Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა ფართოდ გამოეხმაურა მსოფლიო პრესა მადრიდში 11 მარტს მომხდარ ტერორისტულ აქტს,

რამაც ორასამდე ადამიანის, მათ შორის 35 უცხოელის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაჭრილთა რიცხვი ათას ხუთასს უახლოვდება. როგორც ბრიტანეთის გაზეთი "დეილი ტელეგრაფი" აღნიშნავს სარედაქციო სტატიაში, მადრიდში განხორციელებულმა თავდასხმამ კიდევ ერთხელ დაგვანახა რაოდენ დიდ საფრთხეს უქმნის ლიბერალურ დემოკრატიას საერთაშორისო ტერორიზმი. ხოლო გაზეთ "ნიუ-იორკ ტაიმსის" აზრით, მადრიდში მომხდარმა ტრაგედიამ შეგვახსენა, რაოდენ აუცილებელია მთელი მსოფლიოს დარაზმვა გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ. სარედაქციო სტატიაში ვკითხულობთ:

"2001 წლის 11 სექტემბრიდან მოყოლებული, ტერორისტული თავდასხმების სია დღითიდღე მატულობს. ფანატიკოსთა თავდასხმებს მრავალი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ბალიში, მომბასაში, ბაღდადში, იერუსალმიში, მოსკოვში, ჯაკარტაში, კასაბლანკაში, რიადსა და სტამბოლში. ასეთ დროს, ტრანს-ატლანტიკურ კავშირში მიმდინარე პოლემიკა იმის თაობაზე, თუ საიდან მომდინარეობს ტერორიზმის საფრთხე, და როგორ უნდა ვებრძოლოთ მას, უადგილო და ავის მომასწავებელია. ტერორიზმი ყოველ ჩვენთაგანს ემუქრება ყველგან და ყოველ დილით. ტერორისტებისთვის არც სახელმწიფო საზღვარი არსებობს, არც პოლიტიკური სისტემა, იდეოლოგია თუ რელიგია. ამიტომაც მათს წინააღმდეგ ბრძოლაში მთელი მსოფლიო, ყველა სახელმწიფო უნდა გაერთიანდეს".

როგორც გაზეთ "ფიგაროს" მიმომხილველი პიერ რუსელინი აღნიშნავს, მასობრივი ტერორის უკანასკნელმა ინციდენტმა, 11 მარტს რომ მოხდა მადრიდში, კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ტერორისტებს დღეს ამოძრავებს ერთი მიზანი - რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოკლან. ამდენად, არ შეიძლება იმის თქმა, რომ ტერორისტულ ორგანიზაციებს პოლიტიკური მიზანი აერთიანებს. ფრანგი ჟურნალისტი წერს:

"მსგავსად იმისა, რაც 2001 წლის 11 სექტემბერს მოხდა შეერთებულ შტატებში, 11 მარტის აფეთქებები მადრიდში, თავისი მასშტაბით, ესპანეთის ისტორიაში სრულიად უპრეცედენტო იყო. ესპანეთისა, სადაც ტერორიზმს კარგა ხნის ისტორია აქვს. ამჯერად უკვე მთელი მსოფლიო უნდა ჩაებას ტერორიზმის წინააღმდეგ მიმდინარე ომში".

"ევროპის 11 სექტემბერი" - ასეა დასათაურებული ტიმოთი ეშის სტატია გაზეთ "გარდიანში". ბრიტანელი ჟურნალისტი წერს:

"მადრიდში მოწყობილმა აფეთქებებმა ევროპელებს შეახსენა, რომ ტერორის წინააღმდეგ მიმდინარე ომში ძალების გაერთიანებაა აუცილებელი. ალ-ყაიდამ მოაწყო ტერაქტი მადრიდში თუ ეტამ, ერთი რამ ცხადია - ტერორიზმის აღსაკვეთად მჭიდრო თანამშრომლობაა აუცილებელი ევროპელებს, და პირველ რიგში ესპანეთსა და საფრანგეთს შორის."

გაზეთი "ინტერნეიშნალ ჰერალდ ტრიბიუნი" ტრაგიკულ კავშირს ხედავს ესპანეთსა და რუსეთში 14 მარტისთვის დანიშნულ არჩევნებს შორის: ორივე ქვეყანაში ტერორისტული თავდასხმები მოხდა ახლახან მატარებლებში. და ორივე შემთხვევაში უცნობია, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით, ბოროტმოქმედთა ვინაობა. გაზეთი, სარედაქციო სტატიაში განაგრძობს:

"მხოლოდ მასშტაბია განსხვავებული: მადრიდში, ორასამდე ადამიანი დაიღუპა, ხოლო მოსკოვის მეტროში 6 თებერვალს მომხდარმა აფეთქებამ 40 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. რუსეთში ჯერაც არ დასრულებულა დემოკრატიზაციის პროცესი, ხოლო პრეზიდენტ პუტინის თითქმის გარანტირებული გამარჯვება კვირას ხმების აბსოლუტური უმრავლესობით კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს რუსეთის მომავალს. ესპანეთს, ასეთი საფრთხე არ ემუქრება რაღა თქმა უნდა; 29 წელიწადმა ფრანკოს გარდაცვალებიდან მყარი ნიადაგი შეუქმნა ქვეყანაში დემოკრატიულ ტრადიციებს; ერთადერთი გამონაკლისი ამ მხრივ, ეტას ფანატიკოსთა მცირერიცხოვანი ჯგუფია."
XS
SM
MD
LG