Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგაზრდულ პროგრამაში მთავარი თემა დღეს სიახლე გახლავთ.


ეკა წამალაშვილი, დავით პაიჭაძე, თბილისი ახალგაზრდულ პროგრამაში მთავარი თემა დღეს სიახლე გახლავთ.

მოგეხსენებათ, პოლიტიკა - მათ შორის, საკადროც - საქართველოში დღეს სიახლით არის აღბეჭდილი: ერთ ასეთ ახალ კადრს ეკა წამალაშვილი უფრო ახლოს გაგაცნობთ. ესაა, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული სპეცსამსახურის, უშიშროების სამინისტროს, მაღალჩინოსანი, მინისტრის მოადგილე გიგი უგულავა. რა საფუძველი აქვს შიშს, რომ უშიშროების სამინისტრო პროფესიონალებისგან იცლება და იქ დილეტანტები მიდიან? გადაცემის მეორე ნაწილში კი სასკოლო თვითმმართველობის ინიციატივაზე ვილაპარაკებთ. განათლებისა და მართვის სისტემაში ესეც სიახლეა. რას გულისხმობს ეს სიახლე, შევეცდებით განვმარტოთ რესპონდენტებთან ერთად - ისინი ახორციელებენ პროექტს "ავაშენოთ ჩვენი სკოლა". მაგრამ ჯერ თქვენს ყურადღებას უშიშროების მინისტრის 28 წლის მოადგილეს მივაპყრობთ.

ეკა წამალაშვილი:

ისევე როგორც სხვა უწყებებს, საქართველოს სპეცსამსახურსაც ახალი, ახალგაზრდული ხელმძღვანელობა ჰყავს. მისი ერთ-ერთი სახე გიგი უგულავა უსაფუძვლოს უწოდებს მითქმა-მოთქმას, თითქოს უშიშროების სამინისტროდან უშვებენ პროფესიონალებს და თანამშრომელთა ასაკს არაპროფესიონალთა ხარჯზე აახალგაზრდავებენ.

[გიგი უგულავას ხმა] " უშიშროების სამინისტროდან წასულები (სხვათა შორის, ისინი არ არიან ბევრნი) შემჩნეულნი იყვნენ კორუფციულ გარიგებებში. "

წმენდა გრძელდება, თუმცა, გიგი უგულავას თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ უშიშროების სამსახურიდან თანამშრომელთა მთელ არმიას გაუშვებენ. რაც შეეხება ახალგაზრდა კადრების დაწინაურებას - " იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ახალგაზრდა ხელისუფლება ჰყავს, პროცესი ლოგიკურიაო," - ამბობს მინისტრის მოადგილე. მისი აზრით, უშიშროების სამსახურის თანამშრომლისთვის არ არის აუცილებელი პროფესიით იურისტი იყოს. გიგი ამბობს, რომ ამ სამსახურს სჭირდება მრავალმხრივი კადრები, სისტემური ცვლილებები, ეფექტიანი მართვა და, რაც მთავარია, კონკრეტული საფრთხეების გაანალიზება.

[ინტერვიუ გიგი უგულავასთან]


შეკითხვა: "გიგი, შენ შესახებ ცნობილია, რომ ხარ ახალგაზრდა თანამდებობის პირი, რომელიც თანამდებობაზე მოსვლამდე აქტიურ მონაწილეობას იღებდი რევოლუციაში. უფრო შორეულ წარსულში შენ იყავი ჟურნალისტი. რას იტყვი შენს ასაკზე, პროფესიასა და გამოცდილებაზე, რითაც მოხვედი უშიშროების სამინისტროს ხელმძღვანელობაში ?


პასუხი: "განათლებით ვარ ფილოსოფოსი, ვსწავლობდი სასულიერო სემინარიაშიც. ვსწავლობდი გერმანიაში ფილოსოფიას. ვსწავლობდი ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტურაშიც. ორი წლის განმავლობაში ვმუშაობდი ჟურნალისტად, რის შემდეგაც ვმუშაობდი არასამთავრობო სექტორში. ვხელმძღვანელობდი "სამართლებრივი განათლების ასოციაციას". ვარ 28 წლის."


შეკითხვა: "რამდენად მოულოდნელი იყო შენთვის უშიშროების მინისტრის მოადგილის პოსტის შემოთავაზება? ისეთი რთული მდგომარეობის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, უშიშროების სამინისტროს ხელმძღვანელობაში ყოფნა საკმაოდ მძიმე ტვირთია. რამდენად რთული იყო შენთვის პასუხისმგებლობის აღება? "

[გიგი უგულავას ხმა] " მანამდე, გარდამავალ პერიოდში, 2 თვე ვიყავი იუსტიციის მინისტრის მოადგილე. სფერო, რომელსაც აქ ვკურირებ, არ არის ოპერატიული სფერო ან სადაზვერვო. ეს არის ადმინისტრაციულ - საფინანსო და ეკონომიკურ-სამეურნეო, აგრეთვე საკადრო სფერო. ყველა დარგს თავისი სპეციფიკა აქვს, თუმცა ვინც თანამედროვე მენეჯმენტის სისტემას იცნობს, დამეთანხმება, რომ ეს სფერო სახელმწიფო სექტორში უნიფიცირებული უნდა იყოს. ასე უნდა იყოს, თუ გვინდა ჩამოვაყალიბოთ მართლაც დეპოლიტიზებული საჯარო სამსახური, რომელიც ნებისმიერ კატაკლიზმს ზედმეტი რყევების გარეშე გაუძლებს. სამწუხაროდ, ამის ნიშანწყალი არ არსებობს დღევანდელ საქართველიში. გარკვეული გამოცდილება გამაჩნდა - არასამთავრობო ორგანიზაციას ვხელმძღვანელობდი, ამას გარდა, მაქვს მიღებული სპეციალური განათლება სახელმწიფო სისტემის მართვის კუთხით. როდესაც ბატონმა ზურაბ ადეიშვილმა შემომთავაზა წამოვსულიყავი უშიშროების სამინისტროში, გადავდგი ეს ნაბიჯი და ეს იყო რთული. მოგეხსენებათ უშიშროების სისტემა სპეციფიკური სისტემაა. უშიშროების სამინისტრო დიდი სამინისტროა და მისი ფუნქციები ხშირ შემთხვევაში ზედმეტად გაბერილია, ზედმეტია. "

სამინისტროს ზედმეტი ფუნქციებისგან განტვირთვა რეფორმით უნდა მოხდეს, ის კი ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის სამსახურის ლიკვიდაციით დაიწყო.

პროცესი სამინისტროს ახალგაზრდა ხელმძღვანელებმა დაიწყეს და მათ შორის არის გიგი უგულავაც. მან მიიჩნია, რომ რევოლუციაში მონაწილეობით აღებული პასუხისმგებლობა არ უნდა მოეხსნა და კონკრეტულ საპასუხისმგებლო საქმეზე უარი არ უნდა ეთქვა. გიგის ძალზედ საპასუხისმგებლო პოსტები შესთავაზეს - ჯერ იუსტიციის მინისტრის მოადგილეობა, შემდეგ უშიშროების მინისტრის მოადგილეობა; შედეგად, თავისუფალი დრო თითქმის არ რჩება და წუხს, რომ ოჯახის წევრებისთვის ვეღარ იცლის. კიდევ ერთი შტრიხი - გიგი უგულავა ფიქრობს, რომ გამოცდილება, რაც ნამდვილად არა აქვს, ინტრიგების სფეროს უკავშირდება და ამიტომაც გაეხვია სკანდალში, რაც ფეხბურთელ რატი ალექსიძისთვის ჩამორთმეულ უკანონოდ განბაჟებულ მანქანას დაუკავშირდა. ასეთია დღევანდელი ქართული სპეცსამსახურის ერთ-ერთი სახე. მას სჯერა, რომ უშიშროების სისტემაში დაწინაურებული გუნდი საქმეს თავს გაართმევს.

შეგახსენებთ, თქვენ უსმენთ ახალგაზრდულ პროგრამას. ახლა საქართველოს სკოლებში თვითმმართველობის დამკვიდრებაზე ვისაუბრებთ.

დავით პაიჭაძე:

როგორ შევიტანოთ დემოკრატია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში? ამ კითხვის პასუხს წარმოადგენს პროექტი, რომლის განხორციელებაც გასული წლიდან დაიწყო, მაგრამ პოლიტიკური მოვლენების გამო შეფერხდა. დღეს პროექტი "ავაშენოთ ჩვენი სკოლა" ძალას იკრებს. ის ნაწილია სამოქალაქო ჩართულობის პროგრამისა, რომელსაც საქართველოში შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო და ორგანიზაცია "გადავარჩინოთ ბავშვები" (Save The Children) აფინანსებენ.

ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, "ავაშენოთ ჩვენი სკოლა" ნიშნავს სკოლის მართვაში აქამდე ჩაურთველი მხარის ჩაბმას: მართლაც, მოსწავლეებსა და მშობლებს დღემდე არავინ აბარებდა ანგარიშს, რაში იხარჯებოდა სკოლისთვის გამოყოფილი თანხა ან რას და რატომ ასწავლიდნენ ბავშვებს. პირველი ნაბიჯი ადმინისტრაციული მმართველობის თვითმმართველობით ჩასანაცვლებლად უკვე გადაიდგა: საქართველოს 20-მდე სკოლაში ჩატარდა სამეურვეო საბჭოების არჩევნები, რომელთაც მთლიანად მშობლები აკომპლექტებენ.

სამეურვეო საბჭოს ფუნქციებს ჩემთან საუბრისას განმარტავს მარიკა ასათიანი; ის სამართლებრივი განათლების ასოციაციის მხრიდან წარმართავს პროექტს "ავაშენოთ ჩვენი სკოლა":

[ასათიანის ხმა] "ჩვენ ხელს ვუწყობთ სამეურვეო საბჭოების არჩევას სკოლებში. საბოლოო მიზანია, დამყარდეს თვითმმართველობა და სკოლა იქცეს ავტონომიურ ერთეულად. სამეურვეო საბჭო თვითმმართველობის ერთ-ერთი ძირითადი რგოლი იქნება და დირექტორთან ერთად მიიღებს აქტიურ მონაწილეობას სკოლის მართვაში. სამეურვეო საბჭო შედგება დემოკრატიული წესით არჩეული მშობლებისაგან. ეს მშობლები სარგებლობენ გარკვეული უფლებებით, ხოლო მათი ვალდებულებაა, მონაწილეობა მიიღონ სკოლის მართვაში: კერძოდ, გააკონტროლონ ფინანსების ხარჯვა, მოიზიდონ ახალი ფინანსები, რასაკვირველია, დირექტორთან ერთად."

პროექტის განხორციელებას ხელს უწყობს არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფლების ინსტიტუტი", რომლის წარმომადგენელს, თამუნა ხუნწარიას, ვთხოვე, აეხსნა, რატომ არის უმჯობესი თვითმმართველობის ელემენტების შეტანა სკოლებში და მათი მმართველობის წესის შეცვლა.

[ხუნწარიას ხმა] "მგონი, უდავოა, რომ დეცენტრალიზაციის პროცესი ცუდი არ არის და მას ეფექტიანი მმართველობისკენ მივყავართ. წარმოიდგინეთ სკოლა, რომელიც პირდაპირ ექვემდებარება განათლების სამინისტროს და ნათურას ვერ შეიძენს მისი გადაწყვეტილების გარეშე. ამას უამრავი დრო სჭირდება, სკოლის დონეზე მართვა ნაკლებ ეფექტიანი ხდება. ამ დაბრკოლებებს ცენტრალიზებული მმართველობა ქმნის. მე ვფიქრობ, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სკოლის დონეზე ადგილობრივი პრობლემების მოგვარება უფრო წარმატებულად შეიძლება."

ცხადია, სამეურვეო საბჭო მხოლოდ სამეურნეო საკითხების მოსაგვარებლად არ იქმნება. სასკოლო თვითმმართველობის პიონერებს საქართველოში სურდათ, რომ სამეურვეო საბჭოს დირექტორის დაქირავების უფლებაც ჰქონოდა, მაგრამ ეს რადიკალურ მიდგომად მიიჩნიეს. სკოლის დირექტორებს, შარშანდელი წლიდან მოყოლებული, თანამდებობაზე დარჩენის ორწლიანი გარანტია მისცეს. სამეურვეო საბჭოს მიენიჭა უფლება, რეკომენდაციით მიმართოს დირექტორს, საგანმანათლებლო სტანდარტის დაურღვევლად, ცვლილებები შეიტანოს სასწავლო პროგრამებში. საგულისხმოა, რომ თბილისში მუნიციპალური სკოლები ჯერ არ არსებობს, ანუ დედაქალაქში სასკოლო თვითმმართველობა არ მოქმედებს თბილისის საკრებულოსა და განათლების სამინისტროს შორის ადრინდელი, "რევოლუციამდელი" უთანხმოების გამო. ამიტომაც პროექტი მხოლოდ რეგიონებში ხორციელდება: რაჭაში, კახეთში, იმერეთსა და მესხეთში.

ცხადია, ასე უცებ რეფორმის ეფექტზე ვერ ილაპარაკებ. როგორც მარიკა ასათიანის, ისე თამუნა ხუნწარიას თქმით, მართალია, სამეურვეო საბჭოები სკოლებში აირჩიეს, მაგრამ თავიანთი უფლებამოსილების სრულად და ეფექტიანად განხორციელებამდე ბევრი უკლიათ. რა იქნება მომდევნო ნაბიჯი სასკოლო თვითმმართველობის გასაუმჯობესებლად?

[მარიკა ასათიანის ხმა] "მარტში ვიწყებთ ტრენინგებს; მშობლებს დავურიგებთ მასალებს, როგორ გამოიცემა სკოლაში ადმინისტრაციული აქტები, როგორ ხორციელდება სახელმწიფო შესყიდვები, როგორ გადაეცემა სკოლას სახელმწიფო ქონება და როგორ შეუძლია, ისარგებლოს ამ ქონებით. მშობლებს მოვამარაგებთ ლიტერატურით სკოლებში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ. ტრენინგები გათვალისწინებულია სკოლის ადმინისტრაციისთვისაც."

მარიკა ასათიანის ნათქვამს თამუნა ხუნწარია დასძენს, რომ ვიდრე პროექტი "ავაშენოთ ჩვენი სკოლა" დაიწყებოდა, რეგიონების ზოგიერთ სკოლას ჰქონდა, ასე ვთქვათ, შიდა დემოკრატიის გამოცდილება:

[ხუნწარიას ხმა] "მათ ჰყავთ ძალიან აქტიური მშობლები, რომლებიც იღებენ მონაწილეობას სასკოლო საქმეებში. მათ აქვთ ურთიერთობა დონორებთან, იციან, ვის დაუკავშირდნენ, უკვე მოიძიეს დამატებითი სახსრები და იციან მათი გახარჯვის პრინციპები. ასეთი სკოლა სულ რამდენიმეა. ყველგან ეს არ ხდება. სკოლებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა."

სწორედ ამ განსხვავების შემცირებისაკენ არის მიმართული ხსენებული პროექტი და არასამთავრობო ორგანიზაციათა ძალისხმევა: ისინი ელიან იმ სკოლის მოწაფეთა მშობლების სურვილებსა და გამოხმაურებას, სადაც სამეურვეო საბჭოები ჯერ არ შექმნილა. საბჭოების პრაქტიკისა და პრინციპების ათვისება, შესაძლოა, ასეულობით სკოლას წინ ედოს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG