Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლების პოლიტიკური საყრდენი


საპარლამენტო არჩევნების წინ სახელისუფლო ბლოკის ლიდერები აცხადებენ, რომ სერიოზულ გამარჯვებას გეგმავენ

და პარლამენტში უმრავლესობით მოსვლისთვის ემზადებიან. პრეზიდენტს, თავის გუნდთან ერთად, ყველა წინამორბედი არჩევნები მოგებული აქვს, თანაც, მზარდი უპირატესობით. მაგრამ 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებში ედუარდ შევარდნაძე ელექტორატის წინაშე პირველად წარსდგება ახალ გუნდის თანხლებით. ამიტომ, შედეგების წინასწარ გათვლისთვის, წარსულის ანალოგია, შესაძლოა, შეუსაბამო აღმოჩნდეს.

თუ ვიტყვით, რომ 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში ედუარდ შევარდნაძე ახალ გუნდთან ერთად წარსდგება ამომრჩევლის წინაშე, შესაძლოა, საზოგადოების ნაწილის გაოცება გამოვიწვიოთ. პოლიტიკისთვის ახალ სახეებად ვერ მივიჩნევთ ვერც ერთ ადამიანს, რომელიც სახელისუფლო ბლოკის საარჩევნო სიის პირველ ათეულში, ან, თუნდაც, ოცეულში მოხვდება. უფრო მეტიც, დღევანდელი პარტნიორების აბსოლუტური უმრავლესობა წარსულშიც პრეზიდენტის თანამოაზრე და თანამებრძოლი იყო. მაშ, რა საფუძველი აქვს იმის მტკიცებას, რომ ედუარდ შევარდნაძე საპარლამენტო არჩევნებში ახალი გუნდით მონაწილეობს?

პოლიტიკისგან შორს მყოფმა ადამიანებმაც კი კარგად იციან, როგორ შეიცვალა ძალთა განლაგება ბოლო ორი წლის განმავლობაში. ის ჯგუფი, რომელიც "ჟვანიას გუნდის" სახელით იყო ცნობილი, პრეზიდენტს გაემიჯნა და დაუპირისპირდა. საქმე არ ეხება რამდენიმე ადამიანის პოლიტიკური პოზიციის შეცვლას. "ჟვანიას გუნდთან" ერთად ხელისუფლებას ჩამოსცილდა ის ნაწილი, რომელიც ორიენტირებული იყო ცვლილებებზე, გარდაქმნაზე, რეფორმებზე.

იმის მიუხედავად, რომ რეფორმატორების გუნდი წლების განმავლობაში საქმიანობდა ხელისუფლების სხვადასხვა შტოს უმაღლეს და მაღალ პოსტებზე, დღემდე არავინ იცის მათი შესაძლებლობების ზედა ან ქვედა ზღვარი. ისინი საუბრობდნენ რეფორმების აუცილებლობაზე და ხელისუფლებაც მაშინ დატოვეს, როდესაც მათი გეგმები პრეზიდენტისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. მაგრამ ეს სრულებით არ არის საკმარისი იმისათვის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რა სურს ან რა შეუძლია პოლიტიკოსების ახალ თაობას. ედუარდ შევარდნაძის ფაქტორი ფარავს ყველაფერს, რაც მისი პრეზიდენტობის ხანაში ხდება. ამიტომ, ჟვანიას, სააკაშვილის, მაჭავარიანის, ნოღაიდელის ან სხვათა რეალურ შესაძლებლობებს საზოგადოება მხოლოდ იმის შემდეგ შეაფასებს, როდესაც შევარდნაძე აქტიურ პოლიტიკას ჩამოსცილდება.

ამიტომ, ახლა უნაყოფოა იმაზე მსჯელობა, თუ რას წარმოადგენდა სინამდვილეში პრეზიდენტის ძველი პოლიტიკური საყრდენი. ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ ამ საყრდენზე წლების განმავლობაში ერთმანეთის გვერდით ინარჩუნებდნენ ადგილს ადამიანები, რომლებიც გარდაქმნებს ითხოვდნენ და ისინიც, ვინც არსებულ სისტემას მკერდით იცავდა. ესე იგი, პრეზიდენტი წლების განმავლობაში ინარჩუნებდა ვითარებას, როდესაც შეეძლო გაეძლიერებინა ერთი ჯგუფი, რომელიც მას არსებული სისტემის გარდაქმნაში დაეხმარებოდა, ან - მეორე, რომელიც არსებული სისტემის ხელუხლებლობისთვის იბრძოლებდა. ეს არ ყოფილა იდეოლოგიის თემა. პოლიტიკოსების ერთი ნაწილი საკუთარ ადგილს ახალ სისტემაში ხედავდა, მეორე კი - ძველში. ბოლოს და ბოლოს, პრეზიდენტმა არჩევანი სწორედ მეორე ნაწილზე შეაჩერა.

მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, თუ როდის გაცხადდა ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკური ნება. არჩევანი პირველი საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე რომ გაკეთებულიყო, შესაძლოა გვეფიქრა, რომ შევარდნაძემ, ძალაუფლების შესანარჩუნებლად, გაითვალისწინა ნიკოლო მაკიაველის ცნობილი თვალსაზრისი: "არ არსებობს საქმე, რომლის გაკეთება იმაზე ძნელი იყოს, ხოლო წარმატება - იმაზე მეტად საეჭვო, ვიდრე ძველი წესების ახლით შეცვლაა. ვინც არ უნდა გამოვიდეს მსგავსი წამოწყებით, მას ელოდება მტრობა იმათი მხრიდან, ვისთვისაც სასარგებლოა ძველი წესები, ხოლო სიცივე იმათი მხრიდან, ვისთვისაც სასარგებლოა - ახალი".

მაგრამ პრეზიდენტმა გარდაქმნაზე, ძველი წესების ახლით შეცვლაზე უარი თქვა იმ პერიოდში, როდესაც მისი ძალაუფლების კონსტიტუციური ვადა იწურებოდა; როდესაც მას შესანარჩუნებელი ჰქონდა მხოლოდ ერთი: სახელმწიფოს დამფუძნებლის სახელი. ეს კი, ახალი წესების დამკვირდების გარეშე, შეუძლებელი იყო, არის და იქნება.

დღეს უეჭველია, რომ ედუარდ შევარდნაძემ თავისი ადგილი და სამომავლო ფუნქცია დაინახა ძველ სისტემაში, ძველ წესრიგში. რა არის მოტივი პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებისა, რომელიც უსარგებლოა მისთვის და სახელმწიფოსთვის... იქნებ ის, რაც უსარგებლოა ქვეყნისთვის, სასარგებლო და შეუცვლელი აღმოჩნდეს ძალაუფლების შესანარჩუნებლად სწორედ მაშინ, როცა კონსტიტუციური ვადა იწურება?! თუ ეს მოხდება, შეიძლება ითქვას, რომ ედუარდ შევარდნაძემ აჯობა დროს და, მასთან ერთად, საკუთარ ქვეყანას და ხალხსაც აჯობა.
XS
SM
MD
LG