Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფეთქებები ერაყის ქალაქში, რომელიც აქამდე შედარებით მშვიდობიან ადგილად ითვლებოდა


ოთხშაბათს ერაყის ქალაქ ბასრაში თითქმის ერთდროულად მოხდა 3 აფეთქება - სამივე პოლიციის განყოფილებებთან, სამივე, სავარაუდოდ, ავტომანქანებში ჩადებული ბომბების გამოყენებით.

ორიოდე საათში აფეთქების ხმა გაისმა პოლიციის კიდევ ერთ განყოფილებასთან. აი, როგორ აღწერა მომხდარი ერთ-ერთმა ბასრელმა მამაკაცმა: [ბასრელი მამაკაცის ხმა] "ჩვენ ხმამაღალი აფეთქება გავიგეთ მთელს ცენტრში. გავიქეცით ხალხის, დაჭრილების დასახმარებლად. ადგილზე რომ მივედით, ყველგან გვამები დავინახეთ".

ბასრაში თავდასხმების შედეგად დაღუპულია 60-ზე მეტი ადამიანი (უმეტესწილად სამოქალაქო პირები, მათ შორის სკოლის მოსწავლეები), დაჭრილების რიცხვი კი 230-ს აღემატება.
რაც შეეხება თავდასხმელებს - ბრიტანეთის ჯარების პრეს-მდივნის, ჯონათან არნოლდის მიერ გამოთქმული ვარაუდით, აფეთქებებიდან 3 მაინც თვითმკვლელების მიერ არის მოწყობილი.
ამასობაში, თავდასხმები დაგმო ერაყის ახალმა შინაგან საქმეთა მინისტრმა სამირ სუმაიდიმ [სამირ სუმაიდის ხმა] "დღეს კიდევ ერთი დანაშაული მოხდა, კიდევ ერთხელ დახოცეს ადამიანები. ტერორისტებმა სიცოცხლეს გამოასალამეს უდანაშაულო ადამიანები, უდანაშაულო ბავშვები და ამით კიდევ ერთი გამარჯვება დაამატეს გამარჯვებებს, რომელთა მოპოვებაც სურთ ერაყელების ოცნების დასასამარებლად".

აფეთქებებს გამოეხმაურა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც, ჯეკ სტროუ: [ჯეკ სტროუს ხმა] "ჩემი მიმართვა ტერორისტებისადმი ნათელია: არ მოგცემთ უფლებას, ძირი გამოუთხაროთ ერაყის გარდაქმნას სუვრენულ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ. ერაყელ ხალხს ვერ წაართმევთ უკეთეს მომავალს, რომელსაც ის იმსახურებს".

აქამდე ბასრა შედარებით მშვიდობიანი ადგილი იყო ცენტრალური და სამხრეთი ერაყის სხვა ქალაქებში ბოლოხანს გახშირებული ძალადობის ფონზე. ამ ძალადობას კი ბოლო არ უჩანს: სუნიტების ქალაქ ფალუჯაში, რომელიც საერთაშორისო კოალიციის ჯარების ალყაშია მოქცეული, ამერიკელ ჯარისკაცებზე თავდასხმა განხორციელდა. შეტაკებამ ერაყელ მეამბოხეებთან 4 საათი გასტანა.

კოალიციის ჯარი (ჩვენი კორესპონდენტის ცნობით, 2500 ამერიკელი ჯარისკაცი) დგას აგრეთვე შიიტების ქალაქ ნაჯაფთან: იქ, როგორც ვარაუდობენ, ათასობით შეიარაღებული პირი იმყოფება თავის ლიდერთან, ამერიკულ კოალიციასთან ბრძოლის მომხრე შიიტ სასულიერო პირთან, მუყტადა ალ-სადრთან ერთად. მეამბოხეები ნაჯაფში, შიიტების წმინდა ქალაქში, განსაკუთრებით საჩოთირო პრობლემაა და ეს ნაჯაფთან განთავსებულ ამერიკელ ჯარისკაცებს სამშაბათს შეახსენა ერაყში ამერიკული ჯარების მთავარსარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა რიკარდო სანჩესმა: [რიკარდო სანჩესის ხმა] "პრობლემა ის არის, რომ ნაჯაფზე შეტევა რომ წამოვიწყოთ და ქალაქის ცენტრში ბრძოლაში გაგხვიოთ, შესაძლოა მუსლიმანური სალოცავები დაზიანდეს. ამას კი უარყოფითი რეაქცია და არასასურველი შედეგები მოჰყვებოდა, რაც, ალბათ დიდ პრობლემას შეგვიქმნიდა შიიტებთან".

დაძაბულია ვითარება ბაღდადშიც - მეამბოხეებმა ჭურვები დაუშინეს უდიდეს ციხეს და 22 პატიმარი მოკლეს. მიზანი, ერთ-ერთი ამერიკელი გენერლის ვარაუდით, ციხეში არეულობის დაწყებაა.

დაბოლოს, ერთი სტატისტიკური მაჩვენებელი: ოთხშაბათის თავდასხმების შედეგად (მათ შორის არის ბომბის აფეთქება ჩრდილოეთის ქალაქ მოსულშიც) 100-მდე გაიზარდა ერაყში მიმდინარე თვეში დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების რიცხვი. ეს ნიშნავს, რომ წლევანდელი აპრილი ამერიკელებისათვის ყველაზე მსხვერპლიანი თვეა მას შემდეგ, რაც შარშან, მარტის ბოლოს ერაყში სამხედრო ოპერაცია დაიწყო.
XS
SM
MD
LG