Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორი მოდელით უნდა წარიმართოს ერაყის აღორძინება?


საერთაშორისო დონორები მზად არიან მილიონობით დოლარი გაიღონ ერაყის რეკონსტრუქციის საქმეში, როგორც კი ვითარება, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ქვეყანაში კონტროლს დაექვემდებარება.

მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ სხვა მაღალი ინტენსივობის კონფლიქტების კერების, სახელდობრ, ბოსნიისა და ავღანეთისგან განსხვავებით, ერაყის სტაბილიზების პროცესი ახლებურ მიდგომას მოითხოვს.
იმის შესახებ, თუ რაში მდგომარეობს ეს განსხვავებული მიდგომა, კობა ლიკლიკაძე გვესაუბრება.


ორი დღის წინ, ბრიუსელში, დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე, საერთაშორის დონორებმა ერაყის რეკონსტრუქციის ხელშეწყობისთვის აუცილებელი შეთანხმების პროექტი განიხილეს. ეს შეხვედრა გახლდათ ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპი მადრიდის ოქტომბრის კონფერენციისა, რომელზეც უკვე კონკრეტული გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული. თუმცა, რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტ სერგეი დანოლოჩკინთან საუბარში ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომისრის წარმომადგენელმა, ემა უდვინმა განაცხადა, რომ ზოგიერთი დონორი მზადაა ერაყისთვის ფინასური დახმარების აღმოსაჩენად, ოღონდ ერთი პირობით.

[ემა უდვინის ხმა] "რასაკვირველია, უსაფრთხოება და შესაბამისი პირობების შექმნა მნიშვნელოვანია დონორებისათვის, რომლებიც მზად არიან მონაწილოება მიიღონ ერაყის რეკონსტრუქციის პროცესში."

აღსანიშნავია, რომ ერაყის რეკონსტრუქციის პოტენციურ დონორთა შეხვედრაზე ბრიუსელში, სამშაბათს, ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის, მსოფლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ერაყის მმართველი საბჭოსა და დროებითი ადმინისტარციის წარმომადგენლებმა მოიყარეს თავი.
შეხვედრის მონაწილეების თქმით, კოსოვოს, ბოსნიისა და ავღანეთისგან განსხვავებით, რეკონსტრუქციის პროცესისთვის დამახასიათებელი სიძნელეების დასაძლევად ერაყს თავად აქვს უნიკალური ბუნებრივი სიმდიდრე, პირველ ყოვლისა, ნავთობის საბადოების სახით. მაგრამ ნავთობის ბრიტანელი ექსპერტის კენ კოულის თქმით, სანავთობო ინფრასტრუქტურის კონდიციამდე მიყვანას, ისევ და ისევ, საერთაშორისო დონორების დახმარება სჭირდება.

[კენ ქოულის ხმა] "რა თქმა უნდა, დიდ პრობლემას წარმოადგენს გადაუმუშავებელი ნავთობის სატრანსპორტო პორტებამდე მიტანა. კერძოდ, ნავთობსადენის აფეთქებისა და საბოტაჟის გამო, პრობლემაა ერაყის ჩრდილოეთ რეგიონიდან, ქირკუკიდან ადრეული ნავთობის გადაზიდვა ჯეიჰანში, გაწყვეტილია სანავთობო კავშირები ქალაქ ბასრასთან და, შესაბამისად, სანამ არ არის უზრუნველყოფილი უსაფრთხოების პრობლემა, წამყვანი ნავთობკომპანიები რეალური ნაბიჯების გადადგმისგან თავს შეიკავებენ."

უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარდა, დონორებისთვის პრობლემას წარმოადგენს ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატის არარსებობა ერაყში. კიდევ ერთი პრინციპული საკითხია დონორების მიერ გაღებული თანხების განკარგვის უფლება. საერთაშორისო დონორების აზრით, ერაყის აღორძინებისთვის ინვესტირებული თანხების განკარგვა, დამოუკიდებლად, ამერიკის შეერთებული შტატების დანიშნული ერაყის სამოქალაქო ადმინისტარციის ჩარევის გარეშე უნდა მოხდეს.

კობა ლიკლიკაძის მონათხრობს დავძენთ, რომ ვინაიდან ძირითადი ყურადღება უსაფრთხოების პრობლემაზეა კონცენტრირებული, მადრიდის ოქტომბრის კონფერენციამდე დარჩენილ დროში ჯერ კიდევ არ არის ნათელი, თუ რა თანხის გაღებას აპირებენ დონორები. ამიტომ შეახსენებდა დონორებს ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომისარი კრის პატენი, რომ "იაფად თქვენ ვერ შეძლებთ ღია, დემოკრატიული და თანამედროვე საზოგადოების აშენებასო".
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG