Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზრუნველყოფს თუ არა ფინანსური დახმარება რუსეთის ბაზების გაყვანას საქართველოდან


საქართველოში რუსეთის სამხედრო ბაზების ყოფნას ყველა სხვადასხვაგვარ დატვირთვას ანიჭებს.

ასეა, თუ ისე - დღემდე უცვლელია, როგორც საქართველოს, ისე რუსეთის მიდგომა ბაზების გაყვანის მიმართ. ერთი ამ პროცესის აჩქარებას ცდილობს, მეორე გაჭიანურებას. ერთი სხვა ქვეყნის სამხედრო ბაზების ყოფნას საკუთარ ტერიტორიაზე პრინციპულად უკანონოდ მიიჩნევს, მეორე კი ამას არად დაგიდევთ და აქცენტი (ბოლო დროს - განსაკუთრებით) საქართველოში რუს სამხედროთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე გადააქვს.

ზოგისთვის რუსეთის პრინციპულობა ბაზების სიმბოლურ მნიშვნელობაზე მიუთითებს და თვლის, რომ სამხედრო ბაზებს რეალური, არსებითი სამხედრო სიმძლავრე არ გააჩნია. სხვებისთვის ეს ასე სულაც არ არის და ფიქრობენ, რომ რუსეთის სამხედრო ნაწილების საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა რეგიონში ვითარების ბალანსზე სერიოზულ გავლენას ახდენს. აზრთა ამგვარი სხვაობა უფრო აქტუალური რუსი ექსპერტებისთვის და პოლიტიკოსებითვის არის, თორემ საქართველოში ხელისუფლებაში თუ მის გარეთ მყოფი პოლიტიკოსებისთვის არსებითია ის, რომ ბაზები საქართველოში არ უნდა იყოს.

როცა საქმე სამხედროთა სამშობლოში დაბრუნებას ეხება, რუსეთის ხელისუფლება მუდამ ფინანსურ ფაქტორზე მიანიშნებს. ასეთი გახლდათ რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი ივანოვის 14 იანვრის განცხადებაც:

[ივანოვის ხმა]
"ამ საკითხის გადაჭრა, რასაკვირველია, უნდა მოხდეს დიპლომატიური გზით, მაგრამ ამასთან ყველას კარგად ესმის და მე ეს კიდევ ერთხელ დავადასტურე - საქართველოდან ჩვენი ბაზების გაყვანა ისე, როგორც ეს თავის დროზე გერმანიიდან მოხდა, არ იქნება. მაშინ ჩვენ ჯარიკაცებს, ოფიცრებსა და შეიარაღებას ტრიალ მინდორზე ვყრიდით და ამას გაყვანას ვუძახდით. ეს არ არის გაყვანა".

იგივე სახის განცხადება გააკეთა ცოტათი ადრე რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის პირველმა მოადგილემ იური ბალუევსკიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ თედო ჯაფარიძესთან შეხვედრისას. "ჩვენ არ შეგვიძლია უმისამართოდ გავიყვანოთ რუსი სამხედროები", - განაცხადა ბალუევსკიმ.

გერმანიის მაგალითის შეხსენება სერგეი ივანოვის მხრიდან კარგად გათვლილი ეფექტური ფრაზა იყო. ამას ადასტურებს კარნეგის ფონდის თავდაცვის სფეროს ანალიტიკოსის ალექსანდერ პიკაევის კომენტარიც:

[პიკაევის ხმა]
"რა თქმა უნდა, არსებობს უდიდესი ტრავმა იმ სამხედროებს შორის, რომლებიც თავის დროზე გერმანიიდან გაიყვანეს. და მართალია, რომ ისინი ხანდახან უკიდურესად არადამაკმაყოფილებელ პირობებში, ბინძურ ყაზარმებში გადაჰყავდათ. ბუნებრივია, ისინი გარკვეულ ზეწოლას ახორციელებნ კრემლზე, რომ ეს აღარ განმეორდეს".

შეგახსენებთ, ორიოდე დღის წინ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ლინ პასკომ განაცხადა, რომ შტატები მზად არის ნაწილობრივ დააფინანსოს საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის ხარჯები. აქვე გეტყვით, რომ გერმანიამ რუსეთს თითქმის რვა მილიარდი მარკა გადაუხადა რუსეთის ტერიტორიაზე გერმანიიდან დემობილიზებულ სამხედროთა საცხოვრებლით უზრუნვესაყოფად.

პასკოს ნათქვამი სამშაბათის ბრიფინგზევე დააზუსტა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივნის მოადგილე ადამ ერელიმ. "ჩვენ მხოლოდ იმის თქმა გვინდოდა, რომ რუსეთისგან სტამბულის შეთანხმებათა შესრულებას მოვითხოვთ". იგივე განაცხადა ევროკავშირის უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა ხავიერ სოლანამ თბილისში ვიზიტისას.

სტამბოლის შეთანხმებებში დაზუსტებით მხოლოდ ვაზიანისა და გუდაუთის ბაზების გაყვანის თარიღი იყო მითითებული. ბათუმისა და ახალქალაქის ბაზებზე კი საჭიროა შეთანხმების მიღწევა, რომელიც დღემდე შეუძლებელი აღმოჩნდა. რუსეთი 11 წელიწადს ითხოვს და როგორც აღვნიშნეთ, უსახსრობაზე ჩივის. მოსკოვში არსებული თანამეგობრობის ინსტიტუტის საქართველოს ექსპერტი მიხაილ ალექსანდროვი მიიჩნევს, რომ შეუთანხმებლობის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურია - რუსეთი ვერ ეგუება საქართველოს ნატოსკენ ლტოლვას. ალექსანდროვი განმარტავს:

[ალექსანდროვის ხმა]
"ჩემი აზრით, თანხმობის მიღწევა შეუძლებელი აღმოჩნდა იმის გამო, რომ არ არის პრინციპული მოლაპარაკება საქართველოს სტატუსის თაობაზე, იმის თაობაზე, თუ როგორ მოიქცევა საქართველო მომავალში საერთაშორისო ურთიერთობებში. მეჩვენება, რომ ამ საკითხის გაჭიანურება რუსეთში სრულიად შეგნებულად ხდება და ასეც გაგრძელდება მანამდე, სანამ არ გამოიკვეთება საქართველოს საგარეო პოლიტიკური ორიენტირები და ის არ აიღებს გარკვეულ ვალდებულებებს. აი, როდესაც საქართველო აიღებს ნეიტრალიტეტის დაცვის ვალდებულებას, ამ ბაზების საკითხიც გადაწყდება".

მეორე ექსპერტის - პიკაევის აზრით, რუსეთი შეეცდება შეთანხმების მიღწევას საქართველოს გავლით სომხეთში არსებულ ბაზებზე მისვლის, მათ შორის საქართველოს აეროპორტებისა და პორტების გამოყენების ნებართვის მიღების თაობაზე.

რუსეთის პრესაში, კერძოდ კი "ნეზავისიმაია გაზეტაში" სერგეი ივანოვის განცხადებას ახალი "ცივი ომის" დაწყება უწოდეს. ანუ საუბარია იმაზე, რომ მანამდე, სანამ რუსეთი არ შეასრულებს სტამბოლის შეთანხმებებს, შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ნატოში არ მოახდენენ ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების რატიფიკაციას. ეს ხელშეკრულება არის განახლებული ვერსია უკვე არსებული დოკუმენტისა, რომელიც ზღუდავს ევროპის 30 ქვეყნის, მათ შორის რუსეთის და აგრეთვე შეერთებული შტატების მიერ ევროპაში განლაგებული ტანკების, მძიმე არტილერიის, საბრძოლო თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების რაოდენობას.

ხუთშაბათს ივანოვმა განაცხადა, რომ რუსეთი შეშფოთებულია ევროპაში შეერთებული შტატების ბაზების რუსეთის საზღვრებთან ახლოს შესაძლო გადატანის გამო. სერგეი ივანოვის თქმით, ვაშინგტონმა უკვე აუწყა მოსკოვს მისი სამხედრო ბაზების გერმანიიდან პოლონეთში, რუმინეთსა და აღმოსავლეთი ევროპის ზოგიერთი სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე გადატანის განზრახვის შესახებ.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG