Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად უსაფრთხოა ცხინვალის რეგიონში 2700-მდე ბავშვის დაბრუნება?


რამდენიმეკვირიანი საბრძოლო მოქმედებების დროს ცხინვალის რეგიონიდან გახიზნულ ბავშვებსა და მათ მშობლებს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაჰპირდა,

რომ სასწავლო წლის დაწყებისთვის ყველა პირობა იქნებოდა შექმნილი ბავშვების შინ დასაბრუნებლად. მას შემდეგ საომარი მოქმედებები, მართლაც, შეწყდა და რეგიონში შედარებითი სიმშვიდე დამყარდა. ამით დაიმედებულმა საქართველოს ხელისუფლებამ ბავშვებისა და ქალების საკუთარ საცხოვრებლებში დაბრუნება გადაწყვიტა და 2700-მდე ბავშვი ცხინვალის რეგიონში 5 და 6 სექტემბერს შეიყვანა.

[ისმის მშობელთა ხმა] ”...ძვირფასი მადლობა, ყველას დიდი მადლობა...”

ასეთი სამადლობელი სიტყვებით შეხვდა დიდი ლიახვის ხეობის მოსახლეობა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებმაც საქართველოს სხვადასხვა რაიონში გახიზნული ბავშვები შინ დააბრუნეს. კონფლიქტის ზონიდან გაყვანილი 2700-მდე მოზარდი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ძირითადად კი, აჭარაში, კახეთსა და იმერეთში ისვენებდა. 5 სექტემბერს ცხინვალის რეგიონის დიდი ლიახვის ხეობის მკვიდრი ბავშვები თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში ცხინვალის გავლით ჩაიყვანეს. მათ უსაფრთხო გატარებაზე გარანტია ოსური მხარისგან სახელმწიფო მინისტრმა გოგა ხაინდრავამ მიიღო. 6 სექტემბერს კი კონფლიქტის ზონიდან გაყვანილი ბავშვები პატარა ლიახვისა და ფრონეს ხეობებში დააბრუნეს.

[მიხელ ქარელის ხმა] "შექმნილია აბსოლუტურად უსაფრთხო პირობები. საქართველოს ხელისუფლებამ, პრეზიდენტმა იზრუნა ამ ყველაფერზე და აბსოლუტურად უსაფრთხოა. იცით, რომ რამდენიმე კვირაა უკვე, სრული სიმშვიდეა კონფლიქტის ზონაში. არანაირი სროლები, არანაირი დაბომბვები არ არის. ბავშვების შეყვანაც არის გარანტია იმისა, რომ იქნება სიმშვიდე."

ეს ინტერვიუ შიდა ქართლში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულ მიხეილ ქარელთან მაშინ ჩავწერე, როდესაც ის სოფელ ვანათში მიმავალ ბავშვებს მიაცილებდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში აღარ ისვრიან, ძნელი სათქმელია, რომ იქ სრული სიმშვიდე იყოს. როგორც ჩვენი შიდაქართლელი კორესპონდენტი გოგა აფციაური იტყობინება, გასულ დღეებში საკმაოდ ხშირი იყო ქართული ეროვნების მოქალაქეთა გატაცების ფაქტები, რასაც ოსი ეროვნების მოსახლეობის დატყვევება თუ ბლოკირება თან სდევდა ხოლმე.

[გოგა აფციაურის ხმა] "ყოველდღე არის ასეთი ფაქტები, ფაქტობრივად. მაგალითად, ერედვში იყო ერთი ფაქტი: როდესაც იქაური მცხოვრები გაიტაცეს, ერედვის მოსახლეობამ გზა გადაკეტა და 15 ოსი დაატყვევა. ამის შემდეგ ულტიმატუმი შეუთვალეს, თუ ქართველებს არ გაათავისუფლებდნენ, 15 ოსს დაიტოვებდნენ მძევლად..." (სტილი დაცულია)

ცხადია, რომ ეს საკმაოდ ფეთქებადსაშიში სიტუაციაა, თუმცა მიხეილ ქარელი ასე არ ფიქრობს და ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლების მილიციის მიერ ადამიანთა გატაცებას მხოლოდ კრიმინალურ ფაქტებს უწოდებს:

[მიხეილ ქარელის ხმა] "ეს კრიმინალური ფაქტია. მესმის, ეს ყველაფერი იყო, მართალია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მომავალში ეს აღარ იქნება."

ქარელის განცხადებით, რეგიონში ყველაფერი კეთდება 20 სექტემბრისთვის სასწავლო პროცესის დასაწყებად. საბრძოლო მოქმედებების შედეგად, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში რამდენიმე სკოლის შენობა დაზიანდა, მათ შორის, ორი საკმაოდ ძლიერად. ახლა მათი აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და საქართველოს ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ სარემონტო სამუშაოების დასრულება 20 სექტემბრამდე მოხერხდება.
XS
SM
MD
LG