Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ბოლოდროინდელი პრესა დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოსა და რუსეთს შორის


გიორგი კაკაბაძე, თბილისი რუსეთის ბოლოდროინდელი პრესა დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის გაუარესების საკითხს. წერილებში აქცენტი გაკეთებულია იმ პოლიტიკაზე,

რომელსაც კრემლი ატარებს საქართველოს მიმართ. ამ პუბლიკაციებისა და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული წერილის შესახებ გესაუბრებით.

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებს ეძღვნება 10 სექტემბრის ინტერნეტგაზეთ “როსბალტის” წერილი, სადაც ნათქვამია, რომ “ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ასტამურ აპბა ვერ ხედავს ამომრჩეველთა სიების მანიპულირების გზით არჩევნების შედეგების ფალსიფიკაციის შესაძლებლობას. მისი სიტყვებით, აფხაზეთის მოსახლეობის დაახლოებით 80%-ს აქვს საბუთები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობის უფლებას იძლევა - ესაა საბჭოთა კავშირის მოქალაქის პასპორტი, რუსეთის პასპორტი ან “ფორმა #9” (დროებითი პირადობის მოწმობა).
მაგრამ როგორც “როსბალტი” წერს:

“ამ ოპტიმიზმს ყველა როდი იზიარებს. საბჭოთა პასპორტი აფხაზეთში ბევრს აღარ აქვს, ხოლო რესპუბლიკაში მცხოვრებ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს აქვთ რუსეთის საზღვარგარეთული პასპორტები, სადაც არ არის არანაირი ინფორმაცია ჩაწერის შესახებ. სოხუმის “ნუჟნაია გაზეტას” მთავარი რედაქტორის იზიდა ჭანიას აზრით, შეიძლება მოხდეს ისე, რომ აფხაზეთის პრეზიდენტი ქართველმა ლტოლვილებმა აირჩიონ. მისი თქმით, გალის რაიონის ბევრმა ყოფილმა მცხოვრებმა, რომელიც საქართველოში გაიქცა და დღესაც იქ ცხოვრობს, საბჭოთა პასპორტი შეინარჩუნა და დღესაც გალშია ჩაწერილი. ქართულ-აფხაზური საზღვარი კი მეტ-ნაკლებად გამჭვირვალეა...”

11 სექტემბრის გაზეთი “კომერსანტი” აღნიშნავს, რომ “სოხუმსა და მოსკოვს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებამ ოფიციალური თბილისის მძაფრი პროტესტი გამოიწვია”.
გაზეთი წერს:

“პასუხად რუსეთის ოფიციალურმა პირებმა განმარტეს, რომ სარკინიგზო მიმოსვლა აფხაზეთთან განახლდა კომერციული სტრუქტურების და არა რუსეთის მთავრობის ინიციატივით და ამიტომ მოსკოვს არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრება. ასეთ ახსნას თბილისში არასერიოზულად მიიჩნევენ და ვარაუდობენ, რომ სარკინიგზო მიმოსვლა აფხაზეთსა და რუსეთს შორის ვერ განახლდებოდა კრემლის სანქციის გარეშე.
საქართველოს ხელისუფლება ისევ ადანაშაულებს რუსეთს კავკასიაში სეპარატიზმის ხელშეწყობასა და ორმაგი სტანდარტების პოლიტიკის გატარებაში და აპირებს რუსეთს საერთაშორისო ორგანიზაციებში უჩივლოს.”


როგორც 14 სექტემბრის გაზეთი “კომერსანტი” წერს, “მოსკოვი ჯიუტად ცდილობს, რომ არ დაუთმოს ვაშინგტონს ლიდერობა ამიერკავკასიაში.”
გაზეთის თქმით,

“ამ პროცესის მსვლელობაში მიმდინარეობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ფაქტობრივი და ფარული მიერთება რუსეთთან, რაც საუკეთესოდ უნდა ჯდებოდეს რუსეთის პრეზიდენტის “დერჟავულ შემადგენელში”. ამით იგი აჩვენებს, რომ არა მხოლოდ არ დაუშვებს კავკასიის აფეთქებასა და რუსეთის დაშლას, არამედ ყოველმხრივ შეეცდება რუსეთს ახალი მიწები შესძინოს. ხოლო ის, რომ თვით საქართველოში ეს აღშფოთებას გამოიწვევს და იქ ფაქტობრივ ანექსიასა და საერთაშორისო სამართლის დაზღვევაზე ისაუბრებენ, მის ჩანაფიქრზე არანაირ გავლენას არ მოახდენს.
საერთოდ, რუსეთის ლიდერისთვის, რომელიც უფრთხილდება თავის პოლიტიკურ ჯანმრთელობასა და პოლიტიკური დღეგრძელობის იმედიც აქვს, საქართველო იქცევა იმ წამლად, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს მას მოულოდნელად გაჩენილი ავადმყოფობის დაძლევაში.”
XS
SM
MD
LG