Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ახალგაზრდული პროგრამის თემები ბავშვებს უტრიალებს.


ეკა წამალაშვილი და დავით პაიჭაძე, თბილისი დღეს ახალგაზრდული პროგრამის თემები ბავშვებს უტრიალებს.

ჯერ შევეხებით ერთ საქველმოქმედო ინიციატივას, რომელსაც, ცოტა არ იყოს, მოულოდნელი შედეგები მოჰყვა, შემდეგ კი ბავშვებისათვის განკუთვნილ გამოცემებზე ვისაუბრებთ. რადიო "მწვანე ტალღის" ინიციატივა და მოწოდება, საზოგადოება საახალწლოდ შესწეოდა დიღმის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს, განხორციელდა, მაგრამ, შესაძლოა, ბავშვთა სახლის აღმზრდელებს და პერსონალს კარგი არაფერი მოუტანოს. თუ როგორია ბავშვთა სახლებში ბავშვების ყოფა, ამაზე უფრო დეტალურად ეკა წამალაშვილი მოგითხრობთ. შემდეგ კი შევხვდებით გამომცემელ ბაკურ სულაკაურს, რომელიც უკვე შემდგარ და სამომავლო საბავშვო გამოცემებზე ილაპარაკებს.


ყველა ბავშვისთვის ახალი წლის ღამე ის ჯადოსნური ღამეა, როცა მათ ოცნებები კეთილმა თოვლის ბაბუამ უნდა აუსრულოს. მშობლები ყოველთვის ცდილობენ ახალი წლის ღამეს შვილები თოვლის ბაბუის არსებობაში დაარწმუნონ. კეთილი თოვლის ბაბუის არსებობაში დარწმუნება დიღმის ნომერ პირველი საბავშვო სახლის აღსაზრდელებმაც სცადეს, მაშინ როცა, მათთან მისული ჟურნალისტის რჩევით, საახალწო ოცნებების ნუსხა შეადგინეს.

ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდა, რაც დიღმის ნომერ პირველ ბავშვთა სახლში რეპორტაჟის მოსამზადებლად მისული ჟურნალისტი ქეთი ბეჟიაშვილი - ის რადიო "მწვანე ტალღის" თანამშრომელია - მზრუნველობას მოკლებული ბავშვების ყოფამ შეაძრწუნა და გადაწყვიტა ამ ბავშვების გასახარებლად რამე მოეფიქრებინა.
საუბარია ბავშვებზე, მოზარდებზე, რომელთა კვების თანხა, თითოეულზე დღეში 2 ლარი და 50 თეთრი, სეკვესტრში მოაყოლეს, ლარსა და 80 თეთრამდე ჩამოიყვანეს და აქედან 20 პროცენტი ბავშთა სახლისთვის პროდუქტების მიმტან ეგრეთ წოდებულ ინდმეწარმეს მიაკუთვნეს. ქეთიმ ნახა, რომ ამ ბავშვებს შუა ზამთარში არ ჰქონდათ ელემენტარული თბილი ტანსაცმელი, არადა, შენობაში, სადაც ისინი ცხოვრობენ, ისევე ციოდა, როგორც გარეთ.
ბავშვთა სახლიდან სამსახურში დაბრუნებულმა ბავშვების გასაჭირი რადიო "მწვანე ტალღის" დირექტორს მაკა ჯახუას გააცნო. ორივემ ერთად კი სცადა რაიმე ორიგინალური ხერხი მოეფიქრებინათ დიღმის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისთვის საქველმოქმედო აქციის ჩასატარებლად, მათთვის საახალწლო საჩუქრების მოსაზიდად. გადაწყდა, მზრუნველობას მოკლებული ბავშვების თითო-თითო საახალწო ოცნებისგან ოცნებათა ნუსხა შეედგინათ და ინტერნეტით გაევრცელებინათ. ასე გაეცნო საზოგადოება "101 საახალწლო ოცნებას", რომლის გავრცელების შემდეგაც რადიო "მწვანე ტალღაში" უამრავი სატელეფონო ზარი განხორციელდა. ადამიანები გამოხატავდნენ მზადყოფნას აესრულებინათ ბავშვების ოცნებები. მხარდაჭერა აღმოჩნდა ისეთი, როგორსაც აქციის ორგანიზატორები არც კი ელოდნენ, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთსა თუ რუსეთში მცხოვრები ქართველებისგან და ისრაელიდან ქართველი-ებრაელებისგან.

[ქეთი ბეჟიაშვილის ხმა] "ჩვენ დავაკონკრეტეთ თითოეულ ბავშვს რა უნდოდა და ეს იყო შემაძრწუნებელი. წარმოიდგინეთ, როდესაც 6 წლის ბავშვი გიწერს თბილ ფეხსაცმელს, ქურთუკს და არ გიწერს კანფეტებს საახალწლოდ. ითხოვს, ქურქთან ერთად იქნებ თბილი ფეხსაცმელიც მიყიდოთო და აქ ნათელია, რომ ამ ბავშვების ნომერ პირველი ამოცანა გადარჩენაა. ისინი ბავშვობადაკარგულები არიან. ითხოვენ იმას, რაც ძალიან სჭირდებათ და არ ითხოვენ არაფერს უბრალო სიამოვნებისთვის. აი, ამ მომენტმა იმუშავა ძალიან კარგად. ბავშვების მიერ ჩამოწერილი ოცნებები ავკრიფეთ ზუსტად ისე, როგორც თვითონ ბავშვებმა დაწერეს, ზოგჯერ - დამახინჯებულად, რადგან ზოგიერთმა წერა წესიერად არ იცოდა. "

და, აი, როგორი იყო ეს ოცნებები:

მე ვარ გიორგი სანაკოევი. ჩვენ ყოველთვის კმაყოფილი და მადლიერი ვართ იმ ყურადღებისთვის, რასაც მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისთვის იჩენთ კეთილი ადამიანები. ყველა იმ ადამიანს ვუსურვებდი ჯანმრთელობას და ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. მე, მაგალითად, ვისურვებდი ახალი წლისთვის ფეხსაცმელს, შარვალს და ჯემპრს.

მე ვარ ლალი ქეცბაია, 5 წლის, და მინდა თოვლის ბაბუამ სოსკიანი თოჯინა და ფეხსაცმელი მომიტანოს.

მე ვარ კახა ნიკორაშვილი, მერვე კლასელი. ძალიან გამიხარდება, თუ თქვენ მე შემიძენთ საახალწლოდ თბილ კურტკას. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას.

ჩვენ მოვიყვანეთ 3 სურვილი 101 სურვილიდან, რომელთა შორის ერთი, ძვირად ღირებული, ბავშვთა სახლის დირექტორის შვილიშვილისა აღმოჩნდა. ამ მიზეზით აქციის ორგანიზატორებმა, სხვადასხვა კერძო პირებისა და ორგანიზაციების დახმარებით, ბავშვებისა და მოზარდების 101 კი არა, 100 ოცნება აასრულეს. ქეთი ბეჟიაშვილმა და მისმა მეგობრებმა ბავშვებს საჩუქრები 25 დეკემბერს მიუტანეს, თბილი ფეხსაცმელები და ტანსაცმელი მათ საკუთარი ხელით ჩააცვეს, რათა ისინი დაერწმუნებინათ, რომ საჩუქრები სწორედ მათთვის იყო განკუთვნილი და არა ვინმე სხვისთვის, მაგალითად, ბავშვთა სახლის თანამშრომელთა შვილებისა ან შვილიშვილებისთვის.

[ქეთი ბეჟიაშვილის ხმა] "როდესაც ვხსნიდით საჩუქრებს, ვიღებდით ფეხსაცმელებს, შარვლებს და ვაცმევდით ბავშვებს, ისინი იხრებოდნენ და ჟარგონის ენით გვეუბნებოდნენ: "ჯიგრები ხართ, რომ გვაცმევთ და ასე არ ტოვებთ ამ საჩუქრებსო. "

მინიშნება მრავლისმეტყველი იყო. ამიტომ რადიო "მწვანე ტალღის" თანამშრომლებს დიღმის ნომერ პირველ ბავშვთა სახლში ჯერ არ მიუტანიათ საჩუქრების ის პარტია, რომელიც სპეციალურად ამ დაწესებულების აღსაზრდელებისთვის ისრაელიდან იქ მცხოვრებმა მერაბ ფიჩხაძემ ჩამოიტანა. 300 კილოგრამი ტვირთი რადიო "მწვანე ტალღაში" ინახება. რაც იქ არის, იმას მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს საშობაოდ დაურიგებენ და, ამ მორიგი საქველმოქმედო აქციის პარალელურად, რადიო "მწვანე ტალღის " ეთერიდან საზოგადოებას შესთავაზებენ იმ ჟურნალისტური გამოძიების შედეგებს, რომელიც უკვე დაწყებულია. ერთი ბავშვთა სახლის მაგალითით ჟურნალისტები შეეცდებიან იმის გარკვევას, რა ხდება საქართველოში არსებულ ისეთ დაწესებულებებში, სადაც ობოლი და მზრუნველობას მოკლებული ბავშვები იზრდებიან, ვინ და რატომ აკლებს მათ საკვებს, სითბოს და ტანსაცმელს, რამდენად აქვთ ამ დაწესებულებების აღსაზრდელებს უფროსების, ძიძების, პედაგოგებისა და დირექტორის ნდობა.


როგორც ჩანს, ამ ისტორიას უსიამო გაგრძელება მოჰყვება - ოღონდ არა ბავშვებისათვის. ახლა კი გთავაზობთ საუბარს გამომცემელ ბაკურ სულაკაურთან; ის გვეტყვის, რა გამოსცა და რას გამოსცემს სამომავლოდ ბავშვებისათვის.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG