიტეტო მოსმენაზე, აი, ამას ამბობდა [ნადირაძის ხმა]: "ჩვენ განსაკუთრებულად აღვიქვამთ იეღოველთა შევიწროებას და ძალიან დიდ რეზონანსს ვაძლევთ თუნდაც ერთი იეღოველის დარბევას პრესაში. საქმე კი ასე ნამდვილად არ არის. იეღოველთა კანონიერი მოქმედება შეზღუდულია და მათ საერთოდ არა აქვთ უფლება, რომ იყონ, რადგან სასამართლომ რეგისტრაცია გაუუქმა. რელიგიური თავისუფლების შეზღუდვა უნდა მოხდეს კანონის შესაბამისად. ეს კი იეღოველებს აუკრძალეს".[სტილი დაცულია]

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრები ლაპარაკობდნენ პოლიციელთა უფლებების დაცვაზე, სოციალურ და ეკონომიკურ უფლებებზე, რელიგიურ ტოლერანტობაზე, რომლის ხატად მიაჩნდათ თბილისის ცნობილი უბანი სინაგოგით, სომხური ეკლესიით, მეჩეთითა და მართლმადიდებელი ტაძრით. არავის გახსენებია, რომ მსგავსი უბანი და ქალაქი ბევრია ევროპაშიც და ამერიკის კონტინენტზეც. ომბუდსმენის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ის არ ეთანხმება კომიტეტის ზოგიერთი წევრის თვალსაზრისს რელიგიურ უმცირესობათა აკრძალვის შესახებ და მათ შეახსენებს, რომ რეგისტრაციის გაუქმება ადამიანებს უფლებებს არ უზღუდავს.
XS
SM
MD
LG