Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ შეჩერდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობა


დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველოში ისევ აქტუალური ხდება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემები. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს

საქართველოს მთავრობამ “ბრიტიშ პეტროლეუმს” ნავთობსადენის მშენებლობა შეაჩერებინა. რატომ გამწვავდა პრობლემა დღეს?

27 ივლისს “ბრიტიშ პეტროლეუმის” ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის კორპორაციის მთავარმა აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა მაიკლ ტაუნშენდმა დაადასტურა, რომ გასულ კვირაში კომპანიამ საქართველოს მთავრობისაგან მართლაც მიიღო ოფიციალური შეტყობინება, შეეჩერებინა ნავთობსადენის მშენებლობა 17-კილომეტრიან მონაკვეთზე, ბორჯომის ხეობაში. კომპანია დაემორჩილა ამ შეტყობინებას, განაცხადა მაიკლ ტაუნშენდმა და მშენებლობის შეჩერების მოტივი ასე განმარტა:

[ტაუნშენდის ხმა] “შეჩერება 2 აგვისტომდე გასტანს. ეს პერიოდი სჭირდება საქართველოს მთავრობას მილსადენის უსაფრთხოების დასაცავ ზომათა შესაფასებლად.”

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი იქვე დასძენს, რომ თავად კომპანიაც შეუდგა უსაფრთხოების ზომათა შეფასებას და თუ საქართველოს მთავრობა მოითხოვს, გაუზიარებს კიდეც საკუთარ დასკვნებს.

საქართველოს მთავრობამ კი მანამდე მოითხოვა, რომ სანამ არ იქნებოდა უსაფრთხოების ზომათა გაუმჯობესებისა და გამკაცრების გარანტია, მშენებლობა ბორჯომის 17-კილომეტრიან მონაკვეთზე არ განახლებულიყო. რადიო “თავისუფლებასთან” საუბარში საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი თამარ ლებანიძე აცხადებდა:

[ლებანიძის ხმა] “2002 წლის ნოემბერში სამინისტრომ გასცა გარემოსდაცვითი ნებართვა, 13 თანმდევი პირობით. ნებართვა ძალაშია და კანონიერია იმ შემთხვევაში, თუ თითოეული პირობა სრულდება. ერთ-ერთი პირობა, მეცხრე, რომელიც დაკავშირებულია ბორჯომის ზონასთან, საქართველოს მთავრობა მიიჩნევს, რომ არ არის ბოლომდე შესრულებული. აქედან გამომდინარე, BP-ის არა აქვს უფლება, გააგრძელოს სამშენებლო სამუშაოები ბორჯომის ზონაში მანამ, სანამ ეს პირობა არ იქნება შეთანხმებული.”

რთული რელიეფი, უნიკალური ბიომრავალფეროვნება და, რა თქმა უნდა, მინერალური წყალი - ეს ყველაფერი შეიქმს ბორჯომის ზონას განსაკუთრებით მგრძნობიარედ ნავთობსადენის მშენებლობისადმი. საქართველოს მთავრობა არ ითხოვს მარშრუტის შეცვლას. მარშრუტი რომ არ შეიცვლება, ამას ცხადად ამბობს “ბრიტიშ პეტროლეუმის” წარმომადგენელიც. გარემოს დაცვის სამინისტროს მოთხოვნის პასუხად მაიკლ ტაუნშენდი აცხადებს, მილსადენი უსაფრთხოა და განსაკუთრებით კარგად არის დაცული სწორედ ხსენებულ პრობლემურ მონაკვეთში, სადაც უსაფრთხოების დამატებით ზომებს მიმართავენ:

[ტაუნშენდის ხმა] “მეწყერულ ზონას რაც შეეხება, ის მდებარეობს კოდიანას უღელტეხილზე და მოიცავს ბორჯომის მონაკვეთის ბოლო ორ კილომეტრს. ჩვენ ეს უბანი გამოწვლილვით შევისწავლეთ და ერთი წელია ვმუშაობთ საქართველოს მთავრობის მრჩევლებთან ერთად. შემუშავებულია უაღრესად სპეციფიკური კონსტრუქცია, რომელიც გულისხმობს ღრმა ბურღვას, მილსადენის უფრო ღრმად ჩადებას, ქანების გამაგრებასა და მეწყერული ზონის სტაბილიზაციას გასამაგრებელი სამუშაოებით.”

დაახლოებით ერთ კვირაში გამოჩნდება, აკმაყოფილებს თუ არა საქართველოს მთავრობას კომპანიის როგორც უკვე ჩატარებული, ისე სამომავლოდ შეთავაზებული სამუშაოები.
XS
SM
MD
LG