Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის კრიზის ევროპის ერთიანობის გამოცდად იქცა


სადამ ჰუსეინის დამხობის გზებზე მსჯელობამ ევროპის ერთიანობა საფრთხის წინაშე დააყენა. დაშორიშორების მთავარ მიზეზად რჩება საკითხი - რა გზით აჯობებს ერაყის განიარაღების შესახებ გაეროს

რეზოლუციების განხორციელება - ძალის გამოყენებით, თუ ინსპექციის გაგრძელებით. როგორც გაირკვა, ევროკავშირის მცდელობა შეემუშავებინა წევრი სახელმწიფოებისთვის ერთიანი საგარეო და უშიშროების პოლიტიკა, ჯერ-ჯერობით უშედეგოა.

ერთიანი საგარეო და უშიშროების პოლიტიკაზე მუშაობა ევროკავშირის სტრუქტურებში დიდი ხანი არ არის, რაც დაიწყო. ერაყის კრიზისამდე ის, შეიძლება ითქვას, უკვე ძალასაც იკრებდა. მაგრამ, დღეს არსებულ კრიტიკულ მომენტში ევროკავშირის ქვეყნების პოზიციებს შორის არსებულმა სხვაობამ ბევრს გაუჩინა ეჭვი ევროპის ერთიანი საგარეო და უშიშროების პოლიტიკის არსებობის შესახებ. ეს ეჭვი კიდევ უფრო გააღრმავა გასულ კვირას ევროკავშირის ლიდერების საგანგებო სამიტმაც: სახელმწიფოთა მეთაურები შეთანხმდნენ, რომ ომი ერაყში "არ არის გარდაუვალი", მაგრამ ამგვარი ფორმულირება დიდად ვერაფრით წაადგა ერაყის კრიზისის გადაჭრის გზების შესახებ ევროკავშირის ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებას. დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი და იტალია კვლავ ვაშინგტონის გვერდით დგანან და სამხედრო ძალის გამოყენებას ერაყში გარდაუვალად მიიჩნევენ. ასევე არ თმობენ პოზიციას გერმანია და საფრანგეთი, რომლებსაც ბელგიაც შეუერთდა და ერთად ცდილობენ ერაყის კრიზისის მშვიდობიანი გზებით მოგვარების საფუძვლიანობის დამტკიცებას.
ევროკავშირის კოორდინატორმა საგარეო და უშიშროების საკითხებში ხავიერ სოლანამ ევროპულ პოზიციათა განსხვავებულობაზე აღნიშნა:

[სოლანას ხმა]
"არის მომენტები, როცა ერთიანობის მიღწევა საგარეო პოლიტიკაში შეუძლებელია. ერაყის კრიზისი, სამწუხაროდ, სწორედ ერთ-ერთი ასეთია. ვამბობ - "სამწუხაროდ", რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ჩვენ უნდა გამოგვეჩინა ერთიანი პოზიციის მიღწევის უნარი. თუმცა, ჩვენ ეს ვერ შევძელით".

ჯერ-ჯერობით გაურკვეველია რა ზეგავლენას მოახდენს დღევანდელი სიტუაცია - ერაყზე შეუთანხმებლობა - ევროკავშირის ერთიანობაზე მომავალში. ევროპის პოლიტიკის კვლევის ცენტრის ანალიტიკოსი კირსტი ჰიუზი ამბობს:

[ჰიუზის ხმა]
"ამან შეიძლება მრავალი წლით შეაფერხოს ერთიანი საგარეო პოლიტიკის შემუშავება. ანდა, სწორედ იმის გამო, რომ ეს მდგომარეობა ასეთი კრიტიკულია, ევროკავშირის ერთიანობის თვალსაზრისით, ერაყის კრიზისის შემდეგ, შეიძლება, გარკვეული იმპულსის როლიც კი შეასრულოს ერთიანი პოლიტიკის შემუშავებაში წინსვლისა და პოზიციათა მკვეთრად დაყოფის თავიდან აცილების საქმეში."

ერაყის საკითხმა დაპირისპირება წარმოშვა ევროკავშირის წევრთა ერთ ნაწილსა და წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორისაც. განსაკუთრებული კრიტიკით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პოზიციის მიმართ, რომლებმაც ერთხმად მხარი დაუჭირეს ვაშინგტონის პოლიტიკას, საფრანგეთის პრეზიდენტი ჟაკ შირაკი გამოვიდა, რომელმაც გარკვეული მინიშნება ამ ქვეყნების მიმართ ეკონომიკურ ანგარიშსწორებაზეც კი გააკეთა.

ევროპელი ანალიტიკოსი კირსტი ჰიუზი თვლის, რომ ეს უთანხმოება ევროკავშირის ახლანდელ და მომავალ წევრებს შორის არასრულფასოვანი კომუნიკაციის ბრალია. "გაფართოებულმა ევროკავშირმა უნდა შეძლოს საკუთარი პოლიტიკური დინამიკისა და შიდა უთანხმოების მართვა', - აცხადებს ჰიუზი.

ბრიუსელში მდებარე ევროპის პოლიტიკის ცენტრის ხელმძღვანელი ჯონ პალმერი კი უთანხმოების ამოსავალ წერტილად არა ერაყს, არამედ ევროპის სახელმწიფოების შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას მიიჩნევს. პოზიციათა შორის განსხვავებაც აქიდან მომდინარეობს: ერთნი დიდი ბრიტანეთის მსგავსად თვლიან, რომ ვაშინგტონთან მჭიდრო თანამშრომლობა მოუტანთ სიკეთეს, მეორენი კი მნიშვნელოვნად მიიჩნევენ თვითმყოფადობას და ევროკავშირის მიერ საკუთარი გლობალური სტრატეგიის შემუშავებასა და დაცვას. ამ მიდგომას საფუძვლად უდევს შემდეგი იდეა - მანამდე, სანამ ევროპა ვერ შეძლებს ერთიანი პოლიტიკის შემუშავებასა და გატარებას, შეერთებული შტატები მას ანგარიშს არ გაუწევს და კვლავ დარჩება მსოფლიო პოლიტიკის ერთადერთ წარმმართველად.

ერაყის კრიზისის გამო ევროპის პოლიტიკური დანაწევრების მიზეზებზე ნინო გელაშვილი გესაუბრებოდათ.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG