Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთაწმინდაზე ლუნა პარკი გაშენდება


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მთაწმინდის პარკის ტერიტორია 49 წლიანი იჯარით ქართულ კერძო ფირმას გადაეცა. შპს ”ლინქსი” მერიის მიერ გამოცხადებულ

ტენდერში ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელსაც იჯარით გადაეცა მთაწმინდის პარკი. რა სამუშაოები ჩატარდება მთაწმინდაზე და რა ოდენობის ინვესტიციები ჩაიდება დასასვენებელი პარკის აღორძინებისათვის?

ამ დღეებში თბილისის მერიამ ოქტომბრის თვეში ჩატარებული ტენდერის შედეგები გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც დედაქალაქის მთაწმინდის პარკის ტერიტორია და იქ არსებული შენობები 49 წლიანი იჯარით ქართულ კომპანია „ლინქს“ გადაეცემა. შპს „ლინქსი“, რომელიც 2002 წლის 9 იანვარს 2,000 ლარიანი საწესდებო კაპიტალით დაარსდა, ტენდერის ერთადერთი მონაწილე აღმოჩნდა. ეს ფირმა ცნობილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის ერთ-ერთ კომერციულ სტრუქტურად აღიქმება. კომპანიის მიერ ვალდებულებების შესრულების გარანტიასაც სწორედ პატარკაციშვილი იძლევა. ბიზნესმენი ბოლო პერიოდში აქტიურად მონაწილეობს ქვეყანაში კულტურულ-დასასვენებელი ობიექტების აღდგენაში და მთაწმინდის პროექტიც ამ საქმიანობის გაგრძელებაა.

„ლინკსის“ დირექტორი გოგი ჯაოშვილი მთაწმინდაზე განაშენიანების სამუშაოების დაწყებას უახლოეს თვეებში ვარაუდობს.

[გოგი ჯაოშვილის ხმა] “კონკურსის პირობებით გათვალისწინებული არის 5 წლის განმავლობაში 5 მლნ. აშშ დოლარის ინვესტირება, მაგრამ, როგორც წინასწარი გათვლები გვიჩვენებს, მისი რეალური ღირებულება იქნება 10-12 მილიონი დოლარი. ჩვენი ფირმა მზად არის ამ ინვესტიციისათვის და უახლოეს ხანში დავიწყებთ სამუშაოებს. ჯერ დეტალური პროექტი მზადდება, დეტალები ზუსტდება და რამდენიმე თვეში დავიწყებთ იქ პარკის გაშენიანებას. აქ იქნება ლუნა პარკი და მთელი კომპლექსი, რაც დამახასიათებელია ასეთი ობიექტებისათვის. ყველაფერი იქნება ევროპულ დონეზე.”

მთაწმინდის პარკის საიჯარო გადასახადი წელიწადში 220,000 ლარს შეადგენს. მომავალი წლის საიჯარო გადასახადი “ლინქსს” უკვე გადახდილი აქვს. საინტერესოა, რომ ინვესტიციები და პარკის მენეჯმენტი, ძირითადად, ქართული იქნება, მაგრამ აქვე პარტნიორად ამერიკული Bau Studio-ს იტალიური ფილიალი გამოვა, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჩაატარებს.

მთაწმინდის პარკი, რომელიც თბილისელებისა და დედაქალაქის სტუმრების ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ დასასვენებელ და გასართობ ადგილს წარმოადგენდა, ბოლო 10-12 წლის განმავლობაში სრულიად გაპარტახდა. შპს მთაწმინდის პარკი, რომელიც 212,901 კვ. მეტრ პლატოს ტერიტორიას და 404,050 კვ მეტრ მწვანე ნარგავების ზონას მოიცავს, მასზე განლაგებული 40-მდე ობიექტით, მთლიანად თბილისის მერიის საკუთრებაშია. საბაგირო გზა და ტრამვაი კი ასევე მერიის ორგანიზაცია „თბილბაგირტრანსს“ ეკუთვნის.

„ლინქსი“ მთაწმინდის პარკში სამი ზონის მოწყობის ვალდებულებას იღებს. ესენია: ლუნა პარკი, სადაც დასასვენებელი ადგილი იქნება, საბავშვო პარკი, სადაც 5-10 ატრაქციონი დამონტაჟდება და ადმინისტრაციული შენობების მომსახურების პარკი.

პარკის აღსადგენად ინვესტორები ვალდებულებას იღებენ განახორციელონ პარკის ზონის რეაბილიტაცია, 2 წლის განმავლობაში აღადგინონ ტრამვაის ხაზი, ხოლო 7 წლის განმავლობაში - საბაგირო გზა, რომლებიც ახლა აღარ ფუნქციონირებს. პარკში შესვლა, ინვესტორთა განცხადებით, უფასო იქნება.
XS
SM
MD
LG