Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ჩატარდება არჩევნები აჭარაში


აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მის ირგვლივ შექმნილი პოლიტიკური ვითარება საეჭვოს ხდის იქ არჩევნების ობიექტურად და კანონის დაცვით ჩატარების შესაძლებლობას.

ასეთი ეჭვი ჯერ კიდევ ორიოდე კვირის წინ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ჭიაბერაშვილმა გამოთქვა და აჭარაში არჩევნების ჩატარება მიზანშეუწონლად მიიჩნია. ოდნავ მოგვიანებით მისი პოზიცია შერბილდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ავტონომიურ რესპუბლიკაში ობიექტური და საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისი წინასაარჩევნო ატმოსფერო შეიქმნა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, თუკი არსებულ ვითარებაში არაფერი შეიცვალა, აჭარაში არჩევნები ჩატარებულად არ უნდა ჩაითვალოს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაური ასლან აბაშიძე ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აჭარაში წინასაარჩევნო კამპანიის საწარმოებლად საჭირო ობიექტური და სამართლიანი გარემოს სურათი შექმნას. ავტონომიის ტერიტორიაზე 28 მარტის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებით აბაშიძე რომ სისხლხორცეულადაა დაინტერესებული, ამაზე მეტყველებს მისი ერთ-ერთი აქტიური თანამოაზრის, პარლამენტარ ელიზბარ ჯაველიძის განცხადებაც:

[ელიზბარ ჯაველიძის ხმა] "იმიტომ არის დაინტერესებული, რომ გამჟღავნდეს, ბოლოს და ბოლოს, აჭარის მოსახლეობა ვის უჭერს მხარს. ეგრე ხომ არ არის, რომ ახლა სააკაშვილს მოეპრიანება და, გინდა თუ არა, მე უნდა შევცვალო ხელისუფლება და ვარდების რევოლუცია უნდა მოვახდინო, იარაღით დავამხოო. ესე არ არის. ხალხს ვინც უნდა, თუ დემოკრატიისთვის ვიბრძვით და დემოკრატიას ვამყარებთ, ის უნდა ავირჩიოთ."

ასლან აბაშიძეს საპარლამენტო არჩევნები რომ საკუთარი პოზიციების გასამყარებლად სჭირდება, ამაზე მიანიშნებს აჭარის პარლამენტის ერთადერთი ოპოზიციური ფრაქციის ლიდერი ილია ვერძაძეც.
მისი აზრით, აჭარაში ორი პოლიტიკური ძალის საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს და თუ არჩევნების დღეს რომელიმე მათგანი მიხვდა, რომ მისი მოწინააღმდეგე იმარჯვებს, არჩევნებს ჩაშლა დაემუქრება:

[ილია ვერძაძის ხმა] "პირველ ეტაპზე ამას მოჰყვება, რა თქმა უნდა, პოზიციური ბრძოლა და ამის შემდეგ მაინც იგივე საკითხი დადგება დღის წესრიგში, რასაც ჰქვია კანონიერების აღდგენა ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ამასთან დაპირისპირება-შეწინააღმდეგება. ასე რომ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს - შეიძლება ეს იყოს ან პროვოკაცია, ან ძალადობა."

აჭარაში რომ ყველა წინაპირობა იქმნება პოსტსაარჩევნო დაძაბულობის ესკალაციისთვის, ამას ისიც მოწმობს, რომ არ არსებობს ამომრჩეველთა სიები. ელიზბარ ჯაველიძის ინფორმაციით, თბილისიდან ბათუმში არასაკმარისი რაოდენობის საარჩევნო ფორმები გაიგზავნა. რეგიონში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამობაში მოდის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ერთ-ერთი გადაწყვეტილებაც კი არჩევნების გაუქმების წინაპირობებს ქმნის.

ლაპარაკია არჩევნების დღეს ამომრჩეველთა რეგისტრაციის შესაძლებლობაზე, რასაც, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ლიდერის თინათინ ხიდაშელის განმარტებით, მხოლოდ 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჰქონდა იურიდიული ძალა.

[თინათინ ხიდაშელის ხმა] "აჭარაში, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ამას არაფერი საერთო არ აქვს წინასაარჩევნო სიტუაციასთან. ზოგადად, მე მიმაჩნია, რომ, თუკი ასე გაგრძელდა და თუკი ცენტრალური ხელისუფლების მიმართ პოზიციები არ შეიცვალა აჭარის ხელისუფლების მხრიდან, თუკი მუდმივად შანტაჟის ენით ილაპარაკებს ასლან აბაშიძე, თავისთავად არავითარი ტრაგედია იმაში არ არის, რომ აჭარაში არჩევნები არ ჩატარდეს."
XS
SM
MD
LG