Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეათე სტუდია


511-ე გამოშვება.

ბიძინა რამიშვილი:
ძვირფასო რადიომსმენელებო. გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ, 511-ე გამოშვებას. დღეს გესაუბრებით აფხაზეთის კონფლიქტსა და ოლსტერში არსებულ ვითარებას შორის პარალელებზე; თქვენს ყურადღებას მივაპყრობთ საქართველოს საგარეო ურთიერთობის თავისებურებებს; მოგითხრობთ განბაჟებასთან დაკავშირებულ პარადოქსებზე; ჩვენი დღევანდელი სტუმარია უცხოეთში მცხოვრები ქართველი მსახიობი ნათია კავსაძე; გადაცემას დასავრულებთ კიდევ ერთ მსახიობზე, ლეგენდარულ მარიკა როკზე საუბრით, რომელიც ამ დღეებში 90 წლის იუბილეს ზეიმობს.
პრაღაში პროგრამას უძღვება ბიძინა რამიშვილი.


ოლსტერი და ქართულ-აფხაზური კონფლიქტი: პარალელები დაფიქრებისათვის

ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაცია "შერიგების რესურსები" შესაძლოა, ცნობილი იყოს ჩვენი მსმენელისთვისაც. ეს ორგანიზაცია აქტიურად არის ჩაბმული აფხაზეთის კონფლიქტის შერბილების გზათა ძიებაში. შერიგების რესურსებმა დააფინანსა ქართველი და აფხაზი ჟურნალიტები, რომელთაც გადაიღეს ფილმი გალის რაიონში დაბრუნებულ ქართველებსა და აფხაზებისა და ქართველების თანაცხოვრებაზე დღევანდელ აფხაზეთში. ფილმს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა: ავტორებს ხან პატრიოტიზმის დეფიციტში სდებდნენ ბრალს, ხან, პირიქით, აღნიშნავდნენ მათ ტაქტსა და უნარს, დაენახათ პოზიტიური მომენტები აფხაზებისა და ქართველების დღევანდელ ურთიერთობებში. შერიგების რესურსები ამ ფილმის ავტორებს - სტუდია რე-ს ჟურნალისტებს, მიხეილ მირზიაშვილსა და მამუკა ყუფარაძეს, აგრეთვე მათ აფხაზ კოლეგებს - სვეტლანა კორსაიასა და იბრაგიმ ჭკადუას კიდევ ორი ფილმის გადაღებაში დაეხმარა. ერთი ისევ აფხაზეთს ეხება, მეორე კი ჩრდილოეთ ირლანდიას. ამ კვირაში ოლსტერის კონფლიქტის შესახებ ქართველი და აფხაზი ჟურნალისტების ერთობლივი ფილმის პრემიერა შედგა თბილისში, სოროსის ფონდში. დავით პაიჭაძე გაესაუბრა ფილმის ავტორებსა და მაყურებლებს იმაზე, თუ რით არის ჩრდილოეთი ირლანდიის გამოცდილება საგულისხმო ქართველებისათვის.

ჩრდილოეთ ირლანდიაში კათოლიკებისა და პროტესტანტების კონფლიქტის შესახებ ფილმის დასრულების შემდეგ სტუდია რე მუშაობას მორიგ ფილმზე აგრძელებს. სტუდიის დირექტორი მიხეილ მირზიაშვილი აღნიშნავს

[მირზიაშვიილს ხმა] "ამჯერად ჩვენ ვმუშაობთ - ვასრულებთ, მონტაჟის ფაზაშია ფილმი პირობითი სათაურით "აფხაზეთი-საქართველო - 10 წლის შემდეგ". ჩვენ აფხაზ ჟურნალისტებთან ერთად ვიმოგზაურეთ აფხაზეთში და ასევე, როგორც ერთმა გუნდმა, დავიწყეთ მოგზაურობა ზუგდიდის რაიონიდან, ვიყავით კახეთში. ძირითადად ვხვდებოდით დევნილებს. ამ ფილმის იდეა ის გახლავთ, რომ ვაჩვენოთ, რითი ცხოვრობს დღეს საზოგადოება აფხაზეთში და საქართველოში".

რაც შეეხება ფილმს ჩრდილოეთი ირლანდიის შესახებ, მიხეილ მირზიაშვილი ამბობს, ის სწორედ იმიტომ გადაიღეს, რომ გამოიწვიოს დისკუსია ოლსტერის დადებითი გამოცდილების გაზიარებისა და გათვალისწინების შესახებ აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგებისათვის. მიხეილ მირზიაშვილის თქმით, პირველი ნაბიჯი კონფლიქტის მოსაგვარებლად არის მისი გადასვლა შეიარაღებული, სისხლიანი ფაზიდან პოლიტიკურ ფაზაში. დაპირისპირებამ ქუჩიდან პარლამენტში გადაინაცვლა. ქართულ-აფხაზური კონფლიქტი ტრანსფორმაციას საჭიროებს, ხელის ერთი დაკვრით მისი მოგვარების მოლოდინი არავის არ უნდა ჰქონდეს.

[მირზიაშვილის ხმა] "ქართულ-აფხაზური კონფლიქტი არის ფაზაზში, როცა ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს საბრძოლო მოქმედებების განახლება. სამშვიდობო პროცესი ძალიან სათუთი პროცესია და მისი დანგრევა ასევე ძალიან იოლია. ერთი მნიშვნელოვანი რამ, რის დანახვასაც ვისურვებდი ჩემს საზოგადოებაში: ჩრდილოეთ ირლანდიაში მე ვნახე, რომ ორივე მხარე, კათოლიკე და პროტესტანტი პოლიტიკოსები, თამამ ნაბიჯებს დგამენ. კონფლიქტის დარეგულირება იქ, ასე ვთქვათ, შემოქმედებით პროცესში ხდება. მომწონს, რომ პოლიტიკური ლიდერები საკუთარ თავზე ძალიან ბევრ რამეს იღებენ, ანუ თამამები არიან".

ასეთი სითამამის ნიმუშად მიხეილ მირზიაშვილს მიაჩნია, მაგალითად, ორივე მხარის პოლიტიკოსთა შეთანხმება, ციხიდან გამოეშვათ მსჯავრდებული ტერორისტები, როგორც პროტესტანტები, ისე კათოლიკები.

ისტორიის დოქტორმა გიორგი ანჩაბაძემ ჩვენთან საუბრის დროს აღნიშნა რამდენიმე კონკრეტული სვლა, რომელმაც ხელი შეუწყო ჩრდილოეთ ირლანდიაში კონფლიქტის შენელებას და შესაძლებელი გახადა დაპირისპირებულ მხარეთა მეტ-ნაკლებად მშვიდობიანი თანაცხოვრება. ასეთი სვლა იყო, მაგალითად, კათოლიკე და პროტესტანტი მოქალაქეების უფლებრივი გათანაბრება.

[ანჩაბაძის ხმა] "ძალიან ბევრს მუშაობენ სოციალური დისბალანსის დასაძლევად და წარმატებაც აქვთ. საგანგებო პოლიტიკას წარმართავენ სკოლებში: თუ არ ვცდები, იქ კათოლიკებსა და პროტესტანტებს ცალ-ცალკე სკოლები აქვთ და პოლიტიკოსები ცდილობენ თემების დაახლოებას. ბევრი რამის გათვალისწინება შეგვიძლია - კითხვა: დიდი განსხვავება ის არის, რომ ჩრდილოეთი ირლანდიიდან არც ერთი ჯგუფი არ აუყრიათ და არ უიძულებიათ, დაეტოვებინა საცხოვრებელი ტერიტორია. ეს ძირეული განსხვავება ჩრდილოირლანდიურ გამოცდილებას ჩვენთვის ფუჭად ხომ არ აქცევს? - პასუხი: დიდი ბრიტანეთი ძლიერი სახელმწიფოა და მან მოახერხა, რაღაც ფარგლებშიო შეენარჩუნებინა ეს კონფლიქტი. ამასტან, ძალიან მნიშვნელოვანად მიმაჩნია ის, რომ ბრიტანეთის ძალოვანი სტრუქტურები თითქმის ერთნაირად სჯიდნენ ორივე მხარეს, ბალანსის დაცვას ცდილობდნენ. ის, რა თქმა უნდა, სხვანაირი კონფლიქტია, მაგრამ ბევრი რამ საყურადღებოა მისი მოგვარების მცდელობასა და პოლიტიკოსების ნებაში, ეძიონ კომპრომისები".

მიხეილ მირზიაშვილისა და გიორგი ანჩაბაძის აზრით, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებას აშკარად აკლია ორი ხსენებული რამ: პოლიტიკური ნება და პოლიტიკოსები, რომელბიც მართლა გამოხატავენ საზოგადოებრივი ჯგუფების ინტერესებს. აკლია ორივე - როგორც ქართული, ისე აფხაზური მხრიდან.

დავით პაიჭაძე, რადიო თავისუფლებისთვის, თბილისი.


საქართველოს საგარეო ურთიერთობის თავისებურებები

ბოლო დროს ქართული საზოგადოებაში მეტ-ნაკლებად მოიკიდა ფეხი მოსაზრებამ, რომ "აშშ თანდათანობით ზურგს აქცევს საქართველოს, რაც მისთვის განკუთვნილი ფინანსური დახმარების მოცულობის შემცირებით გამოიხატება; ამ ფონზე კი უმჯებესდება ურთიერთობა რუსეთთან და, ამდენად, საქართველოს საგარეო ორიენტაციის შეცვლაზეც შეიძლება საუბარი".

რამდენად შეესაბამება ამგვარი მოსაზრება სინამდვილეს? საზოგადოდ, როგორ შეიძლება დახასიათდეს, საქართველოს დამოკიდებულება იმ ფასეულობების მიმართ, რომლებიც, ერთი მხრივ, აშშ-ისთვის და, მეორე მხრივ, რუსეთისთვისაა დამახასიათებელი.

ამ საკითხების გარშემო საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობა კვლევის ფონდის პრეზიდენტს ალექსანდრე რონდელს გიორგი კაკაბაძე ესაუბრა.

ალექსანდრე რონდელის თქმით, აშშ-ის მიერ საქართველოსთვის განკუთვნილი ფინანსური დახმარების შემცირება წინასწარ დაგეგმილი იყო. მაგრამ ამას დაემთხვა ისიც, რომ ქვეყნის ხელისუფლება, სახელმწიფო აპარატი მეტად უნიათო აღმოჩნდა, ამერიკის მიერ რიგ პროგრამებზე გამოყოფილი სახსრები არაეფექტურად დახარჯა, რამაც დახმარების შეკვეცის შემოღება დააჩქარა. თუმცა, ჩემი თანამოსაუბრე ამაში კატასტროფულს ვერაფერს ხედავს, რადგან დახმარება გრძელდება ისეთ მნიშვნელოვან სფეროშიც, როგორიც შეიარაღებული ძალების მშნებლობაა.

საუბარში კორუფციის თემასაც შევეხე. ალექსანდრე რონდელი აღნიშნავს:

[რონდელის ხმა]"რა თქმა უნდა ის დახმარება, რომელიც დასავლეთიდან და, კერძოდ, შეერთებული შტატებიდან მოდის, უფრო ეფექტურად რომ ყოფილიყო გამოყენებული, ეს უფრო შეგვეტყობოდა ჩვენ და ამის გამო უკმაყოფილება არსებობს არა მხოლოდ ამერიკელებში, არამედ ქართველებშიც.

რაც შეეხება კორუფციას, სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტის უკანასკნელი მონაცემებით, ჩვენ ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა ვართ მსოფლიოში. ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვითაც, ყოფილ სოციალისტურ ბანაკში უკანასკნელ ადგილზე ვართ".

რაც შეეხება რუსეთს, ალექსანდრე რონდელი ამბობს, რომ საქართველოს ყველა თავის მეზობელთან უნდა ჰქონდეს კარგი ურთიერთობა, მით უფრო ისეთ დიდ მეზობელთან, როგორიც რუსეთია. ამიტომ ნებისმიერ სფეროში ურთიერთობის ნორმალიზება მხოლოდ მისასალმებელია. თუმცა, ჩემი თანამოსაუბრე ხაზს უსვამს რუსეთის მისწრაფებას დსთ-ის სივრცეში დომინანტური ადგილის მოიპოვებისკენ. ამაზე რუსეთის პოლიტიკოსებს არაერთხელ უსაუბრიათ:

[რონდელის ხმა] "აი, ბატონი ჩუბაისი, ჩვენი ელიტის ზოგიერთი წარმომადგენლის უახლოესი მეგობარი და კოლეგა, როგორც ჩანს, მფარველიც, ამას წინათ გამოვიდა იდეით, რომ საბჭოთა კავშირის ნანგრევებზე რაღაც "ლიბერალური იმპერია" შეიქმნას. რა თქმა უნდა, მას რუსეთი უნდა განაგებდეს და იქ ყველას თავისი ადგილი უნდა მოეძებნოს. იმის მიხედვით, თუ როგორ მოქმედებს რუსეთის "ენერგეტიკული მამა" საქართველოში და თუ ასე გააგრძელა, ჩვენი ფუნქცია ამ ე.წ "ლიბერალურ იმპერიაში" სავსებით ნათელია".

ალექსანდრე რონდელი დასძენს, რომ ქართული პოლიტიკური ელიტის ზოგიერთი წარმომადგნელისთვის სავსებით მისაღებია "ლებერალური იმპერიის" იდეა, რადგან ასეთი იმპერიის პირობებში საკმაოდ იოლი იქნება უკანონო გზით გამდიდრება.

როგორც ბატონი ალექსანდრე აღნიშნავს, სწორედ ამიტომაა, რომ დრო და დრო ქართულ საზოგადოებაში ცდილობენ დასავლური სამყაროს კორუმპირებულობის შესახებ მცდარი აზრის დანერგვას.

მისი თქმით, ამ აზრის მცდარობას ყველაზე მარტივად ამერიკის ეკონომიკური მიღწევები ადასტურებს.

[რონდელის ხმა]"თუ ამერიკა ასეთი კორუმპირებულია, საიდან აქვს ამ ქვეყანას ცხრა ტრილიონი დოლარი ერთობლივი ეროვნული პროდუქტი და იმდენი ფული, რომ 120 ქვეყანას დაეხმაროს მსოფლიოში? ნეტა ასე "კორუმპირებულები" ჩვენც ვიყოთ. ამიტომ პიდაპირ უნდა ვთქვათ და ეს დასამალი არ არის: ის ნორმები და ის წესები, ჩვევები, რომლებიც ჩვენ გვაქვს ბიზნესში და პოლიტიკაში, მიუღებელია თანამედროვე დემოკრატიული ქვეყნის შესაქმნელად და, მით უმეტეს, გასავითარებლად".

ალექსანდრე რონდელი ამბობს, რომ ყოველივე ზემოთქმულთი, რასაკვირველია, არ გამორიცხავს რუსეთთან ურთიერთიბის ნორმალიზებას, მაგრამ, მისი თქმით, ეს ურთიერთობა თანაბარპარტნიორულ საფუძველზე უნდა იყოს აგებული და არა ცალკეული პირების ანგარებიანი ინტერესების დასაკმაყოფილებლად. ამასთან ჩემი თანამოსაუბრე ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ შეუცვლია დამოკიდებულება აშშ-ის მიმართ.

ასეთ ვითარებაში ბუნებრივად ჩნდება კითხვა საქართველოს მომავლის შესახებ:

[რონდელის ხმა] "ერთი ჩამორჩენილი, სუსტი სახელმწიფო ვართ. ამით ვიწყებთ არრსებობას, ასე იწყებდა ყველა. თუ მოვინდომებთ, გავხდებით ნორმალური, ძლიერი, სტაბილური სახელმწიფო მიმზიდველი საზოგადოებით. თუ არ მოვინდომეთ, რაც ვართ, ის დავრჩებით, მაგრამ დავიშლებით, ან წავიშლებით."

ბიძინა რამიშვილი:
ეს გახლდათ გიორგი კაკაბაძის მიერ მომზადებული მასალა. ლაპარაკობს რადიო თავისუფლება.


რა "ღირს" კორუფცია

დაახლოებით ერთი თვის წინ პრაღიდან რადიო "თავისუფლების" თბილისის ოფისში ამანათი გავგზავნეთ. ამანათის ღირებულება - ამანათში ჩვენი რადიოს ემბლემიანი კალმები და ქუდები გახლდათ - 109 დოლარად იყო შეფასებული. თბილისში ამანათის განბაჟება 200 დოლარზე მეტი დაჯდა. აქვე შევნიშნავთ, რომ ჩვენმა თბილისელმა ადრესატებმა ყველა ოფიციალური გადასახადი გადაიხადეს. თამარ ჩიქოვანი შეეცადა დაედგინა, რამდენად ნორმალურია ვითარება, როცა არაკომერციული ტვირთის განბაჟება ტვირთის საფასურს აღემატება.


დამეთანხმებით, არანორმალურად გამოიყურება ვითარება, როცა არაკომერციული ტვირთის განბაჟება ტვირთის ღირებულებას თითქმის ორჯერ აღემატება. ასეთ შემთხვევაში ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რა ღირს კომერციული მიზნით შემოტანილი ტვირთის განბაჟება? მეტიც: თუ კანონი ასეთ დიდ გადასახადს აწესებს, სახელმწიფო ბიუჯეტის შეუვსებლობა რატომ არის ქცეული მუდმივ პრობლემად?

არასამთავრობო ორგანიზაცია "კორუფციის კვლევის ცენტრი" რამდენიმე წელია იკვლევს საქართველოში კორუფციის მაღალი დონის განმსაზღვრელ მიზეზებს. ცენტრის ხელმძღვანელის, ანტიკორუფციული საბჭოს წევრის ნიკა ონიანის დასკვნა საკმაოდ პესიმისტურია:

[ნიკა ონიანის ხმა] "კანონმდებლობა არ ვარგა, არ ვარგან სახელმწიფო მოხელეები და არ ვვარგივართ ჩვენც. კი ვამბობთ, რომ კორუფცია ცუდია, კორუფცია არ ვარგა, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, პრაქტიკულად, ჩვენც იძულებულნი ვართ, კორუფციაში ჩავერთოთ ან , თუ თანამდებობაზე აღმოვჩნდით, ჩვენი პოზიცია იცვლება."

რამდენიმე წლის წინ კორუფციის კვლევის ცენტრმა ასეთი ექსპერიმენტი ჩაატარა: ვირტუალური ბიზნესი წამოიწყო იმის გასარკვევად, თუ რამდენად შესაძლებელია საქართველოში წესიერი ბიზნესის წარმოება, ანუ ყველა არსებული გადასახადის გადახდა. ვირტუალური ბიზნესის შედეგი საკმაოდ სამწუხარო აღმოჩნდა.

[ნიკა ონიანის ხმა] " ვთქვათ, მოვიდა ადამიანი, რომელმაც მოიტანა თავისი ფული, ჩადო რაღაც საქმეში და აბსოლუტურად ყველა გადასახადს იხდის. რა ელის მის ბიზნესს? საბოლოო ანგარიშში, საგადასახადო და საბაჟო ანგარიში არის მიმატება-გამოკლება. ორი ვარიანტი ავიღეთ: საწარმო, რომელიც რაღაცას აწარმოებს და ყიდის - შემოტანილ ნედლეულზე ვამუშავეთ ეს ჩვენი ვირტუალური საწარმო - და სავაჭრო ორგანიზაცია, რომელიც საბურავების იმპორტს აკეთებს და ყიდის. დაახლოებით ერთ წელიწადში, ყველაზე კარგ შემთხვევაში, ნულით მიდიხარ სახლში."

სად არის კორუფციის სათავე - საგადასახადო სამსახურის თანამშრომელთა დაბალ ხელფასებში, არარეალურად მაღალ გადასახადებსა თუ ქართველი ბიზნესმენების მცდელობაში, ნებისმიერი ხერხით არ გადაიხადონ გადასახადი?

[ნიკა ონიანის ხმა] " მოდის დამშეული საგადასახადოს ინსპექტორი, რომელმაც, გარდა იმისა, რომ უნდა აჭამოს უფროსობას, თვითონაც შია. ხვდება ბიზნესმენს, რომელსაც თავისი ფულის გადარჩენა უნდა. ანუ, ინტერესთა კონფლიქტი კი არა, ინტერესთა თანხვედრაა. საბოლოოდ, რომ დავთვალეთ, არც ისე ძვირი ღირდა ქრთამით საკუთარი ბიზნესის გადარჩენა. ასეთი შეფარდება იყო: წელიწადში ყველა მაკონტროლებელს 6500 ლარს უხდიდა ბიზნესმენი და დაახლოებით 80 ათას ლარს უმალავდა ბიუჯეტს."

ვნახოთ. არჩევნებამდე ერთი დღეა დარჩენილი. რა წვლილს შეიტანს კორუფციასთან ბრძოლაში ახალი პარლამენტი, დღეს ჩვენს არჩევანზეა დამოკიდებული.

თამარ ჩიქოვანი, რადიო თავისუფლებისთვის, თბილისი.


მარიკა როკი - 90

ბიძინა რამიშვილი:
სამსახიობო ხელოვნებაზე გვექნება ლაპარაკი ჩვენს შემდგომ სიუჟეტშიც. გესაუბრებით მსახიობზე, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა ომისშემდგომი პერიოდის საქართველოშიც.

მოცეკვავე და მომღერალი, მოგვიანებით კი კინოვარსკლავი მარიკა როკი მსუბუქი მუზის დედოფლად იყო შერაცხული გასული საუკუნის პირველ ნახევარში. ფილმებმა, რომლებშიც იგი პირუეტებით, ჰაეროვანი ნახტომებითა და სასიამოვნო უნგრული აქცენტით დაამახსოვრდა მაყურებელს, მას მილიონობით თაყვანისმცემელი მოუპოვა. 3 ნოემბერს მარიკა როკს 90 წელი უსრულდება.

"როცა ადამიანს ნიჭი დაჰყვება თან, ეს დიდი მოვალეობაცაა, რომლისთვისაც ღირს ცხოვრებაო", ამბობს რევიუების ყოფილი ვარსკვლავი. "დიდი მნიშვნელობა აქვთ ადამიანებსაც, რომლებთანაც გიხდება შეხვედრა შემოქმედებით გზაზე. ამ მხრივ მე ყოველთვის მიმართლებდა ბედი, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ. პუბლიკა კი ჩემი დიდი ოჯახი იყო. ყვავილებსა და წერილებს დღემდე მიგზავნიანო".
უნგრელი არქიტექტორის ქალიშვილი ქაიროში დაიბადა და ბუდაპეშტში აღიზარდა. იქ დაიწყო საბავშვო ბალეტში ცეკვა. 1924 წელს ოჯახი პარიზში გადავიდა და მარიკამ სასცენო სკოლა იქ გააგრძელა. როცა 1925 წელს მამამისმა მთელი ქონება დაკარგა, ოჯახის რჩენა იტვირთა 11 წლის გოგონამ, რომელიც ცნობილ "მულენ რუჟში" გამოდიოდა.

შემდგომ იყო ბროდვეი, სადაც მას "პირუეტების დედოფალი შეარქვეს". მოცეკვავე და მომღერალი ქალი ევროპაში ბუდაპეშტისა და ბერლინის, მონტე კარლოსა თუ ლონდონის და მრავალ სხვა სცენაზე გამოდიოდა.

ვენის ცირკის რევიუში გამოსვლისას იგი გერმანიის კინოსტუდია "უფა"-ს წარმომადგენელმა იხილა და მას მერე იგი კინოვარსკლავადაც მოევლინა თავის თაყვანისმცემლებს. მისი პირველი ფილმი იყო "მსუბუქი კავალერია". 1941 წელს გადაიღეს პირველ გერმანულ ფერად ფილმში "ქალები ხომ უკეთესი დიპლომატები არიან".

მის კარიერაში უმნიშვნელოვანესი რეჟისორი გახლდათ გეორგ იაკობი, რომელსაც მან თავისი პირადი ცხოვრებაც დაუკავშირდა და 1940 წელს ცოლად გაჰყვა.

ომისშემდგომ პერიოდში მარიკა როკს მუშაობის უფლება ჩამოერთვა. მაგრამ 1948 წელს მას კვლავ ვხედავთ სცენაზე, თუმცა ძველებური ბრწყინვალება ვეღარ აღიდგინა და კვლავ სცენას დაუბრუნდა.

უფროის თაობის რადიომსმენელები დამეთანხმებიან: საბჭოთა კავშირში საკულტო ფილმად იყო ქცეული "ჩემი ოცნების ქალიშვილი", რომელშიც როკი მთავარ როლს თამაშობდა.

მარიკა როკი მრავალი პრემიით არის დაჯილდოებული. 1981 წელს მას ოქროს ფირი მიენიჭა, 1987 წელს ბავარიის კინოპრემია, 1998 წელს კი საპატიო ბემბის პრიზი მიიღო კინოხელოვნეაში შეტანილი წვლილისთვის.

საიუბილეო თარიღს ყოფილი ვარსკვლავი ვენის მახლობლად, ბადენში ხვდება ქალიშვილთან ერთად..

[მუსიკა კინოფილმიდან "ამარკორდი"]

ფილმში, რომლიდანაც არის ეს მუსიკა, მარიკა როკს არ უთამაშია. მაგრამ ჩვენი გადაცემის ბოლოს გვინდა შეგახსენოთ, რომ ზუსტად ათი წლის წინათ, 1993 წლის 31 ოქტომბერს გადაიცვალა დიდი იტალილი კინორეჟისორი ფედერიკო ფელინი. ეს მუსიკა გახლავთ მისი კინოფილმიდან "ამარკორდი".

"მეათე სტუდია" დღეს პრაღაში მოამზადეს დავით კაკაბაძემ და ბიძინა რამიშვილმა. ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. მომავალ შეხვედრამდე ეთერში.

[მუსიკა]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG