Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შიდსთან ბრძოლის დღე


1 დეკემბერს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნა.. ათი დღის წინ კი თბილისში შიდსით ინფიცირებულმა მამაკაცმა თავი მოიკლა. ქართველი ექიმები ამტკიცებენ,

რომ ამის მიზეზი საზოგადოების არაინფორმირებულობაა: საქართველოს მოსახლეობამ, როგორც ჩანს, არ იცის, რომ ჩვენში უკვე გამოჩნდა მედიკამენტები, რომელიც საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად გავუხანგრძლივოთ სიცოცხლე შიდსით ინფიცირებულებს. მე ვესაუბრე საქართველოში მოქმედ "შიდსის ცენტრის" მესვეურებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ჩვენში შიდსით ინფიცირებულთა რაოდენობა ევროპული ქვეყნების მონაცემებს უტოლდება.

საქართველოში დღეს შიდსით 2000-მდე ინფიცირებული და დაავადებულია. მათ შორის უმრავლესობა (ინფიცირებულთა 70 პროცენტი) ნარკომანია. სპეციალისტები ამტკიცებენ, ვირუსით დაავადების შანსებს - ნარკომანების უმრავლესობა კვლავაც დარწმუნებულია, რომ შიდსი "ჰომოსექსუალისტებისა და მეძავების დაავადებაა"... ყველაფერი ეს ჩვენს რეალობაში აისახა: სექსუალური გზით დაავადებულთა რაოდენობა საქართველოში მინიმალურია. ე.ი. საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა პროპაგანდა, რომელსაც "შიდსის ცენტრი" ეწეოდა საქართველოში: მოსახლეობის უმრავლესობამ იცის, რომ შემთხვევით სექსუალურ კონტაქტებს უნდა მოერიდოს, ან თავი დაიცვას პრეზერვატივით. ამ სიტყვის, "პრეზერვატივის", გაგონებაზე ჩვენში უკვე აღარავინ წითლდება.

შიდსის სპეციალისტებს ღვაწლი დაუფასეს. ზაფხულში საერთაშორისო ორგანიზაცია "გლობალ ფონდმა" საქართველოს 12 მილიონი დოლარი გამოუყო შიდსთან საბრძოლველად. როგორც ჩვენთან საუბარში შიდსისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა:

[თენგიზ ცერცვაძის ხმა] "შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის ფონდის წესდებით, ეს ფონდი, პირველ რიგში, ეხმარება იმ ქვეყნებს, სადაც შიდსის ეპიდემიის ყველაზე მაღალი დონეა. საქართველოში ასე არ არის. საქართველოში შიდსის შემთხვევების რიცხვი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში. ამიტომ ჩვენთვის ძალიან დიდი მიღწევა იყო ამ პროექტის დამტკიცება, რადგან ჩვენ არ გავდიოდით კრიტერიუმით - შიდსის ინტენსივობის მაღალი დონე. ჩვენ სხვა კრიტერიუმით მივაღწიეთ პროექტის დამტკიცებას - ეს იყო განაცხადის მაღალი ხარისხი."

ქართველებს პრეზერვატივების მოხმარების აღარ რცხვენიათ, მაგრამ არ არსებობს პრეზერვატივები შპრიცებისთვის, რომელსაც ნარკომანები იყენებენ. ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, დღეს უნდა ვიმსჯელოთ არა იმდენად ნარკოტიკების მავნებლობაზე, რამდენადაც სუფთა შპრიცით ნარკოტიკის მოხმარების აუცილებლობაზე. დღევანდელი 18 500-მდე ნარკომანია რეგისტრირებული, ამათგან 7000 ნარკოტიკებზეა დამოკიდებული. მათი 70 პროცენტი ოპოიდების (ჰეროინის) მომხმარებელია. თუმცა არსებობს არაოფიციალური მონაცემებიც, რომლის თანახმად, ნარკომანთა რაოდენობა საქართველოშო 150 000-ს აღწევს. ექიმები ამტკიცებენ, რომ სწორედ ეს ჯგუფია ყველაზე საშიში შიდსის გავრცელებისთვის. აღმოჩნდა, რომ ეგრეთ წოდებული "პროფესიონალი ნარკომანები" შიდსისგან თავს უკეთ იცავენ, ვიდრე ახალბედები, რომლებიც, როგორც წესი, მოქმედებენ "საძმოს" პრინციპით - "მე შენი ნახმარი შპრიცის გამოყენების არ მრცხვენია".

განსაკუთრებით საგანგაშო ვითარებაა ციხეებში, სადაც შპრიცების შეტანა აკრძალულია. საქართველოს ციხეებში არ სურთ აღიარონ ნარკოტიკების მოხმარების ფაქტები. გარდა ამისა, ციხეებში ფართოდაა გავრცელებული ტატუირების ჩვევაც, რაც შიდსის გავრცელების პირდაპირ გზად ითვლება. ინფორმაციის გავრცელება აქაც საჭიროა, რადგან, მოგეხსენებათ, "ციხე შიგნიდან ტყდება", შიდსის ვირუსმა კი არ იცის საზღვრები. შიდსს ციხის გალავნებიც არ აშინებს. ჯერჯერობით კი შიდსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტურ საშუალებად პროპაგანდაა მიჩნეული: მოსახლეობას უხსნიან, რომ უნდა ებრძოლოს არა შიდსიანებსა და ნარკომანებს, არამედ შიდსსა და ნარკომანიას.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG