Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტერორისტული აფეთქებები ერაყში


ანდრო ეული, პრაღა ათობით ადამიანი დაიღუპა და კიდევ უფრო მეტი დაიჭრა ერაყის ქალაქ ქერბალასა და დედაქალაქ ბაღდადში 2 მარტს მომხდარი აფეთქებების შედეგად,

როცა შიიტი მაჰმადიანები უწმიდეს რელიგიურ დღესასწაულს - აშურას აღნიშნავდნენ.


(სასწრაფო დახმარების მანქანების ხმა)...

სულ ცოტა 50 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაიჭრა შიიტების წმიდა ქალაქ ქერბალაში. ბაღდადში 75-დე ადამიანია მოკლული, ხოლო დაჭრილების რიცხვი ორასს აღემატება.

აფეთქებები, დაახლოებით ასი კილომეტრით დაშორებულ ამ ორ ქალაქში თითქმის ერთდროულად მოხდა, რაც კოორდინირებულ თავდასხმაზე მიანიშნებს. ჯერჯერობით არავის არ აუღია თავის თავზე მომხდარისთვის პასუხისმგებლობა.

ხუთი აფეთქება ქერბალაში დაახლოებით დილის ათ საათზე მოხდა შიიტ მაჰმადიანთა ერთ-ერთი ყველაზე წმიდა სალოცავის მახლობლად. (ხალხის წივილ-კივილი...)

ჯერჯერობით გაურკვეველია, როგორ განხორციელდა ეს თავდასხმა. თვითმხილველთა თქმით, ასაფეთქებელი მოწყობილობები როგორც ჩანს, ჩანთებში ან ყუთებში იყო დამალული.

დაახლოებით იმავე დროს, სამი აფეთქება ბაღდადის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქაზიმიას რაიონში მოხდა. შავებში გამოწყობილი ქალები და მამაკაცები წივილ-კივილით გამორბოდნენ სალოცავიდან, რომელშიც მოჰამედ წინასწარმეტყველის შვილიშვილი, იმამი ჰუსეინია დამარხული. დაშავებულები მიმდებარე საავადმყოფოებს მიაწყდნენ. ზოგიერთი მათგანი ამბობდა, შეერთებული შტატების მიერ დაწყებულმა ომმა რელიგიური დაძაბულობა გამოიწვია ერაყშიო. სხვები, ალ-ყაიდას და სუნიტ ექსტრემისტებს ადანაშაულებდნენ სამშაბათს მომხდარ აფეთქებებში.

გაურკვეველია, რამ გამოიწვია აფეთქებები ბაღდადში. ფრანს-პრესის სააგენტოს ცნობით, ქაზიმიას სალოცავს 3 რაკეტა ესროლეს; ერთი რაკეტა შენობას მოხვდა, ხოლო ორი - შორიახლო აფეთქდა.

აფეთქებები იმ დროს მოხდა, როცა ქერბალას ქუჩებსა და ბაღდადის შიიტებით დასახლებულ უბნებში ხალხი შიიტების უწმიდეს რელიგიურ დღესასწაულს, აშურას აღნიშნავდა. ამ დღეს შიიტები პატივს მიაგებენ მოჰამედ წინასწარმეტყველის შვილიშვილის, იმამ ჰუსეინის ხსოვნას, რომელიც ბრძოლის დროის დაიღუპა 1,400 წლის წინათ.

როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ, 2 მარტს მომხდარმა აფეთქებებმა შესაძლოა შეიარაღებული დაპირისპირება გამოიწვიოს ქვეყანაში მცხოვრები შიიტების უმრავლესობასა და სუნიტებს შორის; მოგეხსენებათ, ეს უკანასკნელნი, სუნიტი პრეზიდენტის, სადამ ჰუსეინის დამხობამდე, ერაყში დომინირებდნენ.

ქერბალაში უშიშროების საგანგებო ზომები იქნა მიღებული აშურას რელიგიურ დღესასწაულთან დაკავშირებით. სადამ ჰუსეინის მმართველობის დროს ეს დღესასწაული, ერაყში, აკრძალული იყო. წელს, ამ დღესასწაულის აღსანიშნავად ქერბალაში ორ მილიონამდე ერაყელი, აგრეთვე ირანელი, პაკისტანელი და ავღანელი შიიტი ჩავიდა.

იმამ ჰუსეინის გარდა, ქაზიმიას მავზოლეუმში, შიიტების კიდევ ორი წმინდანი, იმამი მუსა ყაზემი და მისი შვილიშვილი, იმამი მოჰამედ ალ-ჯავადი განისვენებენ.
XS
SM
MD
LG