Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბევრი ერაყელი - განსაკუთრებით ქურთები - თურქეთის არმიის იქ შესვლას ეწინააღმდეგება


ბევრი ერაყელია მოწინააღმდეგე მათ ქვეყანაში მეზობელი სახელმწიფოს - თურქეთის - ჯარის შესვლისა. მათი აზრით, ვითარებას ეს კიდევ უფრო გააუარესებს. განსაკუთრებით

ძლიერ წინააღმდეგობას აწყდება ეს გეგმა ერაყელ ქურთებში, რომელთაც თურქეთთან ისტორიულად აქვთ მოუგვარებელი ურთიერთობა. ეს რეპორტაჟი ბაღდადიდან ჩვენმა კორესპონდენტმა ვალენტინას მიტემ გადმოგვცა.


ის ერაყელები, რომლებიც მათ ქვეყანაში თურქეთის არმიის შესვლას ეწინააღმდეგებიან, თავიანთ პოზიციას წარსულის გამოცდილებით ამართლებენ. ისინი ძველ მტრობაზე ლაპარაკობენ და აღნიშნავენ, რომ თურქები სუნიტები არიან, ერაყის მოსახლეობის უმეტესობა კი - შიიტები. გასულ კვირაში თურქეთის პარლამენტმა დაამტკიცა მთავრობის გადაწყვეტილება, გაგზავნოს ჯარი ერაყში აშშ-ის მეთაურობით მოქმედი არმიის განკარგულებაში. გადაწყდა, რომ ამ მისიისთვის გამოყონ 12 ათას ჯარისკაცამდე და დაიწყონ ქვეითთა ორი ბრიგადის მომზადება. მაგრამ თურქეთს კეთილ შეხვედრას არ მოუწყობენ ერაყში. ერაყის მმართველმა საბჭომ განაცხადა, რომ კატეგორიული წინააღმდეგია ყველა მეზობელი ქვეყნის არმიის და, განსაკუთრებით, თურქეთის ჯარის ერაყში შესვლისა. ჩვენი კორესპონდენტი ეწვია ერაყელთა პოლიტიკურ ორგანიზაციებს, რათა ეკითხა ხალხისთვის, რას ფიქრობენ ამ განთავსებაზე. ქარიმ მურზელ თომა, შუახნის შავწვერა კაცი, შიიტთა უდიდესი ჯგუფის, ერაყის ისლამური რევოლუციის, უზენაესი საბჭოს მომხრეა. ის თურქების მაჰმადიანობას ეჭვქვეშ აყენებს და ამბობს, თურქები მაჰმადიანებად მოიხსენიებიან, მაგრამ სულით არ არიან ისლამის მიმდევარნიო. თომას არ ახსოვს ოსმალეთის იმპერია, მაგრამ მამისა და პაპის მონაყოლიდან იცის, თუ რა მძიმე იყო თურქების ოკუპაცია. ჩვენ პირველ მსოფლიო ომში ბრიტანელები ვამჯობინეთ, ახლა კვლავაც ამერიკელებსა და ბრიტანელებს ვამჯობინებთ თურქებს, - აცხადებს ის და ამბობს: [თომას ხმა] "თურქები ძუნწები და საზიზღრები არიან, მათი სიძუნწის წყარო ჩვენდამი სიძულვილია. თურქი როცა გესალმება და გიღიმის, გულში სძულხარ." თომა დარწმუნებულია, რომ თურქებს მხოლოდ ჩრდილოეთი ერაყის, ნავთობით მდიდარი რეგიონის, მოსულის მხარის, ხელში ჩაგდება სურთ. ზუსტად ამ რეგიონის ქურთები არიან ყველაზე მეტად ამხედრებული თურქეთის ჯარის შესვლის წინააღმდეგ. შაჯან მუსტაფა ალ ჯაფი ახალგაზრდა ქურთი ისტორიკოსია, რომელმაც იცის, რომ თურქეთი ოსმალეთის იმპერიაში ქურთებს სასტიკად ჩაგრავდა და ახლა იმასვე განაგრძობს:
[ჯაფის ხმა] "არა მგონია, მოიპოვებოდეს ქურთი, რომელიც თურქეთის ჯარის ერაყში შესვლას ემხრობოდეს. რატომ? იმიტომ რომ ისტორიული სიძულვილი არსებობს." ერაყელი კომუნისტები ეთანხმებიან ამ აზრს. კომპარტიის წევრია ალი, რომელიც ფიქრობს, რომ თურქეთის ჯარი მეტ პრობლემას გააჩენს, ვიდრე ახლა აქვს ერაყს. მისი თქმით, თურქეთის არმიის მოსვლის მიზეზი არა უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, არამედ ქურთთა შეიარაღებული ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლა. [ალის ხმა] "ქურთების იგნორირება არ შეიძლება. პრობლემებია ქურთებისა და თურქების ურთიერთობაში. ამ გზით იქნებ ქურთისტანის კომპარტიის ძალების გაკონტროლება სურთ, ეს კი პრობლემაა ჩვენთვის. ამასთან, ისტორიული მიზეზებიც გვაქვს. ამიტომაა, რომ თურქეთის არმია პრობლემებს შექმნის". ვარაუდობენ, რომ ირანსა და ერაყს შორის, მთებში, ქურთისტანის მუშათა პარტიის 5000-მდე მეომარი იმალება, ოჯახებთან ერთად. თურქეთი მათ საფრთხედ მიიჩნევს და სდევნის. ერაყში ცხოვრობს ასევე თურქებთან ენობრივად და კულტურულად მონათესავე თურქომანთა ეროვნული უმცირესობა, რომელიც, ალბათ, ერთადერთი ჯგუფია, სიხარულით რომ ელის თურქეთის არმიის ერაყში შესვლას. ერაყის თურქომანთა კავშირის წევრი ქამალ ნური მიესალმება თურქების იქ შესვლას: [ნურის ხმა] "მთელი გულით ვემხრობი თურქეთის ჯარის მოსვლას. არამარტო თურქეთის ჯარს ვემხრობი, ვემხრობი ყველა არმიას, რომელიც სამშვიდობო მისიით მოვა და ეს ერაყის ხალხს სურს. ამიტომ ვემხრობი თურქეთის არმიას".
თურქეთის პარლამენტის გადაწყვეტილების მიუხედავად, არ არის გარკვეული, როდის ჩავა ერაყში თურქეთის ჯარი. ანკარაცა და ვაშინგტონიც აცხადებს, რომ ამას დრო დასჭირდება. ამ აქტის მოწინააღმდეგეთა შორის რომ ექსტრემისტებიც არიან, ბაღდადში, თურქეთის საელჩოსთან, თვითმკვლელის მიერ ბომბის აფეთქებით დადასტურდა.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG