Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუკოსის წინააღმდეგ საქმის აღძვრას პოლიტიკური საფუძველი აქვს


ხუთშაბათს რუსეთის პრემიერ-მინისტერმა მიხაილ კასიანოვმა განაცხადა, რომ პრივატიზაციის პროცესი შეუქცევადია. ძნელი სათქმელია რამდენად დამამშვიდებელი აღმოჩნდა კასიანოვის

განცხადება რუსეთის იმ მაგნატებისთვის, რომლებიც კომპანია "იუკოსის" ფინანსურ საქმიანობაზე გამოძიების დაწყების გამო საკმაოდ შეშფოთებული არიან. არა იმდენად "იუკოსის", არამედ საკუთარი ბედით, რომ კრემლი შეუდგება გასული საუკუნის 90-იანი წლების პრივატიზაციის პროცესის გადახედვას და რუსეთის სხვა მაგნატებსაც შეაწუხებს. ბევრი შიშობს, რომ "იუკოსის" წინააღმდეგ წარმოებული საქმის საფუძველი პოლიტიკურია. ნინო გელაშვილს მოუსმინეთ:

გასულ კვირაში რუს მეწარმეთა კავშირის პრეზიდენტმა არკადი ვოლსკიმ პრეზიდენტ პუტინს გადასცა წერილი, რომელშიც მას ხელისუფლებასა და ქვეყნის მსხვილ მეწარმეებს შორის დაძაბულობის მოხსნას სთხოვდა. ოთხშაბათს, 16 ივლისს პუტინი მეწარმეთა კავშირის პრეზიდენტს შეხვდა, თუმცა, შეხვედრა დიდად ნაყოფიერი არ აღმოჩნდა. თავად არკადი ვოლსკიმ პუტინთან შეხვედრის შემდეგ პროგნოზირებისგან თავი შეიკავა და განაცხადა: "ბრეჟნევს, ან ჩერნენკოს თუ შევადარებთ, რომლებთანაც მე მომიხდა მუშაობა, პუტინს თვითონ მაინც ესმის რაზე ლაპარაკობს". პუტინი კი ჯერჯერობით მხოლოდ იმას იმეორებს, რომ არ შეიძლება ადამიანი დააპატიმრო და მერე შეუდგე იმის გარკვევას არის, თუ არა ის მართლა დამნაშავე. "ჯერ უნდა გაარკვიო და მერე დაიჭირო", - ამბობს რუსეთის პრეზიდენტი "იუკოსის" ჯგუფის წევრი კომპანია "მენატეპის" თანამფლობელის პლატონ ლებედევის დაპატიმრების შესახებ.

"იუკოსისთვის" პრობლემების შექმნამ ბევრს კიდევ უფრო გაუმყარა იმედი, რომ რუსეთის ხელისუფლება ცდილობს დიდი ბიზნესის წარმომადგენლები პოლიტიკასთან არ მიუშვას, ცდილობს მათი დაშინების გზით ერთგვარად აკონტროლოს ქვეყნის კაპიტალი. ამ მოსაზრებას ამყარებს ლონდონში მყოფი ბორის ბერეზოვსკის ერთი წლის წინანდელი წინასწარმეტყეველებაც, რომ მედიაზე კონტროლის მოპოვების შემდეგ, ხელისუფლება ბიზნესსაც მიადგება. ბერეზოვსკი "კომერსანტისთვის" მიცემულ ინტერვიუში "იუკოსთან" დაკავშირებულ ისტორიას რუსეთის ხელისუფლების შიდა და გარე პუბლიკისთვის გათვალისწინებულ საჩვენებელ გამოსვლას უწოდებს. მოვლენის პრეზენტაციულობის საფუძველს რუსეთის პუბლიკისთვის კი ასე განმარტავს: "ხელისუფლების ერთ-ერთი ამოცანაა არ დაუშვას კაპიტალის კონსოლიდაცია, როგორც ეს 1996 მოხდა. მე მხედველობაში მაქვს არა მხოლოდ მსხვილი, საშუალო კაპიტალიც. მათ კონსოლიდაციაში კი პოლიტიკურ პრეტენზიებს ვგულისხმობ. პუტინმა ხომ თავიდანვე განაცხადა: ბიზნესს მიხედეთ და პოლიტიკაში ცხვირს ნუ ჩაყოფთო. მაგრამ ეს ხომ წარმოუდგენელია - მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს კაპიტალი პოლიტიკური მისწრაფებების გარეშე", - აცხადებს ბორის ბერეზოვსკი. მას მიაჩნია, რომ ბიზნესმა არ შეიძლება უარი თქვას ქვეყნის მართვაში მონაწილეობაზე.

"იუკოსის" მიმართ ხელისუფლების არაკეთილგანწყობაზე მიმოხილველები ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აპრილში ალაპარაკდნენ, როცა "იუკოსისა" და "სიბნეფტის" შერწყმაზე დაიწყო ლაპარაკი. მაშინ "იუკოსის" ხელმძღვანელი მიხაილ ხოდორკოვსკი ამბობდა:

042243
[ხოდორკოვსკის ხმა]
"ამ გაერთიანებულ გუნდებს საკმაოდ მაღალი პოტენციალი აქვთ. შეიძლება, რუსეთში საუკეთესო პოტენციალიც კი. ის პროექტები, რომელთა განხორციელებასაც უახლოეს მომავალში ვფიქრობთ, არის დიდი, რთული პროექტები. ჩვენთვის აუცილებელია საერთაშორისო დივერსიფიკაცია, აუცილებელია გასვლა ახალ, რთულ რეგიონებზე".

თუკი ერთის მხრივ ხელისუფლება, პრემიერ-მინისტრ კასიანოვის სახით აცხადებდა, რომ "ასეთი კომპანიების კონსოლიდაცია აუცილებლად გამოიწვევს რუსეთის კონკურენტუნარიანობის ზრდას მსოფლიოს ნავთობის ბაზარზე. ეს მნიშვნელოვანი და დადებითი მოვლენაა", - მეორე მხრივ - კასიანოვის ამ განცხადების საპირისპიროდ იმავე პერიოდში ხელისუფლება, ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახით აღმოსავლეთ ციმბირში არსებულ საბადოებზე "იუკოსის" ლიცენზიების მკაცრ რევიზიას აწარმოებდა, რის რეალურ მიზეზსაც ბევრი ექსპერტი იმაში ხედავდა, რომ რუსეთის ხელისუფლებას სურდა ნავთობისა და გაზის მწარმოებელი სახელმწიფო საწარმოების "როსნეფტისა" და "გაზპრომის", ანუ საკუთარი ინეტერესები დაეცვა.

საყურადღებოა ის ცნობაც, რომ ერთ-ერთი საქმე იუკოსის წინააღმდეგ სწორედ "როსნეფტის" პრეზიდენტ სერგეი ბოგდანჩიკოვის განცხადების საფუძველზე მოხდა. შეერთებული შტატებიდან დაბრუნებულმა მიხაილ ხოდორკოვსკიმ ამაზე მხოლოდ განაცხადა, რომ თუ ეს სიმართლეს შეეფერება, ეს სამარცხვინოა. თუმცა, საინტერესო მოსაზრება აქვს ამის თაობაზე ბორის ბერეზოვსკის, რომელმაც "კომერსანტს" განუცხადა, რომ "როსნეფტის" პრეზიდენტის სახელის გამოჩენა ამ ამბებში პროვოკაციაა იმისათვის, რომ "იუკოსის" საწინააღმდეგო პროცესს ბიზნეს-გარჩევის სახე მისცენ და არა ხელისუფლების დიდი გეგმის ნაწილისა.

ხოდორკოვსკის მიაჩნია, რომ მიმდინარე კამპანია კერძო ინტერესებს ემსახურება და რომ ეს ყველაფერი ქვეყნიდან კაპიტალის გადინებას შეუწყობს ხელს. მართალია, "იუკოსის" ლიდერი ჯერჯერობით საკუთარი კომპანიის ზარალზე საუბარს ქვეყნის ზარალზე საუბარს ამჯობინებს და სახალხოდ მაინც ინარჩუნებს სიმშვიდეს, ერთ-ერთი, მათ შორის ბერეზოვკისეული პროგნოზით, მასაც აიძულებენ დატოვოს რუსეთი. მეორე, უფრო რბილი პროგნოზით, რუსეთის ხელისუფლება შეიძლება შეეგუოს სინამდვილეს, რომ მსხვილი ბიზნესის შეშინება არც ისე იოლია და უკან დაიხიოს. ჟურნალი "ეკონომისტი"-ც ხოდორკოვსკის შევიწორების კამპანიის ორ შესაძლო საფუძველს განიხილავს: ორ ბიზნეს დაჯგუფებას შორის კონფლიქტსა და ხოდორკოვსკის პოლიტიკიდან ჩამოშორების მცდელობას.

ამ ვარაუდების საფუძვლიანობას მოვლენათა განვითარება დაგვანახებს. ერთი რამ ახლაც ცხადია: "იუკოსის" წინააღმდეგ დაწყებულმა პროცესმა უკვე მოახდინა უარყოფითი ეკონომიკური ზეგავლენა როგორც თავად ამ კომპანიის, ისე მისი კონკურენტების, მათ შორის "გაზპრომის" საქმიანობაზე.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG