Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფრანგი მეცნიერების ექსპერიმენტი - ''გადადგომა ფონდების მოსაზიდად''


საფრანგეთში ორი ათასი წამყვანი მეცნიერი გადადგა ადმინისტრაციული თანამდებობებიდან.

მათი აზრით, სახელმწიფო არასაკმარის მხარდაჭერას ავლენს მეცნიერების მიმართ ქვეყანაში, რის გამოც ბევრი ახალგაზრდა მეცნიერი იძულებულია დატოვოს ქვეყანა. მეცნიერების ასეთი პროტესტი წინ უსწრებს რეგიონულ არჩევნებს საფრანგეთში და დიდ საფიქრალს უჩენს ხელისუფლებას.

თვეების მანძილზე მიმდინარე საპროტესტო ღონისძიებები 9 მარტს 2000 მეცნიერის გადადგომით დაგვირგვინდა. ფრანგ მეცნიერთა მიერ ადმინისტრაციული თანამდებობების დატოვება სიმბოლურ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ლაბორატორიებისა და კვლევითი ცენტრების დირექტორები კვლავაც განაგრძობენ სამეცნიერო საქმიანობას. ეგ არის, რომ მათი დაწესებულებები შეიძლება ადმინისტრაციული საკითხების მოუგვარებლობის გამო დაზარალდნენ. თუმცა, ამ სიმბოლურმა ნაბიჯმა ერთ დღეში, ანუ 10 მარტს ხელისუფლებისგან მეცნიერების სექტორისთვის 2007 წლამდე ბიუჯეტში სამი მილიარდი ევროს დამატების დაპირება მოიტანა შედეგად.

სააგენტო "ფრანს პრესის" ცნობით, საფრანგეთის სახელმწიფო კვლევით დაწესებულებებში მომუშავე მეცნიერთა ნახევარზე მეტი - რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი თავიანთ კერძოდ სექტორში მოღვაწე კოლეგებთან ერთად საპროტესტო კამპანიის გაგრძელებას აპირებენ "გადავარჩინოთ მეცნიერების" ეგიდით. ისინი მოუწოდებენ პრეზიდენტ შირაკს დაუყოვნებლივ შეასრულოს მათი მოთხოვნები, რაც უპირველეს ყოვლისა - მთავრობის მიერ წამოყენებული მეცნიერთა კადრების შემცირების ინიციატივის გაუქმებას გულისხმობს.

თუმცა, ამ აქციების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანები ირწმუნებიან, რომ პრობლემა მდგომარეობს სამეცნიერო სექტორის არაორგანიზებულობაში, იმაში, რომ მას სუსტი კავშირი აქვს კერძო წარმოებასთან, ბიუროკრატიულ მოუქნელობასა და სახელმწიფო სამეცნიერო დაწესებულებების მოსამსახურეთა სტატუსში - ისინი სახელმწიფო მოხელეებად ითვლებიან, რაც მათ სამუდამოდ უზრუნველყოფს სამუშაო ადგილით.

შედარებისთვის: საფრანგეთში სახელმწიფო და კერძო სექტორში კვლევაზე დახარჯული თანხა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2,2 პროცენტს შეადგენს, გერმანიაში იგივე მაჩვენებელი 2,5 პროცენტია. ბრიტანეთში, სადაც კვლევითი საქმიანობის უდიდესი წილი კერძო სექტორზე მოდის, ხელისუფლება მთლიანი შიდა პროდუქტის 0,2 პროცენტს ხარჯავს. შეერთებულ შტატებში მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 2,8 პროცენტი იხარჯება მეცნიერებაზე, საიდანაც თანხის უდიდესი ნაწილი სამედიცინო და კოსმოსური კვლევებს მიაქვს.

საპროტესტო მოძრაობა საფრანგეთში მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო, როცა "გადავარჩინოთ მეცნიერების" პეტიციას ათეულობით ათასმა მეცნიერმა მოაწერა ხელი. ეს ჯგუფი აცხადებს, რომ საფრანგეთის ხელისუფლების გულგრილობა მეცნიერების მიმართ ქვეყნიდან ე.წ. "ტვინების გადინებას" უწყობს ხელს, ძირითადად - შეერთებულ შტატებში, კანადასა და იაპონიაში. მარტო 2000 წელს საფრანგეთში უმაღლესდამთავრებულმა 3000-მა ახალგაზრდა მეცნიერმა მიაშურა შტატებს. "რადიო ფრანს ენტერნასიონალს" ერთ-ერთმა ახალგაზრდამ, რომელიც იმუნოლოგიის დარგში სადიპლომო ნაშრომს ამზადებს, განუცხადა, რომ დიპლომის დაცვის შემდეგ საფრანგეთში თავის მომავალს ვერ ხედავს:

[სტუდენტის ხმა]
"ვისურვებდი კანადაში მუშაობას. დარწმუნებული ვარ, რომ დიპლომის დაცვის შემდეგ საფრანგეთში სამსახურს ვერ ვიშოვნი. ცხადია, საზღვარგარეთ წავალ".

უკანასკნელმა გამოკითხვამ საფრანგეთში აჩვენა, რომ გამოკითხულთა უმეტესობა - 82 პროცენტი მხარს უჭერს მეცნიერთა პროტესტს.

რეგიონული არჩევნები საფრანგეთში ითვლება ერთგვარ შუალედურ გამოცდად მემარჯვენე-ცენტრისტული მთავრობისთვის, რომელსაც მეცნიერებისგან, იურისტებისგან, მწერლებისგან და სახვითი ხელოვნების წარმომადგენელთაგან შემდგარი მოძრაობა უპირისპირდება და "ანტი ინტელექტუალურობას" სწამებს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG