Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოჭის შეხვედრა და მისი შედეგები


"ვიმედოვნებ, ჩვენ ვიპოვით გადაწყვეტილებებს, რომლებიც ყველას დააკმაყოფილებს" - ამ განცხადების შესაბამისი განწყობით გაემართა ედუარდ შევარდნაძე სამმხრივ შეხვედრაზე,

რომელიც სოჭში "ბოჩაროვ რუჩეის" რეზიდენციაში 7 მარტს გაიმართა. იქ საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს აფხაზეთის ეგრეთ წოდებული პრემიერის, გენადი გაგულიას, თანდასწრებით შეხვდნენ.


წინასწარ გავრცელებული ვერსია, რომ პუტინი შევარდნაძეს სოჭში, ერთგვარი სიურპიზის სახით, ვლადისლავ არძინბას შეახვედრებდა, ცოტა სხვაგვარად ახდა. სამმხრივ შეხვედრას, რომელიც ოფიციალურად დაგეგმილი არ ყოფილა, აფხაზთა მხრიდან აფხაზეთის ეგრეთ წოდებული მთავრობის მეთაური გენადი გაგულია დაესწრო. გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოჭში მისი და არა ვლადისლავ არძნიბას ჩასვლა ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის მდგომარეობამ გამოიწვია. "ბოჩაროვ რუჩეის" რეზიდენციაში პროტოკოლით გაუთვალისწინებელ შეხვედრამდე პუტინი შევარდნაძეს და გაგულიას ცალ-ცალკე შეხვდა.
ამ, არსებითად, მოსალოდნელ, მაგრამ მოულოდნელ შეხვედრებთან დაკავშირებით შევარდნაძის კომენტარი ის იყო, რომ შემთხვევით არაფერი მომხდარა. საქართველოს პრეზიდენტი სამმხრივ შეხვედრაზე სამივე მხარისთვის მისაღები გადაწყვეტილებების პოვნის იმედით შევიდა და, აი, რა განცხადება გააკეთა ამ შეხევდრაზე სოჭის შეხვედრების ინიციატორმა და სოჭი-თბილისის სარკინიგზო ხაზის აღდგენასთან აფხაზეთში დევნილთა დაბრუნების სინქრონიზაციის შესახებ განცხადების ავტორმა:

[ვლიდიმირ პუტინის ხმა] " ჩვენ უნდა მივცეთ ახალი იმპულსები იმ ძირითად საკითხებს, რომლებიც ყველას გვაღელვებს, განსაკუთრებით ადამიანებს, რომლებიც შექმნილი არანორმალური სიტუაციის გამო იტანჯებიან. მხედველობაში მაქვს დევნილთა დაბრუნება რეგიონში, აფხაზეთში, საქართველოში , ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის განვითარება. "

პუტინმა სოჭში განავრცო კიევში ედუარდ შევარდნაძესთან შეხვედრაზე წამოწეული სინქრონიზაციის თემა და სოჭი-თბილისის სარკინიგზო ხაზის აღდგენას, დევნილთა ღირსეული დაბრუნების ფონზე, განსაკუთრებული პრიორიტეტი მიანიჭა. ამის შემდეგ, აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით საუბრისას, ედუარდ შევარდნაძეს ახლა უკვე პუტინის მიერ ნახსენები "ახალი იმპულსებისთვის" მოუწევს ხაზგასმა. 7 მარტის შეხვედრაზე პუტინმა შევარდნაძეს აცნობა, რომ მოსკოველ ექსპერტებთან საუბარმა ის მისი ინიციატივის რეალიზაციის შესაძლებლობაში დაარწმუნა. სავარაუდოდ, ნათქვამი ენგურჰესის აღდგენისა და განვითარების საკითხებს ეხებოდა. ამაზე რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტებმა სოჭში ხუთშაბათს ისაუბრეს, პარასკევს კი ენგურჰესის აღდგენის შესაძლებლობები სამმხრივი შეხვედრის წინ პუტინმა და გაგულიამ განიხილეს. არძინბას წარმომადგენელმა სოჭი პირველმა დატოვა. რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტებმა კი ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომელშიც რუსეთ-საქართველოს ჩარჩო ხელშეკრულების მომზადების დაჩქარებაზე არის საუბარი. ერთობლივი განცხადების გაფორმების შემდეგ პრეზიდენტებმა გააკეთეს კომენტარები ჟურნალისტებისთვის, თუმცა ჟურნალისტებს მათთვის შეკითხვების დასმა აეკრძალათ. შევარდნაძის გამოსვლაში საინტერესოდ გაისმა განცხადება რუსეთის-ბელორუსის- ყაზახეთისა და უკრაინის ეკონომიკური კავშირის თაობაზე. ამ კავშირს მან საქართველოსთვის საინტერესო, დიადი კავშირი უწოდა.
თუმცა ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, შევარდნაძის განცხადება გულისხმობს თუ არა "დიად კავშირთან" საქართველოს შესაძლო მიერთებას.
XS
SM
MD
LG