Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არ სრულდება ეუთოს სტამბულის გადაწყვეტილება?


საქართველოში ეუთოს გენერალური მდივნის მოადგილის იან კუბიშის ხუთდღიანი ვიზიტის განმავლობაში არც მასპინძლებს და არც სტუმარს გაკვრითაც არ უხსენებიათ ეუთოს

სტამბულის 1999 წლის ნოემბრის სამიტის დასკვნითი დებულება საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ. შეგახსენებთ, რომ საქართველოში რუსეთის სამხედრო ძალების 250 ერთეულზე მეტი მძიმე ტექნიკისა და 5000 კაციანი პირადი შემადგენლობის ყოფნა აშკარად არღვევს ძალთა ბალანსს სამხრეთ კავკასიაში და ხელს უშლის ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ეუთოს ადაპტირებული ხელშეკრულების ამოქმედებას, რაც რუსეთს არაერთი ტრიბუნიდან შეახსენეს. რატომ არ სრულდება ეუთოს სტამბულის სამიტის შეთანხმება?

თებერვლის შემდეგ რუსეთსა და საქართველოს სამთავრობო დელეგაციებს შორის საქართველოს ტერიტორიაზე დარჩენილი ორი რუსული სამხედრო ბაზის გაყვანის ვადებისა და გრაფიკის შესახებ მოლაპარაკება აღარ გამართულა. რაც რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოში დარჩენილი ცოცხალი ძალისა და საბრძოლო ტექნიკის გაყვანის სანაცვლოდ მოითხოვა, უფრო ულტიმატუმს ჰგავდა - ან ბაზების ეტაპობრივი გაყვანა 11 წლის განმავლობაში, ან ერთჯერადი საკომპენსაციო საფასურის, 80 მილიონი დოლარის, გადახდა. საქმეს ვერ უშველა ვერც ნატოს ნოემბრის სამიტის ერთობლივმა დეკლარაციამ და ვერც ეუთოს პორტოს სამიტის კომუნიკემ, რომელიც რუსეთს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულების შესრულებას შეახსენებს. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კახა სიხარულიძე აცხადებს, ქართული მხარის არაერთი ნოტის მიუხედავად, რუსეთი არ ჩქარობს მოლაპარაკების განახლებას, რითაც აშკარა უპატივცემულობას გამოხატავს საერთაშორისო საზოგადოების მიმართ.

[კახა სიხარულიძის ხმა] “ძალიან მარტივად ვთქვათ: მთელი ცივილიზებული ევროპა შეთანხმებულია იმაზე, რომ ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალები -ტანკი, ავტომატი, ქვემეხი, ე.წ. “ბეტეერი” და ასე შემდეგ - ყველა ქვეყანაში, ვინც არის ამ ხელშეკრულების მონაწილე, უნდა იყოს დათვლილი და ეს უნდა იყოს ფიქსირებული.მაშინ როცა, უაზროდ არის გაწელილი რუსეთის სამხედრო ბაზების ყოფნა საქართველოში, მაშინ როცა ვერ ხერხდება მაგ ტექნიკის დათვლა და ფიქსაცია, ვერ შევა ხელშეკრულება ძალაში.” [სტილი დაცულია]

ბაზების გაუყვანლობის საკითხი პირდაპირ კავშირშია მთლიანად სამხრეთ კავკასიისა და, კერძოდ, საქართველოს უსაფრთხოების პრობლემასთან. საქმე ისაა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ორ სამხედრო ბაზაზე რუსეთს იმაზე უფრო მეტი მძიმე შეიარაღება და ტექნიკა აქვს, ვიდრე თავად მასპინძელ ქვეყანას. ამას ემატება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ორი სამშვიდობო კონტინგენტი თავისი შეიარაღებითა და სეპარატისტული რეჟიმების განკარგულებაში არსებული სამხედრო ძალა, რომელიც არც ერთ ევროპულ დოკუმენტში არ არის განცხადებული
და უკანონოდ ითვლება.

ცალკე პრობლემაა ეკოლოგიური და ფინანსური ზარალი, რაც ამ სამხედრო ტექნიკის ექსპლუატაციას ახლავს თან - მთელი ამ წლების განმავლობაში, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რუსეთი ხომ არც მიწის და არც ქონების გადასახადს არ იხდის
და მხოლოდ ორი თვის წინ, და ისიც დიდი დიპლომატიური ომის შემდეგ, დასთანხმდა საქართველოს მოთხოვნას, საკუთარი პირადი შემადგენლობისთვის ხელფასები ლარებში აენაზღაურებინა. შესაძლოა, მცირე წინსვლად მივიჩნიოთ ისიც, რომ რუსეთმა ივალდებულა საგარეჯოს საინჟინრო მასალათა საწყობის დემონტაჟი, რომელიც მალე დასრულდება. მაგრამ ამის იქით სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით ყრუ კედელია აღმართული და, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში ვარაუდობენ, 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების დასრულებამდე არაფერი შეიცვლება.

ამის შემდეგ მოდი და ნუ დაიჯერებ, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები მართლა გადამწყვეტია საქართველოსთვის.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG