Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი თანახმაა მის ტერიტორიაზე ამერიკის ჯარის განთავსებისა


ანდრო ეული, პრაღა ორშაბათს, თურქეთის მთავრობა დათანხმდა ქვეყნის ტერიტორიაზე ამერიკის შეიარაღებული ძალების განთავსებას, რაც მეზობელ ერაყთან მოსალოდნელი ომის საჭიროებამ გამოიწვია.

თუმცა, მთავრობის გადაწყვეტილება თურქეთის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, ხოლო ანკარასა და ვაშინგტონს შორის, პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო საკითხებია ამასთანავე შესათანხმებელი.

თურქეთის მთავრობის საგანგებო სხდომაზე 24 თებერვალს მიღებულ გადაწყვეტილებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს პენტაგონელი სტრატეგებისთვის, ვინაიდან აშშ-ს მიეცემა შესაძლებლობა მეორე ფრონტი გახსნას ერაყის წინააღმდეგ, რაც, თავის მხრივ, სპარსეთის ყურის რეგიონიდან პირველი დარტყმის მიყენებას გაუადვილებს ამერიკელებს.

ვაშინგტონში, თეთრი სახლის პრეს-მდივანი არი ფლაიშერი მიესალმა თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, თუმცა იქვე დასძინა, რომ ვიდრე ჯარის განთავსება მოხდებოდეს, თურქეთის ოფიციალურ წარმომადგენლებთან რამდენიმე საკითხია შესათანხმებელი [არი ფლაიშერის ხმა]: "ჩვენი მოლაპარაკება თურქეთთან წარმატებით მიმდინარეობს. კმაყოფილი ვარ თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებით. კვლავაც რამდენიმე საკითხი გვაქვს გასარკვევი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ესაა მეტად სერიოზული საკითხი, და დემოკრატიული თურქეთის მთავრობაც სერიოზულად მოეკიდა ამ საკითხს, სათანადოდ გამოეხმაურა და ყურადღებით გვისმენს, და ჩვენ, საქმიანად ვთანამშრომლობთ".

თურქეთი კომპენსაციას მოითხოვს შეერთებული შტატებისაგან იმ ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სამხედრო რისკის სანაცვლოდ, რაც ერაყთან ომში მოსალოდნელ თანამონაწილეობასთანაა დაკავშირებული. გასულ კვირაში ვაშინგტონმა ხუთი მილიარდი დოლარის დახმარება და 10 მილიარდი დოლარის კრედიტები შესთავაზა ანკარას იმ ზარალის ასანაზღაურებლად, რასაც ერაყთან მოსალოდნელი ომი მიაყენებს თურქეთის ეკონომიკას.

ანკარა იმის გარანტიასაც მოითხოვს შეერთებული შტატებისაგან, რომ ერაყის პრეზიდენტის, სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ ჩრდილოეთ ერაყში არ შეიქმნას ავტონომიური, ან კიდევ დამოუკიდებელი ქურთისტანი. თურქეთი შიშობს, რომ მეზობელ ერაყში მოვლენათა ამგვარი განვითარება, სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში მცხოვრებ ქურთებში სეპარატისტული მოძრაობის მკვეთრ აღზევებას გამოიწვევს.
XS
SM
MD
LG