Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონს ურყევი პოზიცია უკავია ირანის ბირთვული პროგრამის საკითხში


ანდრო ეული, პრაღა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა განაცხადა,

რომ ვაშინგტონს კვლავაც ურყევი პოზიცია უკავია ირანის ბირთვული პროგრამის საკითხში. პაუელმა გამოთქვა რწმენა, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო მოიწონებს რეზოლუციას, რომელიც სანქციებით ემუქრება ირანს იმ შემთხვევაში, თუ თეირანი არ მოისურვებს ხსენებულ სააგენტოსთან სრულმასშტაბიან თანამშრომლობას.


ვენაში მიმდინარე დახურულ სხდომაზე, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს 35-წევრიანმა მმართველთა საბჭომ საპასუხო ზომები უნდა დასახოს იმ შემთხვევისთვის, თუ ირანი ამომწურავ ინფორმაციას არ წარმოადგენს თავისი ბირთვული პროგრამის შესახებ.

ვაშინგტონი მოითხოვს, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს გადაეცეს განსახილველად ირანის ბირთვული პროგრამის საკითხი. მაგრამ ამ წინადადებას წინ აღუდგნენ ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია, რომლებიც თეირანთან "კონსტრუქციული დიალოგის" პოლიტიკით ხელმძღვანელობენ. ოთხშაბათს ირანი, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობის შეწყვეტით დაიმუქრა. საგარეო საქმეთა მინისტრმა ქამალ ხარაზიმ კორესპონდენტებს უთხრა, რომ ირანი თანამშრომლობს ხსენებულ სააგენტოსთან და თან დასძინა, რომ ამგვარი თანამშრომლობა ორმხრივი უნდა იყოს. "თუ ერთი მხარე არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, თანამშრომლობა დასრულდება", - დასძინა ქამალ ხარაზიმ.

ირანის მუდმივმა წარმომადგენელმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში ფირუზ ჰოსეინიმ, ოთხშაბათს ვენაში განაცხადა, რომ რეზოლუციის პროექტი, რომელიც სანქციებით ემუქრება თეირანს, შეერთებული შტატების მხრიდან "ზეწოლის" შედეგია [ფირუზ ჰოსეინის ხმა]: "ვფიქრობ ყოველი ღონე იხმარა ევროპის სამმა სახელმწიფომ - ბრიტანეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა. თუმცა, მეტს მოველოდით ჩვენი ევროპელი კოლეგებისგან. სამწუხაროდ, ამერიკელების მხრიდან გადამეტებულმა, არაკონსტრუქციულმა ზეწოლამ დაბრკოლება შეუქმნა თანამშრომლობას ირანსა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შორის".

გასულ წელს საფრანგეთთან, გერმანიათან და ბრიტანეთთან ინტენსიური მოლაპარაკების შემდეგ ირანი დათანახმდა - ყოველმხრივ ითანამშრომლოს ატომური ენერგიის სააგენტოსთან და შეწყვიტოს ურანის გამდიდრებასთან დაკავშირებული საქმიანობა. ევროპის ამ სამმა ქვეყანამ თავის მხრივ თეირანს აღუთქვა მიწოდება ბირთვული ტექნოლოგიისა, რომელიც მხოლოდ მშვიდობიან მიზნებში შეიძლება იქნეს გამოყენებული.

ქამალ ხარაზიმ განაცხადა რომ ირანი, ურანის გამდიდრებასთან დაკავშირებული საქმიანობის განახლებას აპირებს მას შემდეგ, რაც მისი ურთიერთობა ატომური ენერგიის სააგენტოსთან გაუმჯობესდება. ხოლო ამ სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა მოჰამედ ელ-ბარადეიმ თეირანს მოუწოდა - არ განაახლოს ურანის გამდიდრებასთან დაკავშირებული საქმიანობა [მოჰამედ ელ-ბარადეის ხმა]: "ირანი წლების მანილზე არღვევდა ნაკისრ ვალდებულებებს ჩვენ კი - ნდობის აღდგენა გვესაჭიროება. ამას მოგეხსენებათ, საკმაო დრო დასჭირდება და ვფიქრობ, ურანის გამდიდრებასთან დაკავშირებული საქმიანობის შეწყვეტა მნიშვნელოვანი ფაქტორია ნდობის აღდგენის საქმეში".

თეირანი აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება. შეერთებული შტატები დარწმუნებულია რომ ირანში, ბირთვული შეიარაღების ფარული პროგრამა ხორციელდება. დანიის ქალაქ არრუსის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორის, მეჰდი მოზაფარის აზრით, ირანი ფაქტობრივად, შანტაჟს უწყობს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, როცა ამ უწყებას თანამშრომლობის შეწყვეტით ემუქრება [მეჰდი მოზაფარის ხმა]: "ასეთ ვითარებაში, ირანის მთავრობა ვეებერთელა ზეწოლის ქვეშაა, როგორც ატომური ენერგიის სააგენტოს, ასევე ამერიკელებისა და ევროპელთა მხრიდანაც. ვფიქრობ ირანის მთავრობას არა აქვს სათანადო არგუმენტი და არც იმის შესაძლებლობა, რომ ხსენებული სააგენტოს მშვიდობიან სტრატეგიას დაუპირისპირდეს".

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენელმა მელისა ფლემინგმა ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანს დღემდე არ წარმოუდგენია ახსნა-განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ ხსენებული სააგენტოს ექსპერტებმა გამდიდრებული ურანის ნაკვალევი აღმოაჩინეს ირანის ორ ბირთვულ ობიექტში.

გართულებას იწვევს ის ფაქტიც, რომ ირანის პარლამენტს ჯერაც არ მოუხდენია ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულებასთან დართული დამატებითი ოქმის რატიფიკაცია, რაც საერთაშორისო ექსპერტებს მისცემს შესაძლებლობას, წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეამოწმონ ირანში, როცა კი მოესურვებათ, ნებისმიერი ბირთვული ობიექტი.
XS
SM
MD
LG