Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სავალუტო ფონდი მზადაა საქართველოსთან პროგრამა აღადგინოს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი მომავალ კვირას თბილისს ეწვევა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მორიგი მისია, რომელმაც საქართველოში პროგრამის დაფინანსების საკითხი უნდა განიხილოს.

ვიზიტამდე ფონდის დირექტორთა საბჭომ საქართველოს შესახებ იმსჯელა. საინტერესოა, რომ 21 იანვარს ვაშინგტონში გამართული შეხვედრა ჩვეულებრივზე ხანგრძლივი აღმოჩნდა და საქართველოსთან ამ საფინანსო ინსტიტუტის მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივის განხილვამ 4 საათს გასტანა. რა მოსაზრებები გამოითქვა დირექტორთა საბჭოზე?

საერთაშორისო სავალუტო ფონდი, სხვა საფინანსო ინსტიტუტებისა და დასავლეთის მსგავსად, ახალი ქართული ხელისუფლების მიმართ თავის კეთილგანწყობასა და მხარდაჭერას ამჟღავნებს. ამასთან, დირექტორები წინა წლებში გართულებულ მოლაპარაკებებზეც ამახვილებენ ყურადღებას.
21 იანვარს ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ შეაფასა გასულ წლებში საქართველოში მოქმედი ფინანსური პროგრამების შედეგები.

საკითხის მიმართ საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭოს განსაკუთრებულ ინტერესზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ შეხვედრა ჩვეულებრივზე ხანგრძლივი დროის, 4 საათის, განმავლობაში მიმდინარეობდა.
საქართველოს ფინანსთა მთავრობის სახელზე გამოგზავნილ წერილში სავალუტო ფონდის აღამასრულებელი დირექტორი იერუნ კრემერსი არ მალავს, რომ „წინა პროგრამების შედეგებმა, მთლიანობაში, იმიდგაცრუება გამოიწვია, რაც, პირველ რიგში, განპირობებული იყო საქართველოს ხელისუფალთა მხრიდან პოლიტიკური ნების უქონლობით, დაეგეგმათ და განეხორციელებინათ რეფორმები და გაეტარებინათ თანმიმდევრული პოლიტიკა."

საინტერესოა, რომ დირექტორთა საბჭომ, საერთო უარყოფით ფონზე, ტრადიციულად, გამონაკლისად მიიჩნია ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ეფექტიანი პოლიტიკა, რასაც შედეგად მოჰყვა ინფლაციის დაბალი ტემპების შენარჩუნება, საბანკო სისტემის გაჯანსაღება და ფინანსური სტაბილურობა.

სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭო იმედიანად უყურებს ქვეყანაში რეჟიმის ცვლას და ფიქრობს, რომ ამით ახალი შესაძლებლობები გაჩნდა სიტუაციის გამოსასწორებლად. აღსანიშნავია, რომ გაითვალისწინა რა სავალუტო ფონდის სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის პროგრამების სწრაფი განხორციელების მნიშვნელობა და აუცილებელი ცვლილებების გატარებისათვის ახალი ხელისუფლების მზადყოფნა, დირექტორთა საბჭომ მხარი დაუჭირა ახალი პროგრამების თაობაზე მოლაპარაკების დაწყებას. ამასთან, საბჭო გამოხატავს თავის პოზიციას, რომ მომავალში მხარს დაუჭერს მკაფიოდ ჩამოყალიბებულ და მდგრად სტრუქტურულ საფუძვლებზე დამყარებულ პროგრამას. შესაბამისად, შემხვედრ ნაბიჯებს მოითხოვენ საქართველოს მხრიდანაც.

სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭო იწონებს ახალი ხელისუფლების აქტიურ ნაბიჯებს ფისკალურ სფეროში, რაც კონტრაბანდისა და გადასახადების დამალვის წინააღმდეგ ბრძოლას შედეგიანს გახდის და ხელს შეუწყობს საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას. ფონდს საჭიროდ მიაჩნია ამ ღონისძიებების შემდგომი გაგრძელება.

აქვე საქართველოს მთავრობას გაეწია რეკომენდაცია სტრუქტურული და ინსტიტუციონალური რეფორმების თანმიმდევრული გატარებისათვის. ამ საკითხებთან დაკავშირებით ფონდის რეგულარული მისია თბილისს მომავალ კვირას ეწვევა და, ვიზიტის ფარგლებში, პროგრამის დეტალებს უკვე ხელისუფლებასთან შეათანხმებს.
XS
SM
MD
LG