Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2 აგვისტოს გაზეთ “კომერსანტის” თქმით, ის, რაც დღეს აფხაზეთისა და


გიორგი კაკაბაძე, თბილისი 2 აგვისტოს გაზეთ “კომერსანტის” თქმით, ის, რაც დღეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარშემო ხდება, არ არის მხოლოდ ცხინვალისა და სოხუმისთვის ბრძოლა,

რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აწარმოებს თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ხელმძღვანელებთან. უპირველესად, ესაა ბრძოლა საქართველოსთვის - ამასთან, არა იმ აზრით, რომ მის მიერ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოხდეს. და ამ ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე - რუსეთია”, - დასძენს “კომერსანტი”.

მინდა გესაუბროთ ამ წერილისა და კიდევ ორიოდე პუიბლიკაციის შესახებ.

“კომერსანტის” აზრით, “საქართველოში თავისი გავლენის შენარჩუნებას მოსკოვი, როგორც ჩანს, თბილისის მიერ არაკონტროლირებადი რესპუბლიკების საშუალებით აპირებს.”

გაზეთი წერს: “მოსკოვმა საშუალება მისცა თბილისს, ტრიუმფით მოეგო ბრძოლა ბათუმისთვის და ელოდა, რომ ის შემხვედრ ნაბიჯებს გადადგამდა. მაგალითად, უარს იტყოდა საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ბაზების გაყვანის მოთხოვნაზე. მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა არ დაუბრუნა რუსეთს აჭარული ვალი, გადაწყვიტა რა, უმალ თავისი კონტროლისთვის დაექვემდებარებინა სამხრეთი ოსეთი. და სწრაფი წარმატების შემთხვევაში, ის მნიშვნელოვნად შეამცირებდა რუსეთის შესაძლებლობებს აფხაზეთის გარშემო ვაჭრობასთან დაკავშირებით.”

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მყოფი სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელის, გენერალ-მაიორ ნაბდზოროვის მომავალ შეცვლასთან დაკავშირებით 30 ივლისის გაზეთი “რუსკი კურიერი” შენიშნავს, რომ “გენერალმა [ასე ვთქვათ] “პოლიტიკაში ჩარევა” დაიწყო მას შემდეგ, რაც ოფიციალურად დაისვა მისი შეცვლის საკითხი.”

გაზეთის თქმით: “სწორედ 2 ივნისის შემდეგ განვითარდა მოვლენები, რომლებმაც ვითარების დღევანდელი გამწვავება გამოიწვია სამხრეთ ოსეთში. უკანასკნელ წვეთად, რომელმაც თბილისის მოთმინების ფიალა აავსო, იქცა გენერალ ნაბდზოროვის განცხადება, რომ როკის გვირაბის მონაკვეთზე არ არსებობს საქართველო-რუსეთის საზღვარი, ხოლო უახლოეს ხანში “საქართველოს მოუწევს, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლა ითხოვოს.”

თბილისში ეს განცხადებები - და სავსებით სამართლიანად - შეაფასეს როგორც სუვერენული სახელმწიფოს საქმეებში ჩარევა.”

3 აგვისტოს გაზეთ “ტრუდის” თქმით, “როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფალნი სულ უფრო მკვეთრად იხრებიან ქართულ-ოსური კონფლიქტის გადაწყვეტის ძალისმიერი ვარიანტისკენ და ანალიტიკოსებისთვის ეს გასაგებიცაა.”

მაგალითად, როგორც გაზეთი გვამცნობს: “პოლიტიკური ტექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელი სერგეი მიხეევი მიიჩნევს,რომ თბილისი ომისკენ მიდის. მისი აზრით, რესპუბლიკის ხელმძღვანელობა ვერ ახერხებს ვითარების გადაწყვეტას მოლაპარაკების ჩარჩოებში, ხოლო მიხეილ სააკაშვილს ძალიან უნდა თავისი წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება.”

როგორც ექსპერტი აცხადებს, “კონფლიქტის მოგვარების პროცესი შეიძლება წლობით გაიჭიმოს, ამის დრო კი საქართველოს ამბიციურ პრეზიდენტს არა აქვს.”

“ნდობის კრედიტის გამართლების ერთადერთი ხერხი, შესაძლოა, [ასე ვთქვათ] “პატრიოტული ომების” გაჩაღებას უკავშირდებოდეს, რადგან ეკონომიკური წარმატებები უახლოეს წლებში საქართველოში მოსალოდნელი არ არის”, -ამბობს სერგეი მიხეევი.
XS
SM
MD
LG