Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი თბილისში


27 ივნისს 2 დღიანი ვიზიტით თბილისს სომხეთის პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი ეწვია. საგულისხმოა, რომ ეს ვიზიტი ქოჩარიანის პირველი საგარეო ტურნეა სომხეთის პრეზიდენტად ხელმეორედ არჩევის შემდეგ,

იმ არჩევნების შემდეგ, რომელთან დაკავშირებითაც ევროპის საბჭომ სომხეთისთვის კარის დახურვა გადაწყვიტა. ამ გარემოების, აგრეთვე, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის მიერ გაკეთებული იმ განცხადების ფონზე, რომლის თანახმად, აზერბაიჯანის არმიას ძალუძს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, შეიძლება ითქვას, რომ ქოჩარიანი თბილისს სომხეთისთვის, ცოტა არის იყოს, რთულ ვითარებაში ესტუმრა. მინდა გესაუბროთ იმაზე, თუ რა განმარტება მიიღო სომხეთის დელეგაციამ თბილისში სოჭი-სოხუმი-თბილისი-ერევნის სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენასთან დაკავშირებით და, აგრეთვე, სომხეთის პრეზიდენტის თბილისში ვიზიტის სხვა დეტალებზე.


პრეზიდენტად ხელმეორედ არჩევის შემდეგ რობერტ ქოჩარიანი პირველად თბილისს რომ ესტუმრა, შემთხვევითი არ ყოფილა. მეზობელ სომხეთში უმაღლესი პირები - პრეზიდენტი იქნება ის თუ პარლამენტის თავმჯდომარე - თანამდებობაზე არჩევის შემდეგ პირველი ოფიციალური ვიზიტით სწორედ საქართველოში ჩამოდიან ხოლმე. ეს ერთგვარი ტრადიციაა და საკმაოდ ნიშანდობლივიც. მიუხედავდ იმისა, რომ სამხრეთ კავკასიაში სომხეთი რუსეთის პლაცდარმად მიიჩნევა, საქართველო კი - უფრო ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების მომძლავრების სივრცედ, სომხეთს და საქართველოს ერთმანეთთან ბევრი რამ აკავშირებს. ამ ორ ქვეყანას აქვს სერიოზული პრობლემები და ამ პრობლემების გადაჭრაში სჭირდებათ კიდეც ერთმანეთი, განსაკუთრებით - სომხეთს, რომელსაც არცთუ სახარბიელო გეოგრაფიული მდებარეობა, ზღვაზე გაუსვლელობა, დიდი ხანია - განსაკუთრებით კი, ბოლო ათწლეულში - ტანჯავს. აფხაზეთის კონფლიქტმა მას მოსკოვთან პირდაპირი გზა მოუჭრა. შემოვლითი გზით ერთი ტონა ტვირთის გადაზიდვა სომხებს 25 დოლარი უჯდებათ. ამდენად, სოჭი-სოხუმი-თბილისი-ერევნის სარკინიგზო მაგისტრალის გადაკეტვა მათ სერიოზულად აზარალებთ. რადგან ქოჩარიანის თბილისში ჩამოსვლა ამ მაგისტრალის აღდგენის თაობაზე რუსეთისა და საქართველოს დელეგაციების სამუშაო შეხვედრას მოჰყვა, მოსალოდნელი იყო, რომ საქართველოსა და სომხეთის დელეგაციები სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენაზე მსჯელობას განსაკუთრებულ ადგილს დაუთმობდნენ. ასე არ მოხდა: მხარეებს ამ საკითხზე მსჯელობა განსაკუთრებულ ხარისხში არ აუყვანიათ, თუმცა ქოჩარიანმაც და სომხეთის დელეგაციის სხვა წევრებმაც აღნიშნეს სომხეთის სისხლხორცეული დაინტერესება იმით, რომ აღდგეს პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლა ერევანსა და მოსკოვს შორის, საქართველოს გავლით.

[რობერტ ქოჩარიანის ხმა] "ჩვენ დაინტერესებული ვართ ამ სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენით. ამით მოიგებს სომხეთიც, საქართველოც და მთელი რეგიონიც. ჩვენთვის ცნობილია იმ შეთანხმებების შესახებ, რასაც რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტებმა მიაღწიეს და ვისურვებდით ამ შეთანხმებების რეალიზაციას. "

ეს განცხადება რობერტ ქოჩარიანმა თბილისში ედუარდ შევარდნაძესთან ორსაათნახევრიანი შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ამავე პრესკონფერენციაზე შევარდნაძემ განმარტა, რომ საქართველო ნომერ პირველ ამოცანად აფხაზეთში ენერგოობიექტების აღდგენას სახავს, მეორე ნომრად - აფხაზეთში, პირველ რიგში კი, გალის რაიონში, დევნილთა დაბრუნებას. " რკინიგზის აღდგენა დევნილთა დაბრუნებას უნდა მოჰყვეს," - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა და ამით გამოკვეთა აზრი, რომ რკინიგზის აღდგენა საქართველოსთვის მესამე რიგის ამოცანაა. რობერტ ქოჩარიანის თბილისში ვიზიტის კონკრეტული შედეგი იქნება ორმხრივი შეთანხმებები ინფორმაციის, სპორტის და კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. 28 ივნისს ქოჩარიანი საქართველოში სომხურ დიასპორას შეხვდება და სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონსაც მოინახულებს.
XS
SM
MD
LG