Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამ დღეებში რუსეთის პრესის ფურცლებზე არაერთმა პოლიტოლოგმა გამოთქვა მოსაზრება ცხინვალის


გიორგი კაკაბაძე, თბილისი ამ დღეებში რუსეთის პრესის ფურცლებზე არაერთმა პოლიტოლოგმა გამოთქვა მოსაზრება ცხინვალის რეგიონში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.

ისინი მსჯელობენ კონფლიქტის ძალისმიერ ფაზაში გადასვლის შესაძლებლობაზე და რუსეთისა და დასავლეთის დამოკიდებულებაზე კონფლიქტის მიმართ.

გაგაცნობთ რამდენიმე ექსპერტის მოსაზრებას.

8 ივლისის გაზეთ “კომსომოლსკაია პრავდაში” პოლიტოლოგი სტანისლავ ბელკოვსკი აცხდებს: “უფრო მოსალოდნელია, რომ რუსეთი არ დაუჭერს მხარს სამხრეთ ოსეთის რეჟიმს თავისი ჯარის რეგულარული ნაწილებით - სხვათა შორის, იმის გამოც, რომ აშშ-თან არ გაიფუჭოს ურთიერთობა, რომელიც ისედაც არცთუ მარტივად ყალიბდება. ასეთ შემთხვევაში ქართველები, რასაკვირველია, გაიმარჯვებენ, რუსეთი კი დამარცხდება - მორალურად და პოლიტიკურადაც. სხვა ქვეყნები ასეთ საკითხებს, ჩვეულებრივ, თავიანთ სასარგებლოდ წყვეტენ - როგორც, მაგალითად, აშშ ერაყში ან თურქეთი, რომელიც ქურთებს სხვის ტერიტორიაზე ანადგურებს.”

9 ივლისის “ნეზავისიმაია გაზეტას” გამოკითხვაში მონაწილეობდა ბერლინელი პოლიტოლოგი ალეკსანდრ რარი. მისი თქმით, “ევროპის გადასახედიდან ისე ჩანს, რომ მიხეილ სააკშვილმა თავის პოლიტიკაში შეძლო ის, რაც ედუარდ შევარდნაძემ ვერაფრით ვერ მოახერხა - ესაა საქართველოს რეალური განმტკიცება და სეპარატიზმის საბოლოო დამარცხება.”

ალეკსანდრ რარი აგრეთვე ამბობს: “ის, რაც აჭარაში მოხდა, აქ სენსაციად აღიქმება. არავინ ელოდა, რომ “ვარდების რევოლუცია” თბილისიდან აჭარაში ასე უსისხლოდ გადაინაცვლებდა. ჩანს, რომ სააკაშვილი “ვარდების რევოლუციას” სხვა ფორმით სამხრეთ ოსეთზეც გადაიტანს. საქართველოს პრეზიდენტი შესანიშნავ დიპლომატიას ატარებს ამ პოლიტიკის განსამტკიცებლად. ვფიქრობ, რომ დროთა განმავლობაში სამხრეთი ოსეთი მაინც შევა საქართველოს შემადგენლობაში.”

13 ივლისის გაზეთ “ტრიბუნას” ფურცლებზე გლობალიზაციის პრობლემების ინსტიტუტის ხელმძღვანელი მიხაილ დელიაგინი აცხადებს, რომ “საქართველოს ეკონომიკა ღრმა ნგრევის, პრაქტიკული კომის მდგომარეობაშია და სავსებით ობიექტური მიზეზების გამო ვერ ცოცხლდება.” მისი თქმით, “პრეზიდენტ სააკაშვილს არა აქვს შესაძლებლობა, რომ ხალხს პური მისცეს და იძულებულია ამის კომპენსირება სანახაობის ხარჯზე - საქართველოს გაერთიანების ლოზუნგის გარშემო ნაციონალისტური ეიფორიის საშუალებით მოახდინოს.”

ამასთან დელიაგინი მიიჩნევს: “საქართველოს შეიარაღებული ძალები, განსაკუთრებით კი ამერიკელთა მიერ გაწვრთნილი სპეცდანიშნულების ბატალიონის გათვალისწინებით, არსებითად საკმარისი უნდა იყოს სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების გასანადგურებლად. ასეთ შემთხვევაში ვლადიმირ პუტინი აღმოჩნდება მეტად არასასიამოვნო არჩევანის წინაშე: მან ან ფიზიკურად უნდა დაიცვას რუსეთის მოქალაქეები სამხრეთ ოსეთში (მათი რიცხვი კი იქ, ოფიციალურად, 56 პროცენტს შეადგენს, ხოლო თუკი ჩავთვლით იმათაც, ვინც განცხადება დაწერა, მაგრამ პასპორტი არ მიუღია, მაშინ - 90 პროცენტს), ან ანგარიში უნდა გაუწიოს დასავლეთს, რომელიც ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს სააკაშვილს.”

რუსი პოლიტოლოგის აზრით, “შესაძლებელია ისიც, რომ წარმოიქმნას ახალი საერთოკავკასიური კრიზისი, თუ სამხრეთ ოსეთზე საქართველოს თავდასხმის შემთხვევაში აფხაზეთი თვითონ დაესხმება თავს საქართველოს, რომელიც ვერ შეძლებს ორ ფრონტზე ომის წარმოებას.”
დელიაგინის თქმით, “რუსეთისთვის აუცილებელია ნებისმიერ ფასად არ დაუშვას საქართველოს თავდასხმა.”
XS
SM
MD
LG