Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ახალი პარლამენტის პირველი დღე


დავით პაიჭაძე, თბილისი 22 აპრილს საქართველოს ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა. დასაწყისში დეპუტატებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

ამის შემდეგ შექმნეს დროებითი ხმის დამთვლელი და სამანდატო კომისიები. შესვენებას მოჰყვა პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობა: 235-დან 217-ის უფლებამოსილება დეპუტატებმა ცნეს. დღის წესრიგის მთავარი საკითხი პარლამენტის თავმჯდომარის არჩევა გახლდათ. ნინო ბურჯანაძე, 159 ხმით ერთის წინააღმდეგ, პარლამენტის სპიკერი გახდა. ვიცე-სპიკერების არჩევა 22 აპრილს ვერ მოესწრო. რა ხდებოდა საქართველოს პარლამენტში თავმჯდომარის არჩევის შემდეგ?

პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ არჩეული ნინო ბურჯანაძის პირველი სიტყვა ეხმიანებოდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ პარლამენტში დილით წარმოთქმულ სიტყვას. რამდენიმე მოტივი ამ ორ სიტყვაში ერთამენთს ემთხვეოდა: პარლამენტის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის აუცილებლობა, რუსეთთან საქართველოს ურთიერთობათა გაუმჯობესება, ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია, განათლების გაუმჯობესება, საქართველოს შეიარაღებული ძალების ფეხზე დაყენება, აჭარის ხელისუფლების პრობლემა... სპიკერის არჩევამდე პარლამენტარებმა საზეიმო ფიცი დადეს. ნინო ბურჯანაძის სიტყვამ ამ ფიცის შინაარსი განმარტა:

[ბურჯანაძის ხმა] "ჩვენი ყურადღების მიღმა არ დარჩება არც ერთი საკითხი: არც ადამიანის უფლებების დაცვა, არც სოციალური საკითხები, არც ეკონომიკური საკითხები და, ბუნებრივია, არც ის, რაც ჩვენთვის ყველაზე მტკივნეული გახლავთ: ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა."

პარლამენტის პირველი სამუშაო დღე ნაყოფიერი გამოდგა. საღამოს 9 საათისთვის საკანონმდებლო ორგანომ მუშაობა დაამთავრა. ამ დროს მეორე მოსმენით მიღებული იყო კონსტიტუციის ცვლილება სადეპუტატო იმუნიტეტის შეზღუდვის შესახებ, რომელსაც ორი ფრონტიდან უწევდნენ წინააღმდეგობას: ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე იმიტომ, რომ სჯერა: ხელისუფლება ამ ნორმას ოპოზიციის პოლიტიკური დევნის იარაღად გამოიყენებს, ხოლო კობა დავითაშვილის კრიტიკული გამოსვლები ცვლილებათა განხილვა-მიღების პროცედურის დარღვევას ეხებოდა. ამასთან, დავითაშვილი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ თავად ცვლილებას მხარს უჭერს, რაც დაადასტურა კიდეც კენჭისყრისას. კენჭისყრაზე კი იმუნიტეტის შეზღუდვის საკითხი იმიტომ დადგა, რომ დეპუტატთა უმრავლესობა ამტკიცებდა: ჩვენ ხალხს, უწინარესად, ამის გაკეთებას დავპირდითო.

პარლამენტის 22 აპრილის სხდომაზე განისაზღვრა ფრაქციებისა და კომიტეტების რაოდენობა, აგრეთვე - თითოეულ ფრაქციასა და კომიტეტში მომუშავე დეპუტატების რიცხვი. კულტურის მინისტრმა წარმოადგინა ახალი სახელმწიფო ჰიმნის პროექტი: პარლამენტის წევრებს ლექსი და ნოტები დაურიგეს, თუმცა ნოტების წაკითხვა ყველას არ შეეძლო: პარლამენტის დარბაზში მომავალი ჰიმნიც ააჟღერეს, ხოლო მისი განხილვა-მიღება უახლოესი მომავლისთვის გადადეს. სხდომა დამთავრდა აჭარის შესახებ პარლამენტის მკაცრი დადგენილების პროექტის წარდგენით, რომელსაც ასევე უახლოეს სხდომაზე განიხილავენ.
XS
SM
MD
LG