Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ელის ჩეჩნეთს ასლან მასხადოვის შემდეგ?


8 მარტს გავრცელდა ცნობა, რომ ჩეჩნეთის სოფელ ტოლსტოი-იურტში რუსეთის უშიშროების ძალების სპეცოპერაციის შედეგად მოკლულ იქნა ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩკერიის პრეზიდენტი ასლან მასხადოვი.

რუსეთის ხელისუფლებამ ამ აქციას დიდი გამარჯვება უწოდა.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სპეცოპერაციაში მონაწილე სამხედრო პირები სახელმწიფო ჯილდოზე წარადგინა. რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ, ბორის გრიზლოვმა თქვა, რომ, "საერთაშორისო მასშტაბის ტერორისტის" განადგურებით ბევრად ნაკლები იქნება ბოროტება.

მართლა არის თუ არა მასხადოვის სიკვდილი მოსკოვის გამარჯვება და შეუწყობს თუ არა ეს ხელს ამბოხებულ რესპუბლიკაში ვითარების მოგვარებას?

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ რუსეთის ხელისუფლების პოზიცია ეჭვს იწვევს. ჩეჩენ მეამბოხეთა შორის მასხადოვი იყო ერთადერთი გავლენიანი ფიგურა, რომელთან საუბარი ჯერ კიდევ შეეძლო კრემლს. სხვათა შორის იგი ერთი თვის წინ გამოვიდა მორიგი სამშვიდობო ინიციატივით, ცალმხრივი წესით გამოაცხადა ზავი და მოსკოვს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა შესთავაზა.
მასხადოვის ხმა 30 წუთზე

იბადება კითხვა: მასხადოვის წინააღმდეგ განხორციელებული სპეცოპერაცია ხომ არ ყოფილა მოსკოვის პასუხი მის სამშვიდობო ინიციატივაზე.

[დუკაევის ხმა] "ჩემის აზრით, მასხადოვის მკვლელობა არ არის დაკავშირებული მოლაპარაკებების თაობაზე მის უკანასკნელ ინიციატივასთან. მასზე დიდი ხანია ნადირობდნენ რუსეთის სპეცსამსახურები და უშიშროების ძალები. ვფიქრობ, ამ ხანგრძლივი მცდელობების შემდეგ ბოლოს და ბოლოს მოახერხეს ეს," ასე ფიქრობს ჩვენი რადიოს ჩრდილო-კავკასიური რედაქციის დირექტორი ასლან დუკაევი.

მასხადოვის მასტაბილიზებელ როლში ექსპერტები ორ ასპექტს გამოყოფენ. იგი ჩეჩენ ხალხში ყველაზე დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, როგორც 1997 წელს არჩეული პრეზიდენტი და, რაც არა ნაკლებ მნიშვნელოვანია, მასხადოვი საბჭოთა პერიოდის სამხედრო იყო, გარკვეული თვალსაზრისით საბჭოთა მენტალიტეტი ჰქონდა და მას რუსეთის ხელისუფლებასთან ურთიერთობის მეტი შესაძლებლობები ჰქონდა, ვიდრე ახალგაზრდა ჩეჩენ საველე მეთაურებს.

მოუსმინეთ ჩვენი რადიოს რუსული რედაქციის თანამშრომელს, ანდრეი ბაბიცკის: [ბაბიცკის ხმა] "მიუხედავად იმისა, რომ მასხადოვი არ ყოფილა რეალური სამხედრო ფიგურა - იგი არ ყოფილა სამხედრო სარდალი, არ ყოფილა სამხედრო მეთაური ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობით - იგი რჩებოდა პოლიტიკურ ემბლემად, რჩებოდა ჩეჩენთა წინააღმდეგობის ლეგიტიმურობის წყაროდ. და, ცხადია, მისი ფიგურა რადიკალიზმის შემაკავებელ ფუნქციას თამაშობდა წინააღმდეგობის მოძრაობისთვის, რომელსაც იგი დუდაევის ტრადიციებს უკავშირებდა - უკავშირებდა სეპარატიზმის, მაგრამ არა რადიკალური ისლამის ლოზუნგებს. რადიკალური ფრთა ანგარიშს უწევდა იმას, რომ მასხადოვის სახით არსებობდა ფიგურა, რომელიც მოითხოვდა ჟენევის კონვენციების დაცვას, რომ ნაკლები ყოფილიყო ანტიდასავლური რიტორიკა. წინააღმდეგობას, რომელიც მთლიანობაში მაინც ბასაევს ემორჩილებოდა, აცნობიერებდა, რომ შენარჩუნებული უნდა ყოფილიყო გარკვეული გახსნილობა დასავლეთის მიმართ."

ვინ შეიძლება შეცვალოს მასხადოვი და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს სცენიდან მის წასვლას? ჩვენი რადიო ლონდონში ტელეფონით დაუკავშირდა ასლან მასხადოვის ოფიციალურ წარმომადგენლს, აჰმედ ზაკაევს.

[ზაკაევის ხმა] "შეიცვლება თუ არა ტაქტიკა და მეთოდები? ვფიქრობ და ვშიშობ, რომ ასე მოხდება, ვინაიდან მასხადოვი, მიუხედავად კრემლის სრულიად დაუსაბუთებელი ბრალდებებისა, შემაკავებელი ფაქტორი იყო. იგი აკავებდა ამ რადიკალურად განწყობილ ძალებს... და ამ შემთხვევაში მასხადოვის დაღუპვა მათ კანონიერი პრეზიდენტის მიმართ მორალური პასუხისმგებლობებისგანაც ათავისუფლებს."

მოსკოვი ჩეჩნეთში ებრძვის ორ ძალას, რომელთა მეთოდები და მიზნებიც კი განსხვავდება ერთმანეთისგან. მასხადოვი თუ ჩეჩნეთის გარკვეული პოლიტიკური სტატუსისთვის იბრძოდა. უკანასკნელ წლებში ამ მიდგომას სულ უფრო და უფრო ნაკლებად ემხრობიან შამილ ბასაევის გარშემო შემოკრებილი რადიკალური ძალები, რომლებიც პანისლამური იდეებით ხელმძვანელობენ.

რა პერსპექტივა ელის ჩეჩნეთს მასხადოვის გარეშე?

კვლავ ანდრეი ბაბიცკის მოუსმინეთ. [ბაბიცკის ხმა] "მე მგონია, რომ მოსკოვი ძალიან სერიოზულად დამარცხდა. ჩემის აზრით, კრემლმა, უბრალოდ, არ დაიტოვა კულისებს მიღმა მანიპულირების საშუალებაც კი. დღეისთვის ერთადერთი ვარიანტი არსებობს - ომი."
XS
SM
MD
LG