Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალები ერაყში სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობიდან ერთი წლის შემდეგ


ათიოდე დღის წინ 1 წელი გავიდა ერაყში ომის დაწყებიდან.

ეს თარიღი შეგვახსენა ცნობებმა 20 მარტს გამართული დემონსტრაციების შესახებ: ლაპარაკია ომის მოწინააღმდეგეების საპროტესტო გამოსვლებზე მრავალ ქვეყანაში, მათ შორის ესპანეთში, ბრიტანეთში, პოლონეთში, ავსტრალიაში, ეგვიპტეში, სირიაში. ჩვენ კი გადაცემის ბოლოს თვით ერაყელებზე გიამბობთ - გიამბობთ, როგორია ერაყელი ქალების ცხოვრება ერაყში ომის დაწყებიდან 1 წლის თავზე.

ერაყში ომის დაწყებას, როგორც ცნობილია, მალე მოჰყვა სახელმწიფოს მაშინდელი მეთაურის, სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობა - აპრილის დასაწყისში ამერიკელებმა და მათმა მოკვაშირეებმა უკვე ბაღდადი აიღეს. ასე, რომ 1 წელია გასული არა მარტო ომის დაწყებიდან - 1 წელია, რაც ერაყელები დიქტატურისაგან გათავისუფლდნენ.

მაგრამ დიქტატურის დამხობას, ცხადია, ყველა პრობლემა არ მოუგვარებია. ამაში დარწმუნდა ამერიკელი მკვლევარი ანიტა შარმა, რომელიც ვაშინგტონში "ვუდროუ უილსონის საერთაშორისო ცენტრში" მუშაობს და გასული წლის მანძილზე რამდენიმეჯერ იყო მივლინებული ერაყსა და იორდანიაში. იქ მან ბევრი ქალი გაიცნო: [ანიტა შარმას ხმა] "მათთვის მთავარი პრობლემაა უსაფრთხოება. მათ, მამაკაცებსაც და ქალებსაც, გადაადგილების თავისუფლება არ გააჩნიათ. გამუდმებით ეშინიათ აფეთქებებისა და სხვა საფრთხის."

დაუცველობის გამო, ბუნებრივია, უწინარეს ყოვლისა სუსტები დაიჩაგრნენ. ჩვენი რადიოს კორესპონდენტი გოლნაზ ესფანდიარი ამაოდ შეეცადა ქალებისადმი ძალადობის ამსახველი ოფიციალური სტატისტიკის მოპოვებას, მაგრამ ეს პრობლემა- ძალადობა - როგორც ჩანს, საკმაოდ მწვავეა. ყოველ შემთხვევაში, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები შიშობენ, რომ სულ უფრო მატულობს გაუპატიურებისა თუ გატაცების შემთხვევები.

დაუცველობის შედეგია ისიც, რომ ქალები ერაყში საზოგადოებრივ ცხოვრებას შორდებიან: [მანალ ომარის ხმა] "რასაკვირველია, უშიშროების პრობლემა გავლენას ახდენს სხვა სფეროებზეც - მაგალითად, განათლებაზე. ბევრ გოგონას მშობლები სკოლაში აღარ უშვებენ", ამბობს მანალ ომარი, რომლის ორგანიზაციაც - "ქალები ქალებისათვის" - პოსტკონფლიქტურ რეგიონებში მუშაობს. მანალ ომარმა იცის, რომ ქალებს ერაყში არც კონფლიქტამდე, ანუ 1 წლის წინ, ამერიკელებისა და მათი მოკავშირეების სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე ულხინდათ. ბევრმა წინა რეჟიმის წლებში, რეპრესიების შედეგად, ან ერაყ-ირანის ომში დაკარგა ოჯახის წევრი მამაკაცი და თვითონ უხდებოდა ოჯახის შენახვა. ეს ადვილი არასოდეს ყოფილა, მაგრამ ახლა კიდევ უფრო გაჭირდა. მანალ ომარი განმარტავს: [მანალ ომარის ხმა] "თუ წინათ სამუშაო ადგილებს სადამ ჰუსეინის მთავრობა არიგებდა, ახლა მათ ამერიკელების კოალიცია, ან მმართველი საბჭო და სამინისტროები არიგებენ. არადა ხალხს, ვინც ამერიკულ კოალიციასთან თანამშრომლობაზე მიდის, დიდი საფრთხე ემუქრება. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ქალებს სამუშაოს შოვნის შანსი აქვთ, მათთვის ძალიან ძნელია კოალიციის სამსახურში ჩადგომა."

გამოდის, რომ ერაყელები, დიქტატურისაგან გათავისუფლების შემდეგ, სხვა პრობლემის ტყვეობაში ჩავარდნენ - ეს გახლავთ ძალადობის საფრთხე, რომელიც მათ ლამის ყოველი ფეხის ნაბიჯზე ემუქრება. როგორც ცნობილია, იშვიათად თუ გადის დღე, ერაყში ერთი თავდასხმა მაინც რომ არ განხორციელდეს.

გარდა ამისა, პარადოქსია, მაგრამ ქალთა უფლებები მაინცდამაინც დიქტატურის დამხობის შემდეგ, დემოკრატიზაციის შედეგად შეიზღუდა: საქმე ის არის, რომ დიქტატურის წლებში ისლამური ფუნდამენტალიზმი ჩახშობილი იყო და ქალები ერაყში, სხვა არაბულ ქვეყნებთან შედარებით, მეტი თავისუფლებით სარგებლობდნენ. ახლა კი დემოკრატიზაციას ისლამური ფუნდამენტალიზმის აღზევება მოჰყვა... [მანალ ომარის ხმა] "ერაყელები, მართალია, გათავისუფლდნენ სადამ ჰუსეინის ტირანიისაგან, მაგრამ ქალები, საუბედუროდ, დიქტატურის წლებში მეტი პირადი თავისუფლებით სარეგბლობდნენ, ვიდრე ახლა: ეს ეხება უსაფრთხოებას, ჩაცმულობას. ახლა, სამხრეთ ერაყში ფუნდამენტალისტური, შარიათის ტიპის სამართლის ამოქმედების შემდეგ ქალებს ურჩევენ, არ გაიკეთონ მაკიაჟი. ქალებსვე, უშიშროების მოსაზრებით, უხდებათ ჰიჯაბით (თავსაფრით) სიარული. ბაღდადშიც ასეა - ჯობია, ჰიჯაბით იარო და აბაია (გრძელი შავი მოსასასხამი) ჩაიცვა, თუ გატაცების გეშინია. გატაცება კი ძალიან გახშირდა, ბევრ ადგილას".

როგორც ჩვენმა კორეპონდენტმა შეიტყო, ერაყელი ქალები არ აპირებენ ასეთ გაუარესებასთან შეგუებას. ისინი, მოსახლეობის 55 პროცენტზე მეტი, არასამთავრობო ორგანიზაციების ქმნიან, ქალთა საკითხებზე კონფერენციებს მართავენ და მათაც მიუძღვით წვლილი ერაყის მომავალი მთავრობისათვის ქალთა კვოტის შემოღებაში. ეს გახლავთ ახალი, გარდამავალი პერიოდის კონსტიტუციის შესაბამისად, 25-პროცენტიანი კვოტა, რაც ნიშნავს, რომ მთავრობის ყოველი მეოთხე წევრი ქალი უნდა იყოს.

მანალ ომარი, ორგანიზაციის "ქალები ქალებისათვის" წარმომადგენელი, ერაყელი ქალების დიდ მიღწევაზე ლაპარაკობს. [მანალ ომარის ხმა] "თავდაპირველად, სულ 4-5 თვის წინ, როცა კვოტებზე ვლაპარაკობდით და გვინდოდა, ხელი შეგვეწყო ქალების მთავრობაში შესვლისათვის, უარს გვუბნებოდნენ. ყველა უარზე იდგა. ამიტომ ახლა 25-პროცენტიანი კვოტის დაკანონება დიდ მიღწევად უნდა ჩაითვალოს. ის აჩვენებს, რომ ქალებმა შეძლეს ორგანიზება და თავიანთი ინტერესების დაცვა".

მაგრამ "ბრძოლა" არ დამთავრებულა. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობს ანიტა შარმა, ამერიკელი მკვლევარი, რომლის ერთი მოსაზრება წეღან უკვე მოისმინეთ. [ანიტა შარმას ხმა] "ვფიქრობ, ქალები კმაყოფილი არიან კვოტის დაწესებით, მაგრამ მთავარი ბრძოლა წინ არის, რათა ეს მიღწევა არ დაიკარგოს. ახლა ქალები ცდილობენ მთავრობის ამოქმედებამდე, ანუ 1 ივლისამდე პოზიციები დაიცვან, რათა თუ მომავალში კონსტიტუცია შეიცვალა, ქალების ანგარიშზე იყოს მიღწევა, რომლისაგან უკან დახევაც ძალიან ძნელი იქნება. ამიტომ არის, რომ ხელისუფლების სათავეში ერაყელების მთავრობის ჩადგომამდე და არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდს ქალები ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ".

ხელისუფლების სათავეში ერაყელების მთავრობის ჩადგომამდე 3 თვე, საყოველთაო არჩევნებამდე კი 10 თვე რჩება.
XS
SM
MD
LG