Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრეფიკინგი და სექს-ტურიზმი ბალტიის რესპუბლიკებში


ბოლო დღეების ყველაზე გახმაურებული ინფორმაცია ბალტიისპირეთის შესახებ, ალბათ, კალათბურთს ეხება

- მსმენელს არ გამორჩებოდა ცნობა ევროპის ჩემპიონატში ლიტვის ეროვნული ნაკრების ბრწყინვალე გამარჯვების შესახებ. მაგრამ თემა, რომელსაც ახლა გთავაზობთ, სპორტს და, საერთოდ, რაიმე სახის წარმატებას არ ეხება - ეს გახლავთ ადამიანებით, უმეტესწილად ქალებით ვაჭრობა, ანუ ტრეფიკინგი, რომელიც კომუნისტური რეჟიმისაგან გათავისუფლებულ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, დემოკრატიზაციისა და დასავლეთთან დაახლოების თანხმლებ უარყოფით პროცესად გამოიკვეთა. ამ თემაზე ადრეც არაერთხელ გვისაუბრია - დღეს კი გიამბობთ ტრეფიკინგის თავისებურებებზე ბალტიის ქვეყნებში.

ბალტიის ზღვა მდიდრებსაც ესაზღვრება და ღარიბებსაც. მის ჩრდილოეთით და დასავლეთით ფინეთი და შვეცია, ცოტა მოშორებით დანია და ნორვეგია მდებარეობენ, მაშინ როცა აღმოსავლეთით რუსეთი გადაშლილა. რუქაზე ასევე აღმოსავლეთით ვხედავთ ესტონეთს, ლატვიასა და ლიტვას, მათ კი კალინინგრადის რაიონი და პოლონეთი ესაზღვრებიან. ჩამოთვლილი, ბალტიის ზღვის აღმოსავლეთში მდებარე ქვეყნებიდან ერთიც არ არის, კომუნისტური რეჟიმის დამხობის შემდგომ გარდამავალ პერიოდში სოციალურ-ეკონომიკური ქარტეხილები რომ არ გამოევლოს, და, მეტ-ნაკლებად მძიმე ფორმით, დღემდე არ გამოდიოდეს. მაშინ როცა ბალტიის ზღვის დასავლეთით, სკანდინავიის სახელმწიფოები მთელს მსოფლიოში ლიდერობენ კეთილდღეობის, მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

სიღატაკისა და სიმდიდრის ასეთმა სიახლოვემ ხელსაყრელი პირობები შეუქმნა ტრეფიკინგსა და მასთან დაკავშირებულ სექს-ტურიზმს, რომელიც დაახლოებით შემდეგში მდგომარეობს: დავუშვათ, ფინელი მამაკაცი ჩადის ესტონეთში, სადაც, თუ მეძავთან ურთიერთობის სურვილი აქვს, ამას თავის სამშობლოსთან შედარებით გაცილებით უფრო იაფად გააკეთებს. ხოლო რაც შეეხება მეძავებს - ისინი ადგილობრივი, ან ესტონეთის აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნებიდან ჩასული ქალები არიან.

როგორც ჩვენმა კოლეგამ ბრეფნი ორურკმა შეიტყო, დღეს ტალინში მოქმედი საროსკიპოების რიცხვი 50-ს აღწევს, მაშინ როცა ქალაქის მოსახლეობა 400 000-ს არ აღემატება. იმავდროულად ესტონეთსა და ბალტიის დანარჩენ რესპუბლიკებს იყენებენ ერთგვარ სატრანზიტო ზონად აღმოსავლეთში მოგროვილი ქალების დასავლეთში გადასაყვანად. [აუდა სიპავჩიენეს ხმა] "ეს მართლა ძალიან ცუდია. ზუსტი მაჩვენებლები არავინ იცის და მათი მოპოვება შეუძლებელიც არის, ვინაიდან ლაპარაკია არალეგალურ პროცესებზე. მაგრამ ექსპერტების შეფასებით, ბალტიის რეგიონიდან წლიურად 2-3 ათასი ქალი გაჰყავთ და ვფიქრობთ, მათი ნახევარი ლიტვიდან. ასე, რომ ჩანს, ტრაფიკინგის მხრივ ამ სამი ქვეყნიდან უმძიმესი ვითარება ლიტვაშია", უთხრა ჩვენს კორესპონდენტს მიგრაციის საერთაშორისო კომიტეტის რეგიონული განყოფილების ხელმძღვანელმა, აუდა სიპავჩიენემ. თუმცა, მისივე თქმით, ლიტვაში, ისევე როგორც ლატვიაში, მთავრობას ურიგო ზომები როდი აქვს მიღებული ტრაფიკინგისა და პროსტიტუციის წინააღმდეგ: [აუდა სიპავჩიენეს ხმა] "პროგრამა მართლაც ძალიან კარგია. ერთი ის არის, რომ სათანადოდ არ ფინანსდება. რაღაც თანხები არის, მაგრამ პროგრამას არ შეესაბამება. თუმცა, ტრეფიკინგის პრობლემაზე სხვა ორგანიზაციებიც მუშაობს: მათ შორის ჩვენი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია. ჩატარებული გვაქვს ძალიან დიდი საინფორმაციო კამპანია".

სიპავჩიენემ ფულის ნაკლებობა მოიხსენია - ფულზე საუბრისას კი, როგორც წესი, მდიდარი ქვეყნები ახსენდებათ ხოლმე...

ბალტიის სახელმწიფოები, მოგეხსენებათ, ევროკავშირისაკენ მიისწრაფიან - სამიოდე დღის წინ ესტონეთში გამართულმა რეფერენდუმმა დაადასტურა, რომ ელექტორატის უმრავლესობა ემხრობა ევროკავშირში გაწევრიანებას. ასეთივე მისწრაფება მაისში გამოხატეს ლიტვაში და თითქმის დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ლატვიაშიც გამოხატავენ სამიოდე დღეში, 20 სექტემბრის რეფერენდუმზე. შედეგად, ბალტიის სახელმწიფოები ტრეფიკინგის საკითხში ფინანსურ დახმარებასაც გაინაღდებენ. როგორც ევროკომისიის პრეს-მდივანი სოციალურ საკითხებში, ანტონია მოჩანი განმარტავს: [ანტონია მოჩანის ხმა] "ქალთა და ბავშვთა სქესობრივი ექსპლუატაცია, სადაც არ უნდა ხდებოდეს ის, ევროკავშირის შეშფოთებას იწვევს. ცხადია, ეს ფენომენი გამოკვეთილია აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპასა და ბალკანეთში და ვიღებთ მთელ რიგ ზომებს ტრეფიკინგის წინაღმდეგ ამ რეგიონებში."

ამ ზომების ნაწილს აფინანსებს ფონდი "დაფნა", რომლით სარგებლობის საშუალებაც ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატ აღმოსავლეთევროპულ ქვეყნებს ექნებათ. ფონდი 20 მილიონ ევროს მოიცავს და მიზნად ისახავს ქალებისა და ბავშვების დაცვას ძალადობისაგან. ამჟამად ლაპარაკია ტრეფიკინგის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე, რასაც ემატება, ან მომავალში დაემატება სამართალდამცველთა ქმედითუნარიანობის გაუმჯობესება, ფულის რეცხვის აღკვეთა, ადამიანის უფლებათა დაცვა...

ეს, რაც შეეხება ფონდით "დაფნა" გათვალისწინებულ ზომებს. საერთოდ კი მთავარ ამოცანად, რომლის შესრულებას ერთი ფონდი, ბუნებრივია ვერ შეძლებს, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას მიიჩნევენ, რათა ქალები სიღატაკემ აღარ გახადოს ტრეფიკინგის მსხვერპლი. ეს მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატ ქვეყნებს არ ეხება, ისევე, როგორც საერთოა შემდეგი პრობლემა: პროსტიტუცია და ტრაფიკინგი სარფიანი ბიზნესია და მასში ჩაბმული მაფიური დაჯგუფებები იმდენად დიდ მოგებას ნახულობენ და -შესაბამისად -იმდენად მოტივირებული არიან, რომ მათ "დაფნის" მსგავსი პროგრამები ალბათ ვერ დააფრთხობს... [ტარმუ ტამერკის ხმა]
"აქ სულ უფრო ხშირად გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ ესტონეთი ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ შესაძლოა იაფფასიანი სექსის სამოთხედ იქცეს უმეტესწილად ჩრდილოეთით მდებარე სახელმწიფოების და, შესაძლოა, სხვა რეგიონების მოსახლეებისათვის".

როგორც ესტონელი პოლიტოლოგის, ტარმუ ტამერკის ეს სიტყვები ადასტურებს, ტრეფიკინგის პრობლემის მოგვარების პერსპექტივაზე სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. ის კი ეჭვს არ იწვევს, რომ ტრეფიკინგის შემთხვევაში ლაპარაკია უკიდურესად რთულ პრობლემაზე, რომლის სრულად და საბოლოოდ აღმოფხვრა ისევე წარმოუდგენელია, როგორც სიღატაკის სრულად და საბოლოოდ დამარცხება. მაგრამ, რომ იტყვიან, ოცნებას კაცი არ მოუკლავს - და გარდა ამისა, შესაძლებელია შემცირდეს ტრეფიკინგის მასშტაბი მაინც, რომელმაც ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებსა და საბჭოთა რესპუბლიკებში ბოლო ათწლეულის კატაკლიზმების გამო არნახულად იმატა.
XS
SM
MD
LG