Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საეკლესიო მშენებლობები და ფულის გათეთრება


თბილისში ელიას მთაზე აღმართული წმინდა სამების საკათედრო ტაძარი სიდიდით პირველია და საქართველოში მას ბადალი არ მოეძებნება. ტაძარი 2004 წლის 23 ნოემბერს,

საძირკვლის კურთხევის დღიდან ზუსტად 9-წლის თავზე, გაიხსნა და, გავრცელებული ინფორმაციით, მის მშენებლობაზე 40 მილიონი დოლარი დაიხარჯა. თუმცა ზუსტი ციფრები მაინც არ სახელდება. პარალელურად, საქართველოში ხშირად საუბრობენ იმაზეც, რომ ეკლესიების ბოლო დროს გააქტიურებულ მშენებლობებზე არცთუ სინდისიერად ნაშოვნი ფული იხარჯება და ამგვარად თეთრდება ხოლმე. აქვს თუ არა უფლება სახელმწიფოს, გადასინჯოს საეკლესიო მშენებლობებზე დახარჯული თანხების წარმოშობა?

(ისმის საგალობელი)

23 ნოემბერს, გიორგობა დღეს, ელიას მთაზე სამების საკათედრო ტაძრის ამოქმედება ნამდვილ დღესასწაულად იქცა. ამ დღეს მრევლი საქართველოში 9 წლის განმავლობაში ელოდა. სამების ტაძრის მასშტაბი, მართლაც, შთამბეჭდავია: სიმაღლე - 101 მეტრს, სიგრძე - 70, ხოლო სიგანე 64 მეტრს შეადგენს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ საუკუნის მშენებლობაზე 40 მილიონი დოლარი დაიხარჯა და რომ ყველაზე მსხვილი ინვესტორი საკუთარი სახელის აფიშირებას ერიდება. მაგრამ რადგანაც საქართველოში დამალული არაფერი რჩება, მისი ვინაობაც სწრაფად გახმაურდა. თუმცა ზუსტი ციფრები მაინც არ სახელდება.

ამ კონკრეტულ ბიზნესმენთან კავშირში ყველაფერი ნათელია, მაგრამ, ზოგადად, საქართველოში ბევრს საუბრობენ ბოლო დროს გააქტიურებული საეკლესიო მშენებლობების შესახებ და სვამენ შეკითხვებს ამ საქმეზე დახარჯული ფულის წარმოშობასთან დაკავშირებით.

როგორც თავისუფლების ინსტიტუტის იურისტი გიორგი მელაძე აღნიშნავს, ამ სფეროში საკმაოდ დიდი გაუგებრობაა:

(გიორგი მელაძის ხმა) ”ახლა არანაირად არ არის მოწესრიგებული. იმიტომ ვამბობ, რომ სრული გაურკვევლობაა. მაგრამ, სამწუხაროდ, არ არსებობს გამჭვირვალობის მექანიზმები, რომ რამე გავარკვიოთ.”

რა დოზით აქვს უფლება სახელმწიფოს დაინტერესდეს ეკლესიების მშენებლობის თემით?

(გიორგი მელაძის ხმა) ”ახლა, სახელმწიფო რომ მივიდეს და პირდაპირ უთხრას, ასეთი ეკლესია არ ააშენო ან ასეთი ააშენეო, - ამის უფლება არა აქვს. არც რაოდენობა შეიძლება განსაზღვროს - რამდენი აშენდეს და რამდენი - არა. უბრალოდ, ქონების წარმოშობით შეიძლება დაინტერესდეს, ხომ არ არის ეს კორუფციის ან სხვა დანაშაულებრივი გზით ნაშოვნი ქონება, დიახ - ფული. ასევე - დადებულია თუ არა, ვთქვათ, უკანონო გარიგება.”

იურისტი დავით უსუფაშვილი სახელმწიფოს მხრიდან საეკლესიო მშენებლობის ერთგვარი კონტროლის ორ ხერხს ასახელებს:

(დავით უსუფაშვილის ხმა) ”ჯერ ერთი, მშენებლობას, როგორც ასეთს, აწარმოებენ სამშენებლო კომპანიები. შესაბამისად, სამშენებლო კომპანიების საგადასახადო საბუთების შემოწმება ისევე შეუძლია საგადასახადო ინსპექციას, როგორც ნებისმიერი სხვა მშენებლობისა, ანუ - თავად მშენებლობა რა დაჯდა, დამკვეთი ვინ იყო და ასე შემდეგ - ეს ერთი. მეორე - ეკლესია როდესაც გამოდის სამოქალაქო ურთიერთობებში (როდესაც იგი ყიდულობს რაიმეს, ან - აშენებს რაიმეს), იგი არის იურიდიული პირი, საპატრიარქოს სახით, და მასზე ვრცელდება ჩვეულებრივი სამოქალაქო კანონმდებლობა.”

რაც შეეხება შემოწირულობების განკარგვას:

(დავით უსუფაშვილის ხმა) ”ეს თავად ეკლესიის შიდა საქმეა და ეს მათი გადასაწყვეტია. ამაში სახელმწიფო ვერ ჩაერევა.”

და ამ შემთხვევაში ყველაფერს დაუწერელი კანონი არეგულირებს:

(დავით უსუფაშვილის ხმა) ”ბევრი რამ უფრო მორალისა და ნდობის საფუძველზე რეგულირდება, ვიდრე - კანონით, როდესაც კერძო შემოწირულობებთან გვაქვს საქმე.”

ასეა თუ ისე, საქართველოში ჯერჯერობით კვლავაც ბუნდოვანია კრიმინალური გზით ნაშოვნი ფულის ინვესტირების საკითხი და მათ შორის - საეკლესიო მშენებლობებთან დაკავშირებითაც. რეალობა ცხადყოფს, რომ შავი ფულის გათეთრება ნებისმიერ სფეროშია შესაძლებელი. და მეტიც, ჩვენს გაჭირვებულ ქვეყანაში ამგვარი ფულის მხარჯველს ხშირად ლამის ერის მამადაც კი მოიხსენიებენ.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG