Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონის ახალი გეგმა ავღანეთში ვითარების სტაბილიზების მიზნით


ანდრო ეული, პრაღა თითქმის ორმა წელმა განვლო მას შემდეგ, რაც ავღანეთში თალიბების რეჟიმი დაემხო,

და მაინც, ავღანეთში ყოველდღე ხდება შეტაკებები შეერთებული შტატების ჯარსა და თალიბებისა და "ალ-ყაიდის" შეიარაღებულ რაზმებს შორის. ამასობაში თეთრმა სახლმა შეიმუშავა ახალი გეგმა, რომელიც უშიშროების განმტკიცებასა და მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებას ითვალისწინებს ავღანეთში, სადაც მომავალი წლის ივნისში საყოველთაო არჩევნები უნდა გაიმართოს.


სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელმა უილიამ ტეილორმა, რომელიც ავღანეთის საკითხებში აშშ-ის პოლიტიკის კოორდინატორია, ჩვენი რადიოს ვაშინგტონელ კორესპონდენტს უთხრა, რომ ახალი გეგმის თანახმად შეერთებული შტატები ერთი მილიარდი დოლარით გაუზრდის ფინანსურ დახმარებას ავღანეთს. [უილიამ ტეილორის ხმა]: "ჩვენ დამატებით სახსრებს გამოვყოფთ ავღანეთში სკოლებისა და სამედიცინო დაწესებულებების ასაშენებლად. დამატებითი სახსრები გამოიყოფა ასევე ავღანეთის ეროვნული არმიის მოსამზადებლად. სახსრებს მიიღებს უკვე მოქმედი პროგრამაც, რომელიც ეროვნული პოლიციის, აგრეთვე მესაზღვრეებისა და საგზაო პოლიციის გაწვრთნას ითვალისწინებს."

ცნობა იმის შესახებ, რომ ვაშინგტონი ქაბულის მიმართ სტრატეგიის შეცვლას აპირებს, ამ ზაფხულს გავრცელდა. გასული თვის პირველი ორი კვირის განმავლობაში თალიბებისა და "ალ-ყაიდის" შეიარაღებულ რაზმებთან მომხდარი შეტაკებებისას ავღანეთში 90-მდე ადამიანი დაიღუპა.

აგვისტოს დასაწყისში, გაზეთმა "ვაშინგტონ პოსტმა" გამოაქვეყნა ცნობა, რომ პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციას განზრახული აქვს თავისი საგანგებო წარგზავნილი ავღანეთში ზალმაი ხალილზადი ქაბულში ელჩად დანიშნოს და მიანიჭოს მას ფართო უფლებამოსილება, როგორითაც ერაყში სარგებლობს ამერიკის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პოლ ბრემერი.

ამ ცნობას კრიტიკა მოჰყვა ავღანეთის ოფიციალურ წარმომადგენელთა მხრიდან: თეთრი სახლის ეს განზრახვა მათ ავღანეთის სუვერენიტეტის შეზღუდვად მიიჩნიეს.

უილიამ ტეილორმა თავი აარიდა კომენტარს ელჩად ხალილზადის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით, მაგრამ კატეგორიულად უარყო ვარაუდი, რომ შეერთებული შტატების ახალ ელჩს ქაბულში ფართო უფლებამოსილება მიენიჭება [უილიამ ტეილორის ხმა]: "ამგვარი პარალელის გავლება ავღანეთში დანიშნულ ნებისმიერ ამერიკელსა და ერაყში დროებითი ადმინისტრაციის უფროსს ბრემერს შორის უაზრობა და უგუნურებაა, ვინაიდან მთავარი და მნიშვნელოვანი, აქ, არსებითი განსხვავებაა ავღანეთსა და ერაყს შორის. ავღანეთს ჰყავს ხალხის მიერ არჩეული, სავსებით კანონიერი, სუვერენული მთავრობა, რომელიც ჩვენი სრული მხარდაჭერით სარგებლობს. სულ სხვა ვითარებაა ამ მხრივ ერაყში."

უილიამ ტეილორმა ასევე უარყო გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, თითქოს ვაშინგტონს განზრახული ჰქონდეს, ავღანეთის სამინისტროებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე დანიშნოს ამერიკელი ექსპერტები, როგორც ეს ერაყში მოხდა. ტეილორის თქმით, ამერიკელი ექსპერტები კვლავაც რჩევა-დარიგებასა და ტექნიკურ დახმარებას გაუწევენ ავღანელ მინისტრებს, როგორც ეს აქამდე ხდებოდა, ხოლო ხელმძღვანელ თანამდებობებზე თავად ავღანელები იმუშავებენ.

უილიამ ტეილორმა დაადასტურა ცნობა, რომ ვაშინგტონს განზრახული აქვს ავღანეთის პროვინციებში ეგრეთ წოდებული "აღმშენებლობითი გუნდების" რიცხვი. ამჟამად ქვეყანაში ოთხი ასეთი გუნდი საქმიანობს და თითოეული მათგანი 50-დან 70-მდე წევრს ითვლის.

თუმცა, უსაფრთხოება მაინც რჩება ავღანეთის უმთავრეს პრობლემად. ამერიკისა და ავღანეთის სამთავრობო ჯარის შენაერთები ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე ზაბულის პროვინციაში ებრძვიან ამჟამად თალიბების რაზმებს, რომლებმაც წმიდა ომი გამოუცხადეს ავღანეთში უცხო ძალებს, ჰუმანიტარულ ორგნიზაციებსა და მოკავშირეებს. უკანასკნელი ბრძოლის დროს დაიღუპა 70-მდე თალიბი, აგრეთვე, ორი ამერიკელი და 11 ავღანელი ჯარისკაცი.
XS
SM
MD
LG