Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამი კრიტერიუმი თანამდებობისთვის


თამარ ჩიქოვანი, თბილისი პატრიოტიზმი, კომპეტენტურობა და პატიოსნება - პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, ეს ის სამი კრიტერიუმია,

რომლის საფუძველზეც ხელისუფლება საკადრო პოლიტიკას აწარმოებს. პრეზიდენტის განცხადებით, ამ სამ კრიტერიუმს იდეალურად შეესაბამება რეფორმებისა და განვითარების ფონდის ხელმძღვანელი კოტე კუბლაშვილი, რომელიც შაბათს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე ოფიციალურად წარადგინეს. რამდენად აკმაყოფილებენ თანამდებობის პირები მაღალი თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ კრიტერიუმებს?

შაბათს, 19 თებერვალს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ვინაობა გაირკვა: სავარაუდოდ, პრეზიდენტის მიერ დასახელებულ კანდიდატს, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორს კოტე კუბლაშვილს პარლამენტი მომავალ კვირას მხარს დაუჭერს.
კოტე კუბლაშვილი მიხეილ სააკაშვილის იუსტიციის მინისტრობისას მისი მოადგილე გახლდათ. ნოემბრის მოვლენების შემდეგ ერთბაშად რამდენიმე მნიშვნელოვან თანამდებობას უთავსებდა ერთმანეთს. დღემდე იგი რეფორმებისა და განვითარების ფონდის ხელმძღვანელია. სწორედ ამ ფონდიდან ფინანსდებოდა და ფინანსდება ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირთა დანამატები. პარალელურად, კოტე კუბლაშვილი ხელმძღვანელობს უმაღლეს სასწავლებელთა აკრედიტაციის სახელმწიფო კომისიას, იყო სახელმწიფო ტელევიზიის საზოგადოებრივ ტელევიზიად გარდაქმნის დროებითი საბჭოს წევრი, არის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების კონცეფციის ერთ-ერთი ავტორი.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, კოტე კუბლაშვილი იდეალურად აკმაყოფილებს კადრების შერჩევის სამ კრიტერიუმს - პატრიოტიზმს, კომპეტენტურობასა და პატიოსნებას.

ვინაიდან პატრიოტიზმის და პატიოსნების შეფასებისას, შესაძლოა, სხვადასხვა საზომის გამოყენება, თანამდებობაზე დანიშვნის კიდევ ერთს - კომპეტენტურობას - მივაპყრობ თქვენს ყურადღებას. მით უფრო, რომ, წინა ხელისუფლების მსგავსად, როგორც ჩანს, საკადრო პოლიტიკა ახალი ხელისუფლებისთვისაც აქილევსის ქუსლად რჩება:

[ვანო მერაბიშვილის ხმა] "მე არ ვთვლი, რომ მინისტრი უნდა იყოს ყველაფრის პროფესიონალი, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემ მოადგილეებს, ჩვენი დეპარტამენტების ხელმძღვანელების დიდ უმრავლესობას არა აქვს დიდი გამოცდილება, მე მიმაჩნია, რომ ძალიან ბევრი პროფესიონალი დავტოვეთ ამ სტრუქტურაში სამუშაოდ. მაგრამ ისიც უნდა გითხრათ, რომ დიდი გამოცდილება არც ჩვენს წინამორბედებს ჰქონდათ...“ (სტილი დაცულია)

ეს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი გახლდათ, რომელმაც შაბათს პრესკონფერენცია გამართა და არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა - მაგალითად, იმაზე, რომ დაკავებისას ეჭვმიტანილებს პოლიცია წაუთაქებს ხოლმე, მაგრამ ახალი ხელბორკილების პარტიის შემოტანის შემდეგ ცემის ფაქტები, ალბათ, შემცირდება; იმაზე, რომ კარგად მომზადებული ადამიანები ჯერჯერობით ვერ ბედავენ განახლებულ პოლიციაში მუშაობის დაწყებას და იმაზეც, რომ მინისტრობა საკმაოდ დამღლელი რამ ყოფილა. ყოველივე ამის მოსმენის შემდეგ კი საზოგადოებაში, ალბათ, აღარ გაჩნდება კითხვა, ბოლო ერთი წლის მანძილზე რატომ გაიზარდა საქართველოში დანაშაულის რაოდენობა ორჯერ.
XS
SM
MD
LG