Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღრმა კრიზისი თუ დროებითი პრობლემები? - რა ხდება მესამე სექტორში


დღეს ბევრს საუბრობენ იმის შესახებ, რომ მესამე სექტორს მძიმე დღეები უდგას; რომ მას შემდეგ, რაც არასამთავრობო ორგანიზაციათა რიგები ბევრმა აქტიურმა წევრმა დატოვა,

მესამე სექტორში ხანგრძლივმა და ღრმა კრიზისმა დაისადგურა. რამდენად შეესაბამება ამგვარი მოსაზრება სიმართლეს? რას ფიქრობენ ყოველივე ამის შესახებ თავად არასამთავრობო ორგანიზაციათა წევრები, ცნობილი ადვოკატები და საკუთრივ ხელისუფლების ის წარმომადგენლები, რომლებიც თავის დროზე არასამთავრობო ორგანიზაციებში საქმიანობდნენ?


რევოლუციის შემდეგ ხელისუფლება - აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო - უპირატესად არასამთავრობო ორგანიზაციათა აქტიური წარმომადგენლებით დაკომპლექტდა. ამგვარმა პროცესმა, ბუნებრივია, მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო რევოლუციის მთავარი შემოქმედი ძალა - მესამე სექტორი, რომელიც, მავანთა მტკიცებით, აგერ უკვე მეხუთე თვეა უშედეგოდ ცდილობს კრიზისის დაძლევას და საზოგადოებრივ პროცესებში აქტიურ ჩაბმას. უფრო მეტიც, ადვოკატი ეკა ბესელია რევოლუციის შემდეგ გაჩენილ ვაკუუმზე საუბრობს, თუმცა იქვე - სხვა, ახალი თაობის, არასამთავრობო ორგანიზაციების გააქტიურების სახით - გამოსავალსაც გვთავაზობს:

[ეკა ბესელიას ხმა] "ცხადია, ხელისუფლებაში განთავსდა ის არასამთავრობო სექტორი, რომელიც პრაქტიკულად ქმნიდა საზოგადოებრივ აზრსა და გარკვეულ კლიმატს. ამ მხრივ, უკვე ნამდვილად არსებობს სერიოზული ვაკუუმი".(სტილი დაცულია)

კიდევ ერთი ადვოკატი, სევდია უგრეხელიძე, არასამთავრობო ორგანიზაციებში შექმნილ მდგომარეობას დროებით კრიზისს უწოდებს და იმაშიც დარწმუნებულია, რომ ბოლო დროს გაჩენილი სიცარიელე მალე ამოივსება:

[სევდია უგრეხელიძის ხმა] "მუდმივი ცვლა უნდა იყოს, ამაში კატასტროფა არ არის. ადამიანები მოძრაობენ და არავის არ აუკრძალავს... არასამთავრობო არის ყოველთვის, ფაქტიურად, რაღაც, გარკვეულწილად, ოპონენტი ხელისუფლების და მისი იდეები და აზრები გავიდა და გახდა უკვე სახელმძღვანელო, ისეთი ხელისუფლება მოვიდა. ბუნებრივია, რომ ის ცარიელი ადგილი უნდა იყოს შევსებული ოპონენტი ორგანიზაციებით. თანდათან მოხდება ეს პროცესი, უცბად ვერ მოხდება, თუმცა ცარიელი არ დარჩება."(სტილი დაცულია)

საინტერესოა, რას ფიქრობენ მესამე სექტორში არსებული პრობლემების შესახებ ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები. იუსტიციის მინისტრი გიორგი პაპუაშვილი სულ რაღაც სამი-ოთხი თვის წინ თავად წარმოადგენდა ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას.

[გიორგი პაპუაშვილის ხმა] "არასამთავრობოების აქტიურობა არ გამოიხატება მხოლოდ ხელისუფლების ოპონირებაში, რაც, ბუნებრივია, მათი ერთ-ერთი ფუნქცია არის, მაგრამ, მეორე მხრივ, - და დასავლეთის ქვეყნებში ეს არის ძირითადი, - მეორე ფუნქციაა, რომ ხელისუფლებაში ლობირება გასწიონ იმ იდეების და მოსაზრებების, რაც მათ აქვთ და გაიტანონ თავიანთი მოსაზრებები. ...მათი ფუნქცია იქნება კვლავ, რა თქმა უნდა, ოპონირება გაუწიონ ყველაფერს და, მეორე მხრივ, ის, რომ იმ საკითხებში, რომელზეც თანხმდებიან, ერთობლივად იმოქმედონ. ეს იქნება საზოგადოებისთვის მისაღები და ხელსაყრელი." (სტილი დაცულია)

მესამე სექტორში კრიზისის არსებობას კატეგორიულად უარყოფს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე თინა ხიდაშელი, რომელიც სულ სხვა სახის კრიზისსა და პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას:

[თინა ხიდაშელის ხმა] "არა, მე ვთვლი, რომ არავითარი კრიზისი არ არის არასამთავრობო სექტორში. ის, რომ გარკვეული ადამიანები, რომლებიც იყვნენ ძალიან პოპულარულები და სახეები არასამთავრობო სექტორის, ხელისუფლებაში გადავიდნენ, ეს მხოლოდ კარგია და მისასალმებელია, ვინაიდან იმედი გვაქვს, რომ ისინი იქნებიან იმ ღირებულებების ლობისტები, რომელსაც ჩვენ აქამდე ვიცავდით. მე ვიტყოდი, რომ კრიზისი უფრო მედიას აქვს, ვიდრე არასამთავრობო სექტორს, ვინაიდან მედიას დღეს ძალიან უჭირს ექსპერტების მხრივ. ამიტომ ამ ექსპერტების მოძებნაში დავეხმარებით მედიას და ვეცდებით ახალი რესურსი წარმოვაჩინოთ სექტორიდან."(სტილი დაცულია)

იმას, რომ უშუალოდ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას" ნოემბრის რევოლუციის შემდეგ კრიზისი, მართლაც, არ შეხებია, შემდეგი ფაქტიც მოწმობს: ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია იუსტიციის სამინისტროსთან ერთად უფასო იურიდიული დახმარების მასშტაბურ კონცეფციაზე მუშაობს:

[თინა ხიდაშელის ხმა] "როდესაც სახელმწიფოში დაგეგმილი არის სერიოზული რეფორმები: სამართალდამცავი სისტემების, პროკურატურის, სასამართლოსი - ჩვენ ვთვლით, რომ პასუხისმგებლობა გვაკისრია იმაზე, რომ მივხედოთ ადამიანის უფლებებს, მივხედოთ იმ რეფორმას, რომელიც გასატარებელია ამ მიმართულებით. არ შეიძლება სახელმწიფომ არ აიღოს პასუხისმგებლობა ღარიბი და დაუცველი ფენების დაცვაზე."(სტილი დაცულია)

თინა ხიდაშელის თქმით, უფასო იურიდიული დახმარების პროექტი სულ მალე იქნება მზად და უკვე ივნისის ბოლოსათვის პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს განსახილველადაც წარედგინება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG