Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ვარდების რევოლუცია" რეგიონებში ინაცვლებს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ყოფილი გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები ჯერ კიდევ 23 ნოემბერს, პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომისთანავე, აცხადებდნენ, რომ ამ ეტაპზე უპირველესი ამოცანაა ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგისა და კანონიერების აღდგენა.

თბილისში 24 ნოემბერს საზოგადოებრივი წესრიგი აღდგა - პარლამენტის შენობის წინ, სადაც ბოლო 20 დღის განმავლობაში მიტინგები იმართებოდა, 24 ნოემბერს სიმშვიდე იყო. რა ხდებოდა რეგიონებში?

23 ნოემბერს, გვიან საღამოს, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ მოსახლეობისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ აუცილებელია უკვე 24 ნოემბრის დილიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საზოგადოებრივი წესრიგის და კანონიერების აღდგენა:

[ ნინო ბურჯანაძის ხმა] "ახლა თითოეული ჩვენგანისთვის, მთელი საქართველოსთვის უმთავრესია, რომ ქვეყანა ხვალიდანვე დაუბრუნდეს ცხოვრების მშვიდ და ჩვეულ რიტმს. უსწრაფესად და სრული მოცულობით უნდა აღდგეს წესრიგი, სტაბილურობა, სიმშვიდე ქვეყანაში. ეს ეხება როგორც დედაქალაქს, ასევე რაიონებს და რეგიონებს. მე მივმართავ სამართალდამცავი უწყების ხელმძღვანელებს, ოფიცერსა თუ რიგითს, დაუყოვნებლივ შეუდგნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას."
წესრიგის აღდგენა თბილისში, გარეგნულად მაინც, 24 ნოემბრისთვის მოხერხდა. თბილისის ცენტრში, რუსთაველის პროსპექტზე, ტრანსპორტი შეუფერხებლად მოძრაობდა. მძღოლები - 23 ნოემბრის საღამოსგან განსხვავებით - მოძრაობის წესების დაცვას, მეტ-ნაკლებად, ცდილობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის ქუჩებში საგზაო პოლიციის წარმომადგენლები არ ჩანდნენ.
რაც შეეხება რეგიონებს, ჩვენი გორელი თანამშრომლის გოგა აფციაურის ცნობით, ნაციონალური მოძრაობის წითელჯვრიანი დროშები უკვე ფრიალებს ხაშურის, კასპის და გორის ადმინისტრაციული შენობების თავზე:
[გოგა აფციაურის ხმა] " ამ წუთებში უკვე დაიწყო ის მოძრაობა, რასაც ჰქვია მინი ხავერდოვანი რევოლუციები რაიონებში. დაუმორჩილებლობის კომიტეტების წევრები - კონკრეტულად, ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ლიდერები - რაიონის გამგებლების მოადგილეებთან ერთად სამი დღით იღებენ ხელში მმართველობას."

ხუთჯვრიანი დროშა ფრიალებს კახეთის მხარის რამდენიმე გამგეობის შენობის თავზე, თუმცა თანამდებობა არ დაუტოვებია არც პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს კახეთის რეგიონში ბიძინა სონღულაშვილს და არც თელავის რაიონის გამგებელს. მათივე განცხადებით, ისინი მოვლენების განვითარებას ელოდებიან.

24 ნოემბერს ბოლო პრესკონფერენცია გამართა იმერეთის რეგიონში პრეზიდენტის ყოფილმა რწმუნებულმა თემურ შაშიაშვილმა, რომელიც ერთ-ერთი პირველი გახლდათ, ვინც ედუარდ შევარდნაძის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ განაცხადა, რომ ისიც ტოვებს პოსტს. ჩვენი ქუთაისელი თანამშრომლის ნინო ღაჭავას ცნობით, დაუმორჩილებლობის კომიტეტის წევრებს არ გასჭირვებიათ თემურ შაშიაშვილის კაბინეტის დაკავება.

[ნინო ღაჭავას ხმა] " მიტინგები მაინც ჩატარდა, ოღონდ მხოლოდ საინფორმაციო მიტინგები. მთელი დღის მანძილზე მერიასთან ხალხი იკრიბება. მეტწილად - ახალგაზრდობა. ხან - ბევრი, ხან - ნაკლები."
რაც შეეხება სამეგრელოს, იქ ადგილობრივი ხელისუფლება ხელში აიღო ეროვნული თანხმობისა და სამართლიანობის კავშირის თავმჯდომარემ გურამ აბსანძემ, რომელმაც თათბირზე მიწვეულ გამგებლებს და რწმუნებულის აპარატის თანამშრომლებს გადადგომის შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვა. სააგენტო "კავკას-პრესის" ცნობით, ისინი, ვინც გადადგომის თაობაზე განცხადებას წერენ, ამგვარ ფორმულირებას იყენებდნენ: "თქვენი დავალების თანახმად, გთხოვთ გამათავისუფლოთ."

ჩვენი ზუგდიდელი თანამშრომლის ლაშა ბერულავას ცნობით, მთლიანობაში, ზუგდიდში მშვიდი ვითარებაა. მეტიც - ბოლო 2 დღეა, იქ ელექტროენერგიის მიწოდების საკითხიც კი გაუმჯობესდა.
ასე ვითარდებოდა მოვლენები საქართველოს რეგიონებში, სადაც "ვარდების რევოლუციამ", როგორც ჩანს, შეუქცევადი ხასიათი მიიღო.
XS
SM
MD
LG