Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორმაგი მოქალაქეობის შუქ-ჩრდილები


საქართველოს ახალი ხელისუფლება კიდევ ერთი საკონსტიტუციო ნორმის შესაცვლელად ემზადება. საქართველოს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა არაერთგზის განაცხადა,

რომ საზღვარგარეთ - განსაკუთრებით რუსეთში - მცხოვრები თანამემამულეებისათვის საზღვრის გადაკვეთის გასაიოლებლად ორმაგი მოქალაქეობის შემოღებას აპირებს. მიუხედავად კეთილშობილური ჩანაფიქრისა, ახალი ხელისუფლების ახალ ინიციატივას საკმაოდ სახიფათოს უწოდებენ ექსპერტები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ორმაგი მოქალაქეობის შემოღებას ნაკლოვანება უფრო მეტი აქვს, ვიდრე უპირატესობა.

90-იანი წლების დასაწყისში საქართველოში მომხდარი სამოქალაქო ომის, შეიარაღებული კონფლიქტებისა და ეკონომიკური კრიზისის გამო, ქვეყნის ტერიტორია მილიონზე მეტმა მოქალაქემ დატოვა. ოფიციალური ინფორმაციით, ემიგრანტთა უმრავლესობა რუსეთში მუშაობს. მათმა ნაწილმა უკვე მოახერხა კიდეც მოქალაქეობის მიღება, საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის სანაცვლოდ. ანალოგიური პრობლემის წინაშე დგანან მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მცხოვრები ქართველები. საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად მიაჩნია და პირველ ნაბიჯად ორმაგი მოქალაქეობის შემოღებას აპირებს.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "ხალხმა უნდა ნახოს, რომ ჩვენ დავიწყეთ ნაბიჯების გადადგმა. ჩვენები უნდა დაბრუნდნენ უცხოეთიდან და ორმაგი მოქალაქეობაც უნდა შემოვიღოთ იმისთვის, რადგან ქართველს საქართველოს საზღვარზე სთხოვენ ვიზას. ამ ადამიანებს ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება... ჩვენ უნდა მივცეთ საქართველოს მოქალაქეობა. მერე რა, რომ ამ ადამიანებმა უბედურების გამო მიიღეს რუსეთის ან საფრანგეთის მოქალაქეობა?! ისინი უნდა დაბრუნდნენ საქარველოში! ჩვენ საკმაოდ ცოტანი ვართ იმისთვის, რომ ეს ადამიანები დავკარგოთ."

როგორც ირკვევა, მიხეილ სააკაშვილის ამ იდეას ბევრი მომხრე ჰყავს საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებ ქართველებს შორის, რომლებიც სხვადასხვა პრობლემის გამო იძულებულნი გახდნენ მიეღოთ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. ერთი მათგანია ფსიქოლოგი დავით კუპრაშვილი, რომელსაც მე მოსკოვში დავურეკე. ჩემი თანამოსაუბრე, რომელმაც რუსეთის მოქალაქეობა ხუთი წლის წინ მიიღო, ფიქრობს, რომ ორმაგი მოქალაქეობის შემოღება დროული და კარგი გადაწყვეტილებაა:

[დავით კუპრაშვილის ხმა] "რითია კარგი და, დღსდღეობით მე ვარ რუსეთში. მე მაქვს ჩემი სამშობლო, რომელიც მიყვარს და მინდა ვიყო მისი მოქალაქე, მაგრამ პირობებმა ისე წამიყვანა და ცხოვრებამ, რომ გავხდი რუსეთის მოქალაქე. თან ვიზა მჭირდება. ვიზა არაფერია, პრინციპში, მაგრამ ჩემს სამშობლოში ვიზით არ უნდა ჩამოვდიოდე, რადგან მანდ ვარ დაბადებული და მინდა ვიყო საქართველოს მოქალაქე." (სტილი დაცულია)

ორმაგი მოქალაქეობის იდეას კეთილშობილურს უწოდებს იურისტი დავით უსუფაშვილი, თუმცა, უსუფაშვილის თქმით, "მედალს ორი მხარე აქვს" და ორმაგი მოქალქეობის შემოღებამ საქართველოს, შესაძლოა, სახელმწიფოებრივი პრობლემა შეუქმნას რუსეთთან მიმართებაში.

[დავით უსუფაშვილის ხმა] "თუ ჩვენ დავუშვებთ ორმაგ მოქალაქეობას და ბევრი საქართველოში მცხოვრები პირი, იმავდროულად, რუსეთის მოქალაქეც იქნება, მაშინ რუსეთს გაუჩნდება გაცილებით მეტი და საფუძვლიანი არგუმენტი და პრეტენზია, რომ ის თავისი მოქალაქეების უფლებების უზრუნველსაყოფად რაღაც პოლიტიკას ატარებს საქართველოში."

ორმაგ მოქალქეობას სხვა ნაკლოვანებაც ახლავს: ეს არის საგადასახადო პრობლემები, მოულოდნელი ჯარიმები, ფინანსური და სამხედრო სავალდებულო სამსახური, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნების პრაქტიკაში განსხვავებულად არის გადაწყვეტილი. თუმცა, ვინაიდან ეს იდეა საქართველოში ჯერ მხოლოდ ჩანასახოვან მდგომარეობაშია და მის მთავარ იდეოლოგად მიხეილ სააკაშვილი ითვლება, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ვერავინ იტყვის, თუ რა სახეს შეიძენს ორმაგი მოქალაქეობის შესახებ კანონის ქართული ვერსია.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG