Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“მომავალი იწყება დღეს” - განათლების სამინისტროს ახალი პროექტი


განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ის სახელმწიფო დაწესებულებაა, რომელიც, მიმდინარე რეფორმების წყალობით, საზოგადოების ყურადღების ცენტში ყველაზე ხშირად ექცევა.

თუმცა გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ კონკურსი, რომელიც სამინისტროს ხელმძღვანელობამ ამ ორიოდე დღის წინ გამოაცხადა, მორიგი სკანდალის საფუძვლად ნამდვილად არ გამოდგება. ლაპარაკია კონკურსზე, რომლის სახელწოდებაა “მომავალი იწყება დღეს” და რომელიც ნაციონალურ სკოლებში ქართული ენისა და ისტორია-გეოგრაფიის მასწავლებლების ვაკანტური ადგილების შესავსებად ტარდება.



ნაციონალურ სკოლებში ქართული ენისა და ისტორია-გეოგრაფიის სათანადო დონეზე სწავლება ბოლო ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში ყოფილი ხელისუფლებისთვისაც პრიორიტეტად ითვლებოდა. ნათქვამის დასტურად თუნდაც სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამა გამოდგება, რომელიც, ძირითადად, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მხარეებში ხორციელდებოდა. თუმცა ერთია პროგრამის არსებობა და მეორე - საკუთრივ შედეგი, რომლითაც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები დიდად ვერ დაიკვეხნიან. თავად განსაჯეთ, საქართველოს მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მოადგილის თემურ სამადაშვილის თქმით, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, წელს პირველად მოხერხდა სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის სახელმძღვანელოების დაბეჭდვა:

[თემურ სამადაშვილის ხმა] “უკვე დავბეჭდეთ და საწყობშია, შემოდის წიგნები არაქართულენოვანი სკოლებისთვის: პირველიდან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით - ქართული ენის სახელმძღვანელოები, პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით -ისტორია და გეოგრაფია. მათ ენებზე, ანუ სომხურსა და აზერბაიჯანულ ენებზე, წიგნები მზად არის და დაახლოებით 20 აგვისტოდან ვგეგმავთ ამ წიგნების დისტრიბუციას სკოლებში. ისტორიასა და გეოგრაფიას ჩვენ ვბეჭდავთ და ეს ხდება პირველად.”

სახელმძღვანელოების დაბეჭდვის მსგავსად, წელს განათლების სამინისტრო პედაგოგთა ვაკანტური თანამდებობების შესავსებად ასევე პირველად ატარებს კონკურსს. ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ნაციონალურ სკოლებში ქართული ენისა და ისტორია-გეოგრაფიის 30 მასწავლებელი კონკურსის საფუძველზე შეირჩევა. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის კონსულტანტი ლევან გახელაძე განმარტავს, რომ კონკურსში ადგილობრივი პედაგოგები მონაწილეობას ვერ მიიღებენ:

[ლევან გახელაძის ხმა] “თვითონ პედაგოგი არ უნდა ცხოვრობდეს იქ, სადაც ხდება მისი მივლინება, რათა ასეთი მაღალი ანაზღაურების გამო არ მიატოვოს ის სკოლა, სადაც აქამდე მუშაობდა. ჩვენი ინტერესია პედაგოგები სხვა რეგიონებიდან მოვიზიდოთ.”

რაც შეეხება ანაზღაურებას, რომელსაც კონკურსში გამარჯვებული მასწავლებლები მიიღებენ:

[ლევან გახელაძის ხმა] “300 ლარი - ხელფასის სახით; 100 ლარი -ბინის ქირის ანაზღაურება და 30-100 ლარამდე - მგზავრობის ფული, იმისდა მიხედვით, თუ რამდენად არის დაშორებული ეს დასახლებული პუნქტი მშობლიურ ადგილს.”

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ განათლების სამინისტროს არა აქვს უფლება დანიშნოს მასწავლებელი ამა თუ იმ სკოლაში. სამინისტრო კონკურსში გამარჯვებულ პედაგოგს სკოლისა და განათლების ადგილობრივი განყოფილების ხელმძღვანელობის წინაშე მხოლოდ რეკომენდაციას გაუწევს. მიუხედავად ამ გარემოებისა, დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ კონკურსში, რომლის სახელწოდებაა “მომავალი იწყება დღეს”, პედაგოგთა სოლიდური რაოდენობა მიიღებს მონაწილეობას. არაა გამორიცხული კონკურსანტთა შორის იყვნენ ქუთაისის ნომერ მეხუთე სკოლის პედაგოგები, ანუ იმ სკოლისა, რომელსაც, ოპტიმიზაციისა და სანიტარული ნორმების დარღვევის მიზეზით, სხვა სკოლასთან აერთებენ. არადა, სკოლის დირექტორი ნანული ჭკადუა განათლების მინისტრს ალტერნატიულ გამოსავალსაც სთავაზობს:

[ნანული ჭკადუას ხმა] “იცით თქვენ, თბილისი აშენებს 21-ე საუკუნის სკოლას რომელიღაც უბანში. ქუთაისშიც გააკეთონ ერთი ასეთი, ხომ შეიძლება, თუნდაც ჩვენი სკოლის ბაზაზე.”

თუმცა, როგორც ჩანს, განათლების სამინისტროს ამ ეტაპზე სულ სხვა გეგმები აქვს. მინისტრის მოადგილის თემურ სამადაშვილის განცხადებით, დაგეგმილია ლაგოდეხისა და ახალგორის რაიონებში მდებარე ოსური სკოლების მოსწავლეებისათვის მშობლიურ ენაზე სახელმძღვანელოების გამოცემა:

[თემურ სამადაშვილის ხმა] “ლაგოდეხში ჩვენ გვაქვს ოთხი დაწყებითი ოსური სკოლა, ანუ სკოლა, სადაც პირველიდან მეხუთე კლასამდე სწავლა წარმოებს ოსურ, შემდეგ რუსულ ენებზე, და ახალგორში გვაქვს კიდევ სამი სკოლა. ამ სკოლებისთვის ვაპირებთ დავბეჭდოთ სახელმძღვანელო ოსურ ენაზე და დავურიგოთ… ყველა სახელმძღვანელო, რაც არის: მათემატიკა და ასე შემდეგ…გვინდა, რომ წელს მოესწროს, მაგრამ მარტო ჩვენზე არ არის დამოკიდებული, დამოკიდებულია ავტორებზე.”

დაბოლოს: განათლების სამინისტრო, არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით, სახელმძღვანელოების დაბეჭდვას აფხაზურ ენაზეც აპირებს. სამინისტრო, თემურ სამადაშვილის თქმით, ამ შემთხვევაში თანადამფინანსებლის როლით დაკმაყოფილდება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG