Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მოუტანა ავღანეთს ლოია ჯირგამ?


ანდრო ეული, პრაღა ერთმა წელმა განვლო მას შემდეგ, რაც ავღანეთში სრულიად ეროვნული ყრილობა ლოია ჯირგა იქნა მოწვეული, რომელმაც გარდამავალი მთავრობა აირჩია,






და როგორც ხსენებული ყრილობის მონაწილენი აცხადებენ, განვლილი 12 თვის მანძილზე არსებითად არაფერი შეცვლილა, ვინაიდან გარდამავალი მთავრობის მეთაურმა ჰამიდ კარზაიმ ვერ უზრუნველყო ქვეყანაში უშიშროება და სტაბილურობა

2002 წლის 11 ივნისს, ავღანეთის ყოველი რეგიონიდან ჩასული 1,500-ზე მეტი დელეგატი, ქაბულის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ტერიტორიაზე გაშლილ თეთრი ფერის ვეებერთელა კარავში შეიკრიბა ლოია ჯირგის ყრილობაზე, რომელმაც გარდამავალი მთავრობა აირჩია ჰამიდ კარზაის მეთაურობით. დღეს, ერთი წლისთავზე, ყრილობის მონაწილენი არაერთგვაროვან შეფასებას აძლევენ გარდამავალი მთავრობის მოღვაწეობას.

ჟურნალისტს, მოჰამად უსმან თარექს, რომელიც ლუგარის პროვინციის წარმომადგენელი იყო ეროვნულ ყრილობაზე, მიაჩნია, რომ გარდამავალმა მთავრობამ იმედი გაუცრუა ავღანელ ხალხს.

ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში უსმან თარექმა თქვა, რომ ავღანელი ხალხის ცხოვრების პირობები არ გაუმჯობესებულა, ქვეყანაში კვლავაც ძალადობისა და განუკითხაობის ატმოსფერო სუფევს, ცენტრალურ მთავრობას მხოლოდ ქაბული და მისი მიმდებარე დასახლებები ემორჩილება, ხოლო ავღანეთის ბიუჯეტი უცხოეთიდან მიღებულ დახმარებაზეა მთლიანად დამოკიდებული.

უსმან თარექმა გაიხსენა ის დაპირებები, ჰამიდ კარზაიმ რომ გააკეთა მას შემდეგ, რაც ლოია ჯირგამ, იგი, გარდამავალი მთავრობის მთაურად აირჩია [მოჰამად უსმან თარექის ხმა]: "ბატონმა კარზაიმ თქვა, რომ თუ ვერ გაართმევს თავს ნაკისრ ვალდებულებას, მაშინ ლოია ჯირგას მოიწვევს და გადადგება. საუბედუროდ, მთავრობა წარუმატებელი აღმოჩნდა, მაგრამ კარზაი არ გადამდგარა. ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ბონის შეთანხმებაშია ცალკე მოხსენიებული და ლოია ჯირგას ყრილობაზეც იქნა საგანგებოდ ხაზგასმული, ადამიანის უფლებებს ეხება. დაარსდა ადამიანის უფლებათა კომიტეტი, მაგრამ ვეებერთელა ბიუჯეტის მიუხედავად, კომიტეტს ამ მხრივ, არაფერი გაუკეთებია".

უსმან თარექმა განაცხადა აგრეთვე, რომ ვიდრე კარზაის მთავრობა არა მარტო ქაბულს, არამედ ქვეყნის მთელს ტერიტორიას არ მოაქცევს საკუთარ კონტროლქვეშ და უზრუნველყოფს უშიშროებას, ქვეყანაში შეუძლებელი გახდება აღდგენითი პროცესის გაგრძელება, ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობა აღარ მიაწვდის ქაბულს დახმარებას.

პაკისტანის ქალაქ ლაჰორში მცხოვრები რეგიონული ექსპერტი აჰმად რაშიდი ეთანხმება იმ აზრს, რომ ავღანეთის გარდამავალი მთავრობის მთავარი საზრუნავი განვლილი ერთი წლის მანძილზე უშიშროების პრობლემა იყო, რასაც გამომწვევი მიზეზიც გააჩნია [აჰმად რაშიდის ხმა]: "ვფიქრობ, ეს პრობლემა ამერიკის საგარეო პოლიტიკიდან მომდინარეობს, როცა ვაშინგტონმა არ აიღო ხელში ინიციატივა და არ დარაზმა საერთაშორისო თანამეგობრობა მშვიდობისდამცველები განეთავსებინათ ავღანეთის მთელს ტერიტორიაზე. უშიშროების პრობლემა აყოვნებს ბონში მოღწეული შეთანხმების სხვა პირობების შესრულებას, მათ შორის ახალი კონსტიტუციის მიღებას, პოლლტიკური პარტიების რეგისტრაციასა და არჩევნების ჩატარებას მომავალ წელს".

რიგითი ავღანელები, ვისაც ჩვენი რადიოს კორესპონდენტი გაესაუბრა ქაბულის ქუჩებში, ამბობენ, რომ მათი ცხოვრების პირობები განვლილი 12 თვის მანძილზე არ გაუმჯობესებულა.

ხოლო გარდამავალი მთავრობის მომხრეები აცხადებენ, რომ ჰამიდ კარზაიმ და მისი კაბინეტის წევრებმა ნულიდან დაიწყეს ყველაფერი, და რომ უაღრესად ძნელი იქნებოდა იმაზე მეტის მიღწევა, რაც განვლილი ერთი წლის მანძილზე გაკეთდა მრავალწლიანი ომებით გაჩანაგებულ ქვეყანაში, სადაც არც ინფრასტრუქტურაა შემორჩენილი და ბიუროკრატიაც აღარ ფუნქციონირებს. როგორც ეს ადამიანები აღნიშნავენ, პირველად განვლილ ათწლეულზე მეტი ხნის მანძილზე, ავღანეთს დღეს ჰყავს საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა, ქვეყანაში შემოღებულია ახალი ეროვნული ვალუტა, 2 მილიონზე მეტი ლტოლვილი მშობლიურ სახლ-კარს დაუბრუნდა, ხოლო 4 მილიონამდე ბავშვმა, მათ შორის გოგონებმაც, განაახლეს საერო სკოლებში სწავლა.

თავისუფალი და სამართლიანი დემოკრატიული არჩევნები 2004 წლის ივნისში უნდა მოეწყოს ავღანეთში. მანამდე, ლოია ჯირგას ყრილობა იქნება მოწვეული, რომელიც ქვეყნის ახალ კონსტიტუციას დაამტკიცებს.
XS
SM
MD
LG