Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა პარლამენტში 2004 წლის ბიუჯეტის პროექტი შეიტანა


უკვე 2004 წლის მეოთხე თვე იწურება და საქართველო ჯერ კიდევ ძველი, 2003 წლის, ბიუჯეტით ცხოვრობს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბლოკადითა და სხვა პოლიტიკური საკითხებით

დაკავებულმა კაბინეტმა 2004 წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება მხოლოდ ახლახან მოახერხა და საქართველოს პარლამენტს წარუდგინა. ეგრეთ წოდებული "ვარდების რევოლუციით" ხელისუფლებაში მოსული პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას განცხადებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ბიუჯეტის პროექტი რევოლუციური ხასიათისაა. რატომ?

2004 წლის ბიუჯეტის პროექტი, გასული წლის ბიუჯეტთან შედარებით, შემოსავლების 45%-ით ზრდას ითვალისწინებს. ეს კი ნიშნავს, რომ მიმდინარე წელს სახელმწიფო ბიუჯეტში 415 მილიონი ლარით მეტი უნდა შევიდეს. შესაბამისად, ხელისუფლება ხარჯების ზრდასაც გეგმავს და, პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას განცხადებით, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, წინა წელთან შედარებით, 521 მილიონი ლარით მეტი იქნება. საერთო ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლითი ნაწილი მილიარდ 421 მილიონი ლარი, ხოლო ხარჯები მილიარდ 728 ლარი იქნება. კიდევ რამდენიმე პარამეტრი ზურაბ ჟვანიას გუნდის მიერ მომზადებული "რევოლუციური" პროექტიდან:

[ზურაბ ჟვანიას ხმა] "ჩვენ ვგეგმავთ, რომ გადასახადების ამოღების წილი გაიზარდოს 14,3%-დან 16,3%-მდე, ანუ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 2 პროცენტიანი ზრდა გადასახადების ამოღებისა ნიშნავს ძალიან მკვეთრ ღონისძიებებს, ეკონომიკის ლეგალიზაციის თვალსაზრისით."

ეს პროექტი მინისტრთა კაბინეტმა საქართველოს პარლამენტს 24 აპრილს გადაუგზავნა, თუმცა დღემდე საკანონმდებლო ორგანოში ბიუჯეტისთვის ვერავინ მოიცალა. იქ საკომიტეტო თანამდებობების, კაბინეტებისა და ავეჯის გადანაწილებით არიან დაკავებულნი. როგორც ჩანს, ამ ორგანიზაციული პრობლემების გამო ვერ ხერხდება ბიუჯეტის პროექტის გამრავლება და დეპუტატებისთვის დარიგება. პროექტის ასლის უქონლობას იმიზეზებენ საკანონმდებლო ორგანოს მთავარი ეკონომისტებიც, მათ შორის, ლადო პაპავაც:

[ლადო პაპავას ხმა] "მე იმ 400 მილიონიანი ზრდის სტრუქტურა თუ არ ვნახე, ამის ახლა არც მოწონება შეიძლება და არც კრიტიკა იქნება გამართლებული. ეს 400 მილიონი რა ნაწილითაა საგადასახადო შემოსავლების ზრდა, რა ნაწილია გრანტები და კრედიტები, ეს თუ არ ვნახეთ, აბა, ზეპირად როგორ ვთქვა, სწორია თუ არ არის სწორი."

ჯერჯერობით ბიუჯეტის შემოსავლების ზრდის თითქმის ერთადერთ ხელშესახებ მიზეზს უცხოური დახმარებების ზრდა წარმოადგენს. ის ეგრეთ წოდებული "ვარდების რევოლუციის" შედეგად ხელისუფლებაში მოსული გუნდის მხარდაჭერის გამოხატულებაა და შეუძლებელია მსგავსი ზრდა დიდხანს გაგრძელდეს. არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი, რომელმაც 2004 წლის პირველი კვარტალის ბიუჯეტის შესრულება განაპირობა. მას ეკონომიკის ექსპერტი ნიკო ორველაშვილი "ოქრუაშვილის ფაქტორს" უწოდებს:

[ნიკო ორველაშვილის ხმა] "თუ გრძელვადიან პერსპექტივაში ასე აპირებენ გაგრძელებას, უკვე, აი, ის ტოტალური შიში გამოიღებს აბსოლუტურად უკუ შედეგს. საბოლოო ჯამში, გამოიწვევს იმას, რომ საქართველო დაიცლება ინვესტიციებისგან და ინვესტიციებისგან დაცლილი ეკონომიკა იგივეა, რაც მშრალ ხევზე აშენებული წისქვილი."
XS
SM
MD
LG